"ადგილობრივ ტანსაცმელს იმდენად არ ვეტანები, უფრო უცხოური ბრენდების პროდუქციას ვყიდულობ..." - კვირის პალიტრა

"ადგილობრივ ტანსაცმელს იმდენად არ ვეტანები, უფრო უცხოური ბრენდების პროდუქციას ვყიდულობ..."

ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც შოპინგი არ ახალისებს და აბედნიერებს, რადგან ის მშვენიერი საშუალებაა ყოველდღიური სტრესისა და დაძაბულობისგან თავის დასახსნელად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოპინგი ადამიანს სასიცოცხლო ძალებით აღავსებს და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. როგორც ამბობენ, შოპინგი მამაკაცებისთვის არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე ქალებისთვის. რა დამოკიდებულება აქვთ ცნობილ ადამიანებს შოპინგთან და რამდენად ხშირად სტუმრობენ მაღაზიებს? - ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

"შოპინგი ძალიან მიყვარს და ამ პროცესისთვის ყოველთვის წინასწარ ვემზადები. ახალი ტანსაცმლის, ახალი ნივთების შერჩევას დიდ დროს ვანდომებ, ამ დროს მარტო უნდა ვიყო... სულ პატარა, მინიმალური რაღაც რომ შევიძინო, მაინც ვმშვიდდები და ვწყნარდები. უცხოეთშიც ასეა: მე და ჩემი მეუღლე ორ ბანაკად ვიყოფით, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ის თავის საქმეებზე მიდის, მე - ჩემს საყიდლებზე, რომ შოპინგის დროს ერთმანეთს ნერვებს ვუშლით..."

ნანიკო ხაზარაძე, ჟურნალისტი:

"მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ახალი ნივთის შეძენა არ უყვარდეს. გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ მაღაზიებში უმიზნო ბოდიალი და თვალიერებაც მიყვარს, რადგან ამ დროს გონება ისვენებს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, სამსახურიდან გამოვდივარ, მაღაზიებში შევდივარ და ვათვალიერებ... ადგილობრივ ტანსაცმელს იმდენად არ ვეტანები, უფრო უცხოური ბრენდების პროდუქციას ვყიდულობ..."

ეკა მამალაძე, მომღერალი:

"ახალი ტანსაცმელი ჩემს განწყობაზე მართლა დადებითად მოქმედებს. ზოგიერთი მშვიდდება მაღაზიებში სიარულით, ზოგი პირიქით - იღლება, რადგან ეს სერიოზული დატვირთვაა. მე მაგალითად, ე.წ. შოპინგი ძალიან მიყვარს, დედაჩემი კი - ვერ იტანს..."

ამ და სხვა ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 21 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე