ვაშლის წვიმა ხულოში
"რეგიონში ვაშლის საუკეთესო მოსავლი ხულოში მოდის. ამას ხელს უწყობს ვაშლისთვის ხელსაყრელი ყომრალი ნიადაგი და ჰავა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის მშრალი კლიმატი სუბტროპიკულს კვეთს"
ვაშლი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული კულტურაა, ამავე დროს, ყველაზე სასარგებლოც. ის მუდამ გადიოდა უცხოეთში. ვაშლის ჯიშები ბოლო დროს საფუძვლიანად გაახლდა - ქვეყანაში ახალი, ინტენსიური ჯიშები და ბაღები გაშენდა, რომელიც მაღალი მსხმოიარობით გამოირჩევა და დამატებითი მოვლაც სჭირდება. ამგვარი ინტენსიური ბაღები დიდი სიმდიდრეა ქვეყნისა და ფერმერებისთვის, თუმცა მათ გვერდით არსებობს მართლაც უნიკალური ქართული ვაშლის ჯიშები, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში, საიდანაც გლეხს არც მისი ჩაბარების საშუალება აქვს და არც ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა, რომ ბაზრამდე მიიტანოს. არადა, ტრადიციული ქართული ჯიშების ნაყოფი ეკოლოგიურად სუფთა და თანაც გემრიელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის რეგიონები, სადაც ტრადიციულ ვაშლს არ აფუჭებენ. მაგალითად, რაჭაში არის ხილის საშრობი ქარხანა, რომელიც ადგილობრივ ვაშლს აგროვებს, ახმობს და ჩირად გააქვს უცხოეთში. ქართულ ვაშლს ოჯახისთვის შემოსავალი მოაქვს აჭარაშიც. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის უფროს სპეციალისტს, რესან ჩოგაძეს ხულოში საუკეთესოდ მსხმოიარე ვაშლი აქვს, რომელსაც გიდელათი ისევე კრეფენ, როგორც გურიაში ხეზე "გასულ" ყურძენს...
- დასავლეთ საქართველოს ვაშლი მართლაც ცოტა "დაჩაგრულია". აღმოსავლეთ საქართველოდან უფრო ხდება ვაშლის იმპორტირება და ეს კარგი ამბავია, თუმცა, როგორც სპეციალისტი, ვიტყვი, რომ დასავლეთ საქართველოს ვაშლი საუკეთესოა. ბუნებამ ქვეყანაში ამ კულტურის გახარების პირობები მოგვცა. რაც შეეხება აჭარასა და მის ვაშლს, აჭარის ნესტიანი ზონა ვაშლის ყველა ჯიშისთვის არ არის ხელსაყრელი, მაგრამ ზოგიერთი ჯიში ისევე ხარობს, როგორც მთელ საქართველოში. რეგიონში ვაშლის საუკეთესო მოსავლი ხულოში მოდის. ამას ხელს უწყობს ვაშლისთვის ხელსაყრელი ყომრალი ნიადაგი და ჰავა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის მშრალი კლიმატი სუბტროპიკულს კვეთს. ნებისმიერი ჯიშის ვაშლი კარგ მოსავალს იძლევა, მათ შორის - ანტონოვკა, სინაპი, კეხურა, გოლდენი, ბანანი, შაფრანი... ტრადიციულისგან განსხვავებული ჯიშებიც გვაქვს: ლიმონვაშლა და ფაშარვაშლა. რაც შეეხება გემოს, ამაზე სამეცნიერო ნაშრომები არ დაწერილა, მაგრამ გამოცდილებით, ტრადიციულ ქართულ ჯიშებში ხულოს ვაშლს გემოთი მხოლოდ ადიგენის ვაშლი სჯობს. წლეულს ხულოში ვაშლის არნახული მოსავალია.
- ვაშლის ბაღებს აღმოსავლეთ საქართველოში ყოველ სეზონზე სხლავენ და მავნებლებზე წამლობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბაღებისთვის ხელოვნური მორწყვის სისტემაც აუცილებელია. აჭარაში ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ ვაშლი საუკეთესოდ ისხამს. - ჩვენს ვაშლს მორწყვა და შეწამვლა არ სჭირდება, მაგრამ იმ ბაღებისთვის, სადაც ასეულობით ძირია, მავნებლისა და დაავადებებისგან დასაცავად შეწამვლა აუცილებელია. ზედმეტ ტოტებს ყოველ წელიწადს ვაჭრით. ეს გასხვლა არ არის, მაგრამ ვაშლს საშუალებას აძლევს, მეტი მოისხას. ჩვენს ვაშლს არც ნიადაგის მოხვნა სჭირდება შემოდგომით, თუმცა ამან, შესაძლოა, მისი მსხმოიარობა ზოგჯერ შეამციროს და ვაშლი ზოგჯერ მეწლეური გამოდგეს. "ნიადაგის გადაბრუნება" სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. ხშირად ხულოში ვაშლს მართლაც თვალისმომჭრელად ასხია და ასეა წლეულსაც.
ხულოში ტრადიციულად 3-დან 5 ტონამდე ვაშლი მოდის, წლეულს კი ამ წონას გადააჭარბებს. ნაყოფი, ცხადია, სრულად იკრიფება, მაგრამ ზოგჯერ გლეხი სიმაღლეზე ნაყოფს ვერ სწვდება და ტოტზევე ტოვებს. ზოგიერთი ჩვენი ვაშლი აპრილამდე საღად რჩება ტოტებზე. მერე, როცა ჩამოვარდება, შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც. მაგალითად, ასე საღად რჩება აპრილამდე დემირვაშლა, ბროცკი... ეს საგვიანო ვაშლები გახლავთ. ხულოსა და მთელ მაღალმთიან აჭარაში საადრეო ჯიშები, ფაქტობრივად, არ არის. ვაშლის პირველი მოსავალი შემოდის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში - ეს ე.წ. შამპანურის ჯიშის ვაშლია. ვაშლის ბოლო მოსავალი კი ოქტომბრის ბოლოს იკრიფება.
- სად იყიდება ხულოს ვაშლი? - ბათუმში, ბაზარში იყიდება. ბათუმის ბაზარი აჭარის ვაშლის მთავარი მომხმარებელია. რაც გვრჩება, ვინახავთ. საამისოდ ხულოში სარდაფებში ხის თაროები გვაქვს, მათზე დაწყობილი ვაშლი ნიავდება, არ ლპება და გაზაფხულამდეც ინახება, ასე რომ, ბუნებრივი მაცივრებიც გვაქვს და, რაც მთავარია, ჩვენი უგემრიელესი, სასარგებლო, ქართული ვაშლით ნებისმიერი სტუმრის გამასპინძლებაც შეგვიძლია.