პირველად ნარდის ჩემპიონატის ისტორიაში წყალქვეშა ნარდი ქალმა და თანაც - ქართველმა ითამაშა... - კვირის პალიტრა

პირველად ნარდის ჩემპიონატის ისტორიაში წყალქვეშა ნარდი ქალმა და თანაც - ქართველმა ითამაშა...

ქართველი მონარდეები თავის სიტყვას ამბობენ...

მსოფლიო, კარგა ხანია, ნარდს სპორტის სახეობად მიიჩნევს. დანიაში ნარდი სასკოლო საგნად აქციეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს. მსოფლიო ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, წელიწადში ოთხჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ნარდის საერთაშორისო ტურნირი იმართება. ახლახან ქართველები კვიპროსის ქალაქ კირენიიდან ჯილდოებით დაბრუნდნენ. მეც იქ გახლდით და ჩემი თვალით ვნახე ჩემპიონატი, რომელზეც აქამდე აღფრთოვანებით მიამბობდნენ ქართველი მონარდეები. მინდა, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ...

საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი სპეციალობით ეკონომისტია, თუმცა მისი ჰობი გასცდა გატაცებას და დღეს ის წარმატებით ეწევა ქართული ნარდის პოპულარიზაციას. სწორედ მან მიმიპატიჟა კვიპროსზეც.

მსოფლიო საერთაშორისო ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი იტალიელი მარკო ფორნასირია. ჩემპიონატის დასასრულს ვთხოვე, რამდენიმე სიტყვით დაეხასიათებინა ქართველები. თურმე, სამი წლის წინ თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბატონი მარკოც ყოფილა და ისე მოხიბლულა საქართველოთი და ქართველებით, იმ დღიდან აცხადებს, მე მარკო ფორნასირიშვილი ვარო. იცის "საყველპურო" სიტყვებიც: გმადლობ, გენაცვალე, მიყვარხარ, მენატრები, ძალიან გემრიელია...

მოიარა თითქმის მთელი საქართველო და ინტერვიუს დროს ცერა თითი ქვემოთ არ დაუშვია - აღფრთოვანებით მელაპარაკებოდა ქართულ სამზარეულოზე. ჩვენს მონარდეებზე კი თქვა, ტურნირი ისე არ ჩაივლის, ერთმა თქვენიანმა ჯილდო არ მიიღოსო (აქვე აღვნიშნავ, რომ 2019 წლის აპრილში მონტენეგროს ჩემპიონი ბაქარ მათიკაშვილი გახდა, ხოლო მაისში, კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატში კახაბერ ნაჭყებიამ პირველი ადგილი მოიპოვა).

ქალაქ კირენიაში გამართულ სპორტული ნარდის საერთაშორისო ჩემპიონატში 600-მდე უძლიერესი ოსტატი მონაწილეობდა. ჩემპიონატის მთავარი გამარჯვებული გერმანელი ჰარალდ იოჰანი გახდა. სოსო მენაბდიშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ლევან ქარელმა - მერვე, ხოლო მარინა პირველი ქალთა შორის მესამე აღმოჩნდა. სწრაფი ნარდის ტურნირზე კახაბერ ნაჭყებია მესამე ადგილს დასჯერდა. რაც შეეხება გუნდურს, ქართველების ორმა გუნდმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურა და ვიცე-ჩემპიონის წოდება არავის დაუთმო. ვანპოინტის (თამაში ერთ ქულამდე) გათამაშების ფინალისტი ნარდის ოსტატი რომან გვენეტაძე გახდა.

და მაინც, მთავარი მოვლენა წყალქვეშა ტურნირი აღმოჩნდა, რომელშიც პირველად ნარდის ჩემპიონატების ისტორიაში ქალმა და თანაც - ქართველმა, მარინა პირველმა მიიღო მონაწილეობა. 16-მა მონარდემ გამოთქვა სურვილი, წყალში აკვალანგით ჩასულიყო და თითო-თითო პარტია ეთამაშა. გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა გაიგეს, რომ ქალმაც მოისურვა წყალქვეშ თამაში. მათ არ იცოდნენ, რომ მარინა სვანია, სვანისთვის კი ექსტრიმის სიყვარული თანდაყოლილია. ამასთან, მარინა ბავშვობიდან ცურავს და მრავალ შეჯიბრებაშიც მონაწილეობდა... ოთხი მაგიდა გაამზადეს. მაგიდებიც, სკამებიც და კამათლებიც მძიმე იყო. ნარდის ქვებს მაგნიტის ძირი ჰქონდა, რომ წყალში არ ეტივტივა. წყალქვეშა ტურნირი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ორმა მამაკაცმა ვერ გაძლო და ამოყვინთა, მარინამ კი ბოლომდე ითამაშა, თუმცა ფრანგ მეტოქე მამაკაცთან წააგო.

ორგანიზატორები ღიმილით აღნიშნავდნენ, რომ ქართველმა ქალმა გაამართლა თავისი გვარი და პირველმა გაბედა წყალქვეშ თამაში. ჩემპიონატში ბევრი ოჯახური წყვილი მონაწილეობდა. სწორედ ამ ფრანგი მონარდის მეუღლე დაამარცხა მარინამ და ხუმრობით დასძინა, წყალქვეშ კაცმა მაჯობა, რადგან გამოცდილება არ მქონდა, სამაგიეროდ, ხმელეთზე მისი ცოლი დავამარცხეო... წყალქვეშა ტურნირის გამარჯვებული ირანელი გახდა.

მარინა ბაბუნაშვილი