საქართველოს პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს აცხადებს - კვირის პალიტრა

საქართველოს პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს აცხადებს

საქართველოს პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს.

როგორც პირველი არხის განცხადებაშია ნათქვამი, არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

"მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხი ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას", - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "პალიტრა მედიამ" აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარი 2016 წლის 15 თებერვლიდან თქვა. "პალიტრა მედია" საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამირებაზე.

"ინტერპრესნიუსი"