"არჩილ მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში" - რა გააპროტესტეს პარლამენტთან შეკრებილმა მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა - კვირის პალიტრა

"არჩილ მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში" - რა გააპროტესტეს პარლამენტთან შეკრებილმა მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჭურჭელი მიიტანეს, წყალი ჩაასხეს და განახადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "შეცვალე".

მათი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი ხალხის გვერდით უნდა იყოს და ხალხის ფულს არ უნდა ფლანგავდეს.

"მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაყვება ბიძინა ივანიშვილის ნება - სურვილს და ნუ დასეირნობს კომოს ტბაზე. ქართველი ხალხი მათ აუცილებლად შეცვლის. ყველგან მივალთ, სადაც ისინი ქართველი ხალხის ფულს გაფლანგავენ. თალაკვაძეს ჩვენ აქ მოვუტანეთ ტაშტი, ჩამოდი და გააგრძელე რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე, მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში. შეიძლება ეს წყალი არ იყოს ისეთი თბილი, როგორიც კომოს ტბაზეა, მაგრამ ისეთი ცივია, როგორი ცივი წყალიც შემოგვასხით ჩვენ 18 ნოემბერს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო