"ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ, დამარცხებულს დანარჩენები სიცილს დააყრიან ხოლმე" - კვირის პალიტრა

"ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ, დამარცხებულს დანარჩენები სიცილს დააყრიან ხოლმე"

ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობისთვის 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა. მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს და ამისთვის თავდაუზოგავად ემზადება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ცელქი ბავშვი ვიყავი. სხვა გოგონები თუ თოჯინებით თამაშობდნენ, მე თოფები მომწონდა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. 8 წლისამ, თანატოლებთან ერთად ძიუდოს წრეზე შესვლა გადავწყვიტე. მომეწონა და ვთქვი, რომ ბოლომდე გავყვებოდი. ძიუდოზე მაშინ მხოლოდ ბიჭები დადიოდნენ, გოგო მარტო მე ვიყავი..."

"ჩემი ძმაც ძიუდოზე დადიოდა. ერთხელ სვანეთში შეჯიბრება გაიმართა, ერთმანეთს შევხვდით, მოვუგე და გაბრაზებულმა საერთოდ დაანება თავი ჭიდაობას, თორემ მასაც კარგი მონაცემები ჰქონდა. ისე, ბიჭებთან ხშირად ვიგებდი, ბევრი მედალიც ამიღია..."

"მამა თანახმა იყო, დედას უფრო გაუჭირდა შეგუება. ჭიდაობას თავი დაანებე და რამე უფრო ნაზ სახეობას გაჰყევიო, ყველა მეუბნებოდა (იცინის). ერთხანს ცეკვის წრეზეც შევედი, მაგრამ მივხვდი, არ იყო ჩემი საქმე. რაღაც პერიოდში მართლაც შევწყვიტე ვარჯიში, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი და ისევ დავუბრუნდი..."

"რადგან ჩემს წონით კატეგორიაში გოგონები არ არიან, ხშირად მიწვეს მათთან ვარჯიში, თუმცა ფედერაცია მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და საზღვარგარეთ ვახერხებთ მოსამზადებლად წასვლას. ზოგი მინდობს, მაგრამ უმეტესობა ისე მიყურებს, როგორც სპორტსმენს და არა - როგორც ქალს. ასე უფრო სწორია. ზოგჯერ ისინი გვჯობნიან, ზოგჯერ ჩვენ ვუგებთ. ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ, დამარცხებულს დანარჩენები სიცილს დააყრიან ხოლმე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი