"ნატო, მოდი და დაგვეხმარეს" ძახილი არაფერს გვარგებს" - ლიეტუვური გამოცდილება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ნატო, მოდი და დაგვეხმარეს" ძახილი არაფერს გვარგებს" - ლიეტუვური გამოცდილება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ

"ყველაზე მთავარი ის "საშინაო დავალებაა", რომელიც თავად ერმა უნდა შეასრულოს"

რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხე - რა ტაქტიკას ირჩევს კრემლი და როგორ დავუპირისპირდეთ მას? ბათუმში გამართულ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმზე ლიეტუვის ელჩს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით ეტვიდას ბაიარუნასს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რუსეთის მავნე გავლენასთან ბრძოლის ლიეტუვური ნოუ-ჰაუ გაეზიარებინა.

- დასაწყისისთვის ლიეტუვის გამოცდილებაზე ვისაუბროთ - როგორ ებრძვით ჰიბრიდულ საფრთხეებს?

- ტერმინი "ჰიბრიდი" თავისთავად ცოტა დამაბნეველია, რადგან თუ, მაგალითად, ხალხს შეეკითხებით ან გუგლში მოძებნით, რა არის ჰიბრიდი, პირველ პასუხად ჰიბრიდულ ავტომანქანებს მიიღებთ. თუმცა ეს ანალოგია ჩვენ, პროფესიონალებს არ გვაშინებს. პირიქით, ეს მშვენიერი მინიშნებაა - ჰიბრიდული ძრავა ნიშნავს, რომ შეგიძლია გამოიყენო როგორც ბენზინი, ასევე ელექტროენერგია და ვერც შეამჩნიო ეს ცვლილება. სწორედ ასევე მუშაობს ჰიბრიდული ომი - დეზინფორმაცია შეიძლება გაგრძელდეს კიბერშეტევებით, კიბერშეტევებს კი მოჰყვეს ე.წ. მწვანე კაცების შემოსევა, ან ყველაფერი ეს ერთდროულად, კომბინირებულად ხდებოდეს. ტერმინი "ჰიბრიდი" ახალია და მის შემოღებას უკრაინაში რუსეთის ოპერაციებს უნდა "ვუმადლოდეთ", მაგრამ თავად ტაქტიკა, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაერიო, წყალი აამღვრიო, მოწინააღმდეგე დაასუსტო და მოატყუო, ყოველთვის არსებობდა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახლა ამას რუსეთი სახელმწიფო დონეზე აკეთებს, ეს სახელმწიფო პოლიტიკად იქცა, გლობალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს. რაც შეეხება ლიეტუვის გამოცდილებას, ჩვენთან, ასე ვთქვათ, სამგანზომილებიანი მეთოდი არსებობს რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხის გასანეიტრალებლად: პირველი, რა თქმა უნდა, ის "საშინაო დავალებაა", რომელიც თავად ერმა უნდა შეასრულოს. ეს გარდაუვალია, არ შეიძლება ეს სხვას დაავალო. "ნატო, მოდი და დაგვეხმარეს" ძახილი არაფერს გვარგებს, არა, უნდა დავიწყოთ ჩვენი, საკუთარი საშინაო დავალების შესრულებით - კოორდინირებით, საფრთხეების შეფასებით, სამხედრო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით, ფაქტობრივად, თქვენი საზოგადოების გამძლეობა და შეუვალობა უნდა გაიზარდოს მსგავსი საფრთხეების მიმართ. მეორე მეთოდი ასევე მნიშვნელოვანია და დიდწილად "მიბმულია" პირველზე - ეს არის საზოგადოების მიდგომა ამ საკითხისადმი.

ჩვენ გავიაზრეთ, რომ თუ საზოგადოების თითოეულ წევრს არ ექნება გაცნობიერებული ეს საფრთხე, სამთავრობო ჩართულობა საკმარისი არ იქნება. [მზად უნდა იყოს] საზოგადოების თითოეული წევრი, ყველა ჩვენგანი. ლიეტუველებმა 90-იან წლებში უზარმაზარი საბჭოთა მანქანა დავამარცხეთ არა იმის ხარჯზე, რომ იარაღის იმედი გვქონდა - ჩვენ არც გვქონდა მაშინ იარაღი, მაგრამ ჩვენთან არსებობდა საზოგადოების მზადყოფნა და შეგნება.

90-იან წლებში ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, ჩვენთან იყო კა-გე-ბე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარები იდგნენ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გამძლეობამ თავისი გაიტანა - ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ჩვენი თავდაცვის მესამე ელემენტი ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობაა - არის რაღაც, რაც შენ თვითონ უნდა გააკეთო, და არის საკითხები, რომელთა ეფექტიანად გადასაწყვეტად პარტნიორებთან ერთად უნდა იმოქმედო. მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია: ლიეტუველი ან თუნდაც ვინმე ქართველი ატყობინებს "ფეისბუქს": იცით, უამრავი ანტიქართული ან ყალბი გვერდი არსებობს და იქნებ რაიმე იღონოთ? ეს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობაა. "ფეისბუქს", რა თქმა უნდა, თავისი წესები აქვს და ამის მიხედვით იმოქმედებენ. მაგრამ როცა საქმეში ერთვება ევროკომისია, აქ უკვე მოქმედებს წესების ჩარჩო, როგორიც, მაგალითად, გასულ წელს დაუწესეს "ფეისბუქს", "გუგლს", "ტვიტერსა" და სხვა სოციალური მედიის გიგანტებს. მათ უთხრეს - ეს ყალბი გვერდების პრობლემა უნდა გამოსწორდეს, თორემ მოგვიწევს რეგულაციები დაგაკისროთო.

ფაქტია, რომ ბრიუსელიდან ნათქვამი უფრო "ესმით", ვიდრე თბილისიდან ან ვილნიუსიდან.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობა.

ჩვენ წევრები ვართ, თქვენ კი მომავალი წევრები, ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მდგრადი და ძლიერი საქართველო ნატოსა და ლიეტუვის ინტერესებში შედის. ეს არ არის უბრალო საკითხი, რაც მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, საქართველოს უსაფრთხოება და მდგრადობა ჩვენს ინტერესებში შედის - რაც უფრო სუსტი და მოწყვლადი იქნებით თქვენ, მით მეტი პრობლემა იქნება ე.წ. აღმოსავლეთ ფლანგზე. სწორედ ამიტომ საჭიროა ევროკავშირისა და ნატოს კიდევ მეტი ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში.

- სულ უფრო პოპულარული ხდება ტერმინი "მავნე გავლენა". საქართველოში ბევრს უწევს თავის თავზე იწვნიოს რუსეთის მავნე გავლენა, თანაც ისე, რომ შეიძლება ამას ვერც ამჩნევდეს. განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ეს ტერმინი?

- თქვენ ახსენეთ, რომ ქართველები ამას ვერ აცნობიერებენ, იგივე ხდება ლიეტუვაშიც, მაგრამ ჰიბრიდული და მავნე ოპერაციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ შეუმჩნევლად მოგაყენონ ზიანი.

ტრადიციული ომი იმით არის "კარგი", რომ ხედავ მაინც, ვინ გებრძვის და შეგიძლია ვინმეს ბრალზე ისაუბრო. ჰიბრიდული ომის ტაქტიკა შეუმჩნევლად მოქმედებაზეა აგებული. "მწვანე კაცები" უკვე კლასიკად იქცა ქართველებისა და ლიეტუველებისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის. თავიდანვე ცხადი იყო, რომ "მწვანე კაცები" კოსმოსიდან არ მოგვევლინენ, რომ ეს რუსი ჯარისკაცები იყვნენ, მაგრამ ნატოს შორეულ ფლანგებზე, მაგალითად, ესპანეთსა და პორტუგალიაში კითხულობენ, ეს ხალხი ვინაა, რა სურთ, ვერაფერი გაგვიგიაო. პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რადიკალური პარტიების მხარდაჭერა, ეკონომიკაში ნაცრისფერი ზონების შექმნა და კორუფციის წახალისება, ეთნიკური შუღლი, საზოგადოებაში სოციალური პრობლემების გამწვავება - ეს ყველაფერი შესაძლოა ჰიბრიდული ომის სამიზნედ იქცეს. ხშირად იყენებენ ისტორიას, სპორტს, კულტურას, რელიგიას, ნებისმიერ სფეროს... მთავარია, პრობლემა არსებობდეს, იყოს დაძაბულობა, რომელსაც გარე მხარეები ან სახელმწიფოები გამოიყენებენ მავნე გავლენის გასავრცელებლად. ეს იმდენად ფართო სპექტრია, რომ ვერც გეტყვით, სად მთავრდება.

- თქვენ რელიგია ახსენეთ. საქართველოში პრორუსულად განწყობილი ძალები ხშირად იყენებენ ერთმორწმუნეობის ფაქტორს, რათა რუსეთი მეგობარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ. რაც უნდა დაუჯერებელი იყოს ეს გარე თვალისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული, მათი არგუმენტი ასეთია: ჩვენ ერთი აღმსარებლობა გვაქვს, კულტურული კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი კი ეკლესიის მნიშვნელობაზე კეთდება. რას გვირჩევთ ამ ნარატივთან დასაპირისპირებლად? - რელიგიის ფაქტორს სწორედ იმ კონტექსტში, რაც თქვენ ახსენეთ, ხშირად ბოროტად იყენებენ გარე ქვეყნები: რომ ჩვენ ერთი რწმენა გვაქვს. იგივე სიტუაციაა რელიგიურ სქიზმთან დაკავშირებით უკრაინაში. ამის წინააღმდეგ მაგიური რეცეპტი არ არსებობს. ყველაზე მთავარი, რაც მკაფიოდ უნდა გაჟღერდეს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა რელიგიური სიახლოვე, ეს უფლებას არ აძლევს რუსეთს საქართველოზე რაიმე გავლენა იქონიოს. კი ბატონო, შეიძლება არსებობს კიდეც ისტორიული კავშირები, მაგრამ გავიხსენოთ მონტენეგრო: მასაც ძლიერი რელიგიური კავშირები აქვს რუსეთთან, მაგრამ ის დაეყრდნო საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას, გეოგრაფიულ მდებარეობასა და პოლიტიკურ ნებას და გადაწყვიტა გამხდარიყო ნატოს წევრი და მომავალში ევროკავშირის წევრიც გახდება. ეს ხალხის არჩევანი იყო. არა ეკლესიამ ან პოლიტიკურმა ელიტამ, არამედ სწორედ მონტენეგროელებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოში გაწევრება სურთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის დემოკრატია.

კი ბატონო, გქონდეთ ისტორიული და კულტურული კავშირები, მაგრამ რელიგია [პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში] წინა პირობად არ უნდა იქცეს.

- მონტენეგროს მსგავსად, ქართველმა ერმაც გამოხატა სურვილი ალიანსის წევრი გამხდარიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ნატოს ღია კარის წინ ვიცდით. არ ფიქრობთ, რომ რაც უფრო დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, იქნება ეს პოლიტიკური, დემოკრატიული, რეფორმების გატარების, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზების გამო, მით უფრო გაღვივდება ანტიდასავლური სკეპტიციზმი საქართველოში? - არ მომწონს სიტყვა "ლოდინი". ეს ნიშნავს, რომ ქართველები სხედხართ და რაღაცას უცდით. რა თქმა უნდა, არის მგრძნობიარე საკითხები და სწორად შენიშნეთ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პერიოდი დღეიდან საქართველოს გაწევრების დღემდე, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ გარე ძალებს, ეს სათავისოდ გამოიყენონ. შეგეკითხებიან: "ქართველებო, ისევ გინდათ ნატოში გაწევრება? აი, ნატოს კი არ უნდიხართ". ნატოს კი შეეკითხებიან, "მართლა გსურთ თქვენს რიგებში მიიღოთ ეს ქვეყანა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს?" მოსალოდნელია, რომ ეს ნარატივი გაგრძელდეს, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საქართველო შეუვალი იყოს თავის არჩევანში. ეს სიმტკიცე ნიშნავს, რომ ჩვენ ვიძენთ იმუნიტეტს რუსეთის მავნე გავლენის მიმართ. კი არ უნდა ვიცადოთ, არამედ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და იმავეს ვურჩევდი საქართველოსაც.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GiSP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში