"ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე" - კვირის პალიტრა

"ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე"

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო, - ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

"დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე. დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა", - განაცხადა წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, წმინდა სინოდმა განაჩინა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

"ინტერპრესნიუსი"