"არ ვიცი, რატომ დაგვასახელა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რატომ დაგვასახელა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

"ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ - ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას, როგორც გომელაურმა განაცხადა, ამაზე განცხადება გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.

"ძალიან მოკლედ გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მანვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს კომუნიკაცია მეუფე იაკობთან და რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ამგვარ განცხადებებს.

"ეს ჰკითხეთ მეუფე იაკობს. დანაშაულებრივი თუ გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს, გამოძიება დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა ვთქვა ახლა - ან დაიწყოს, ან არ დაიწყოს? ის თემა, რომ დამასახელა, არ ვიცი, დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი, მე და არ ვიცი, რატომ დაგვასახელა. კომუნიკაცია როგორ არ მაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და როგორ არ ვიცნობ არა მარტო იაკობს, არამედ ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაული, ბევრჯერ შევხვედრივართ", - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"