"ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან" - კვირის პალიტრა

"ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან"

"საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო"

2019 წელი მისი საიუბილეო წელიწადია - მალე 80 წლის გახდება. რაც მთავარია, მხნედ არის და მისი შემოქმედებაც მუდამ აქტუალურია, რადგან დღემდე სხვადასხვა თაობის ადამიანების უდიდეს ინტერესს იწვევს, და არა მარტო საქართველოში. ახლახან ახალი კრებული წარუდგინა ქართველ საზოგადოებას. ერთი წლის წინ ლიტერატურის დიდმა დამფასებელმა, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა სოციალური ქსელში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოფინა წარწერით: გერმანელებმა მას "პოეზიის ლეგენდა" უწოდეს, ჩემთვის ყველაფრის ლეგენდააო. ზუსტად 9 წლის წინ, 2010 წლის ოქტომბერში ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს ლიტერატურის დარგში. თავად თავის ნაწარმოებებს "ცხოვრებაში შესატყუებელ წიგნებს" უწოდებს, სამყაროსაც წიგნს უწოდებს, ადამიანს - "მნიშვნელოვან ნაწარმოებს" და საკუთარ თავსაც, თითქოს, წიგნივით კითხულობს. სახელგანთქმული მწერალი - პოეტი და პროზაიკოსი ბესიკ ხარანაული თავის მშობლიურ თიანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია, რომელიც მშობლიურ კუთხეს ახლაც ხშირად სტუმრობს. მასთან საუბარიც სწორედ მთითა და სოფლით დავიწყეთ.

- ჩვენთან, საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო. მთელ დედამიწაზე, მაგალითად, თბილისი უფრო ჰგავს სხვა ქალაქებს, ვიდრე ჩვენი სოფელი - სხვა სოფლებს. არა მარტო ცხოვრების პირობებით, არამედ - მეურნეობის მოწყობითაც კი ჩვენში ქალაქსა და სოფელს შორის არც არის დიდი სხვაობა. ახალი მოწყობა სჭირდება ჩვენს სოფლის მეურნეობას. გზები უნდა გამოინახოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ზედმეტად არ იწვალოს. მაგალითად, ჩემს სოფელში დღეს თითო-ოროლა ბავშვი თუ დარბის. აღარავის გვინდა, ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა სოფელს შემორჩეს. მისთვის მოღუშულ და მოწყენილ ცხოვრებას ხომ ვერ ვისურვებთ? ახალგაზრდას განვითარება სჭირდება. ჩვენი სოფლების მეურნეობაც ისეთია, ვერ უწყობს თანამედროვეობას ფეხს. ამიტომაც ვერ ჩერდებიან იქ ახალგაზრდები და თუ ჩერდებიან - სვამენ. არც არავინაა დამშლელი. გული მტკივა, რომ ვუყურებ, ნაშოვნი ერთი-ორი თეთრით სმას და უსაქმურობას როგორ ამჯობინებენ, არადა, რამდენი საქმეა იქვე, მათ გვერდით.

ხალხი საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ჩვენიდან ქალების ყველაზე დიდი პროცენტია წასული საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ისრაელში. ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან. ფაქტობრივად, მაინც ეკლესია დგამს ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ ხალხი გაჯანმრთელდეს და გამრავლდეს. რა არის, იცი? ეკლესია თავის მრწამს ეფუძნება, ჰოდა, საერო ცხოვრებაში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ბევრს უნდა ინდომებდნენ, რაიონებსა და სოფლებში ჩამკვდარი ენთუზიაზმი რომ გააღვიძონ.

ძალიან კარგია, "მთის კანონი" რომ გვაქვს, რაღაც-რაღაცებიც კეთდება სოფლების განვითარებისთვის, მაგრამ... რა მგონია, იცი? ხალხს საქმე გააერთიანებს, შეკრავს. ჩვენი წინაპრებიც ხშირად კონკრეტული მიზეზის გამო ერთპირად შეიკვრებოდნენ, კომუნის მსგავს რაღაცებს ქმნიდნენ და ერთ საქმეს აკეთებდნენ. ახლა რაც გინდა დაუწერე, არაფერი გამოვა, თუკი ხალხმა თვითონ არ აირჩია გზა. მხოლოდ ფული რომ ურიგო, იმათ ვერ მოაჭარბებ და ვერც გულს მოუგებ, საქმესაც არ გააკეთებენ და ვერც შედეგს მიიღებ...

- ბატონო ბესიკ, თქვენს ნაწარმოებში "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის" წერთ: "უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო". თქვენ თვითონ შეძელით "დაბადება"?

- კარგად მითქვამს. თითქოს ხანმოკლეა ცხოვრება, მაგრამ ძალიან გრძელია ამავე დროს. იმდენად, რომ მაგალითად, მაგის გვერდით შეიძლება კიდევ სხვა წიგნი დაიდოს და რომ გაჰყვე ქრონოლოგიურად, კიდევ ერთი წიგნი გამოვა. ასევე, ადამიანის გზა ყოფილა ძალიან რთული და არაერთგვაროვანი იმიტომ, რომ ადამიანი უფრო ნიჭიერია, ეტყობა, ვიდრე - მისი რაიმე აზრი. ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ადამიანს არ შეეძლო ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული აზრის თქმა, თუნდაც, რამდენჯერმე მისი განსხვავებულად დანახვა. არადა, ეს ადამიანში არის, იოლად ვემორჩილებით ხოლმე ჩვენ ემოციებს: ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანს დღეს მოვიწონებთ, მერე რაღაც უარყოფითს აღმოვაჩენთ და აზრი გვეცვლება, მერე კვლავ მოგვეწონება... ვფიქრობ, ადამიანის ნიჭში ძალიან ბევრი ფურცელია ერთი და იმავე საგნის, ამბისა და თავგადასავლის შესახებ. მაგალითად, ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც ამოწურა. სწორედ ახლა, თქვენთან საუბარში გავხედე ამ წიგნს და აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არაა იქ ამოწურული - ის ხომ იმიტომ დავწერე, რომ რაღაცისგან გავთავისუფლებულიყავი!

სხვათა შორის, ჩემს წიგნში - "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა" ერთი ეპიზოდი არის, ცოცხებიანი ჯოროსნები რომ გამოდიან. ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მკვეთრი მოგონებაა, თითქოს ბუნდოვანიც: ხანდახან არც მჯეროდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მართლა იყო თუ არა-მეთქი? ბავშვობის ეს მკვეთრი ეპიზოდი თავისი ბუნებით ისეთია, "ეპიგრაფებში" უნდა შესულიყო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად საფარველი დაედო და მერე, როდესაც გამახსენდა, გამიკვირდა, ეს რამ დამავიწყა-მეთქი? ესე იგი, იმიტომ დამავიწყდა, რომ მერე გამხსენებოდა... ცხოვრების მოკვლაზე რომ ვლაპარაკობ, თითქოს იქ მოვკალი რაღაც, სიცოცხლისთვის მოვკალი. სულ არ ვნანობ, რომ ეგ წიგნი დავწერე: ჩემი ეგოისტური თვალსაზრისით, ამით რაღაცისგან გავთავისუფლდი. ბავშვობის ერთი ფოტო მაქვს, სადაც ჩაცმულობით განსაკუთრებით ჩანს ჩემი იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, მუხლებზე წიგნი მიდევს და იგრძნობა, რომ კულტურულ გარემოში ვიზრდებოდი, თითქოს ჯოკონდას ღიმილი დამთამაშებს სახეზე (იღიმის)... ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ბავშვობის წინაშე არის პასუხისმგებელი: გვირგვინის დადგმაზე კი არ უნდა იფიქრო, "იმას" - შენს ბავშვობას არ უნდა გაუმრუდო ცხოვრება, არ უნდა უღალატო, რადგან ის არის ჩვენი სირცხვილიცა და გამარჯვებაც. გაგრძელება