"შუქი მოვიდა, ჩვენ უკეთ ვხედავთ" - კვირის პალიტრა

"შუქი მოვიდა, ჩვენ უკეთ ვხედავთ"

"80 წლის მალვინა კაკაბაძე 19 ათას მოწონებაზე ავიდა. მან გადაწყვიტა სხვა მოხუცებს დახმარებოდა და 2004 წლიდან მოხალისედ მუშაობს"

პროექტი "შუქი მოვიდა" შშმ პირების ისტორიებს 2015 წლიდან აშუქებს. იდეა ფეისბუკგვერდიდან, Humans of New-York-დან წამოვიდა, სადაც თითქმის ყველა თემატიკაზე საუბრობენ. რადგან თავად ორგანიზაცია "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" (MAC Georgia) საქართველოში შშმ პირების გასაძლიერებლად მუშაობს, პროექტმა შედარებით ვიწრო სეგმენტი მოიცვა. "კვირის პალიტრას" პროექტის "შუქი მოვიდა" ხელმძღვანელი ნიკა ზიბზიბაძე ესაუბრა:

- დიდხანს ვმსჯელობდით, რა დაგვერქმია პროექტისთვის. მერე ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მეილი გამოგვიგზავნა, მე ამ პროექტს "შუქი მოვიდა" დავარქმევდიო. თავიდან ყველას გაგვეცინა, მაგრამ რომ ვიმსჯელეთ, მივხვდით, ზუსტად შეესაბამებოდა.

თეა ბოლქვაძე

- რა მიზანს ემსახურება პროექტი? - სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირების საჭიროებათა დღის სინათლეზე გამოტანას, რომ ასე ვთქვათ, "შუქი აინთოს". მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, მაინც ტაბუდადებული თემაა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში. გადავწყვიტეთ, ამ ადამიანებისთვის გვეთხოვა, ესაუბრათ თავიანთ პრობლემებზე ან პირიქით, წარმატებაზე და გაგვეცნო ისინი ფართო აუდიტორიისთვის.

- პროექტის გმირებს როგორ პოულობთ? - 2015 წელს ორგანიზაციაში სტაჟიორად ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რომ ამ პროექტში უნდა ჩავრთულიყავი. შემეშინდა, ვფიქრობდი, როგორ დავურეკო და ვუთხრა, პრობლემებზე მესაუბრე, მე კი შენს ამბავს "ფეისბუკზე" საქვეყნოდ გამოვიტან-მეთქი. თუმცა, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, უარი არავის უთქვამს. ერთთან რომ მივიდოდით ჩაწერაზე, მეორესთან გვგზავნიდა. ასე კარდაკარ დავდიოდით. მას შემდეგ, რაც პროექტმა პოპულარობა მოიპოვა, თვითონ გვწერენ, ჩვენი ისტორიაც გამოაქვეყნეთო.

კვირაში ერთ ან ორ ისტორიას ვაქვეყნებთ როგორც ქართულად, ისე ინგლისურად - ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები ამერიკის მოქალაქეები არიან, დაინტერესებული მხარე, დონორი, ინგლისურენოვანია. 300 ისტორიამდე გვაქვს გამოქვეყნებული.

მალვინა კაკაბაძე

- ისტორიებს როგორ აჯგუფებთ? - თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვეს განსაზღვრულ თემატიკას ვუძღვნიდით. მაგალითად, ერთ-ერთი თემა შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა იყო. ვწერდით იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ან პირიქით, ვერ მიიღეს. მათ შორის იყო: დასაქმება, გზების ადაპტირება და ა.შ.

ჩემთვის და მკითხველისთვისაც ყველაზე ემოციური მამების თემატიკა აღმოჩნდა, რომლებიც თავიანთი შვილების განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული. ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ მამების თემატიკას ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ გმირს, თუ მანამდე ისტორიებზე 8-9 ათასი ემოცია იყო გამოხატული, 80 წლის მალვინა კაკაბაძე 19 ათას მოწონებაზე ავიდა. მან გადაწყვიტა სხვა მოხუცებს დახმარებოდა და 2004 წლიდან მოხალისედ მუშაობს.

- ძალიან ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი. - ხალხმა კომენტარებშიც და პირად შეტყობინებებშიც მასობრივად დაიწყო მოთხოვნა, გვინდა დავეხმაროთ X პიროვნებას და ანგარიშის ნომერს რატომ არ ხსნითო. ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ. არ გვინდოდა გადავქცეულიყავით ისეთ ფონდად, რომელიც ისტორიებს იმისთვის აქვეყნებს, რომ ფული აიღოს. თუ ვინმე დახმარების სურვილს გამოთქვამს, ჯერ იმ ადამიანს ან ოჯახს ვეკითხებით, ვისი დახმარებაც სურთ, წინააღმდეგი ხომ არ არიან, მათი საკონტაქტო მივცეთ, შემდგომ აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას.

- გამოფენებსაც აწყობთ... - პროექტის დასაწყისშივე მიზნად დავისახეთ, როცა დაგროვდებოდა მასალა, გამოფენა გაგვემართა. სანამ ადამიანი დიდი ზომის ტექსტს წაიკითხავს, ცხადია, ჯერ ვიზუალურ გამოსახულებას უყურებს. ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მისი მეუღლე იცნობენ ცნობილ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს. მას თანამშრომლობა შევთავაზეთ და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ამ საქმეში, პროექტის პოპულარობაში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. დიდი ფორმატის 20-25 ფოტო გვაქვს წარმოდგენილი, თითოეულ მათგანს მოკლე ისტორია აქვს დართული. შემდეგი გამოფენა, წესით, თელავში უნდა იყოს, ქუთაისშიც ვაპირებთ.

- თუ გახსენდებათ ისეთი ისტორია, რომლის გაშუქებისას გიფიქრიათ, რომელი დეტალი გამოგეტანათ სააშკარაოზე და რომელი არა?

- ერთი შემთხვევა მახსენდება. რესპონდენტს მამამ დედა მოუკლა. მამამისი ციხეში ჩასვეს, ის კი ბებია-ბაბუამ გაზარდა. რომ მოხუცდნენ და მოვლა აღარ შეეძლოთ, სენაკის ბავშვთა სახლში მიიყვანეს. იქ გაიზარდა, ახლა უკვე 22 წლის არის. ეტლის მომხმარებელია და სხვა შეზღუდვებიც აქვს. მამა ციხიდან რომ გამოვიდა, ცენტრში მივიდა და შვილს, როგორც ფსიქოლოგი, ისე გაეცნო. ძალიან დიდხანს ესაუბრა და კითხვებს უსვამდა. თამუნამ მამა ვერ იცნო, რადგან ინციდენტისას ძალიან პატარა იყო. ბოლოს იმით მიხვდა, რომ მამამ გასვლისას სკამზე ბავშვობის თოჯინა დაუტოვა, რომელიც ძალიან უყვარდა. ეს ამბავი გამოვაქვეყნეთ, ვიდეოც გვაქვს გადაღებული. თამუნა ამბობდა, რომ მამა ხშირად ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ მისი ნახვა არ უნდოდა. დიდხანს ვიფიქრე, რამდენად ემოციური იქნებოდა მისთვის ამ ამბის გახმაურება ან თუნდაც კომენტარებში რამე ისეთი არ ყოფილიყო, რაც დათრგუნავდა. გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ დავურეკე. ტელეფონში წავუკითხე, ასეთი გამოვიდა, მაგრამ მამაშენი რომ ნახავს ამ პოსტს, არ მინდა გული ეტკინოს-მეთქი, იმიტომ, რომ უარს აცხადებდა მის ნახვაზე. არა, დაწერეო, მითხრა.

- ძალიან რთულია ისე მუშაობა, რომ შშმ პირების შესახებ სტერეოტიპები დაამსხვრიო კი არა, პირიქით, არ გაამყარო და სტიგმა არ შექმნა. - მართლაც რთულია. ერთი გოგონა, რომელიც ჩვენი გმირი იყო, ყოველთვის გვიკრიტიკებს პროექტს - თუ სტიგმებს ებრძვით და გინდათ ადამიანებმა შშმ პირები დაინახონ როგორც ადამიანები და არა როგორც პაციენტები, მაშინ რატომ ახდენთ დიაგნოზების იდენტიფიცირებასო? მისი თქმით, უნდა გამოგვექვეყნებინა ჩვეულებრივი ისტორიები, დიაგნოზების გარეშე. გარკვეულ სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული. როცა შესაძლებელია თავის არიდება, მაგალითად, რომ არ დავაკონკრეტოთ, რომ ცერებრალური დამბლა ან დაუნის სინდრომი აქვს, რაც ვიზუალურადაც გამოხატულია, ცხადია, არ ვაკონკრეტებთ. შეიძლება მართლაც უწყობდეს ხელს სტიგმას ის, რომ ერთი და იგივე დიაგნოზი თვალში რამდენჯერმე მოგხვდება. აქედან გამომდინარე, ვერიდებით.

- რა გეგმები გაქვთ? - ვიდეოსიუჟეტები დავამატეთ. დაახლოებით ერთი თვე რომ გადის, გადავხედავთ პოსტებს და რომელ ისტორიასაც ყველაზე მეტი გამოხმაურება აქვს, იმ ადამიანზე ვაკეთებთ სიუჟეტს, უშუალოდ თვითონ ჰყვება ამბავს. დაახლოებით 10-მდე ვიდეო გვაქვს. ვაპირებთ ყოველ ას ისტორიაზე გამოვცეთ წიგნი, სადაც ისტორიები ქართულად და ინგლისურად იქნება, ფოტოებითურთ. წიგნს სხვადასხვა დღის ცენტრში, სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში დავარიგებთ.

- წინა ათწლეულებში შეიძლება ძალიან ახლო მეგობრის ან ნათესავის ოჯახის შშმ წევრის არსებობის შესახებ არც სცოდნოდათ, რადგან მას მალავდნენ.. - არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც გადავწყდომივარ ასეთ ფაქტებს - სხვა ოჯახს ჩუმად უთქვამს, არ უთხრა, რომ ჩვენ გითხარითო. ჩვენც მივსულვართ, უჩხუბიათ კიდეც, ჩემს შვილს არაფერი სჭირსო. გარდა იმისა, რომ ინტერვიუებს ვწერთ, თუ რაღაცის საჭიროებას დავინახავთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვეხმარებით: ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და მშობლებისა და თემის გაძლიერების კოორდინატორი გვყავს. ჩვენი პროექტის წყალობით საუბარი დაიწყო გარემოს ადაპტირებაზე, ეტლით მოსარგებლეებს ავტობუსებში ასვლა შეუძლიათ, ზოგიერთში უსინათლოთათვის გაჩერებების სახელებს აცხადებენ. მაგალითად, #N37 ავტობუსში. მოკლედ, დიდი პროგრესი გვაქვს და ახლა უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ვიდრე ხუთი წლის წინ - "შუქი მოვიდა!" სლოგანიც გვაქვს, რომელსაც ყოველ პოსტს ქართულად და ინგლისურად ბოლოში ვაწერთ: "შუქი მოვიდა, ჩვენ უკეთ ვხედავთ".

ნათელა გრიგალაშვილი, ფოტოგრაფი: "ბევრ საინტერესო და ძლიერ ადამიანს შევხვდი. იბრძვიან იმისთვის, რომ უფრო განვითარდნენ და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ყველაზე ამაღელვებელი დედებთან შეხვედრაა, მარტო მათ შეუძლიათ ასეთი ბრძოლა თავიანთი შვილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უამრავი პირობაა ამ ადამიანებისთვის შესაქმნელი, ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

ყველა, ვინც კი გადავიღე, თავისებურად ძალიან საინტერესო იყო. ძალიან გვიჭირდა ამდენი ისტორიიდან გამოფენებისთვის კონკრეტულად იმ 20-25 სურათის შერჩევა. ისინი, ვინც ვერ მოხვდნენ, არანაკლებ საინტერესონი არიან თავიანთი ბიოგრაფიებით. იმედია, მომავალში მათ სურათებსაც გამოვფენთ".

ნათია სიბაშვილი