"ბოლომდე კარგი არ არის, როცა კეთილი გული გაქვს" - კვირის პალიტრა

"ბოლომდე კარგი არ არის, როცა კეთილი გული გაქვს"

ამჯერად ჩვენი რუბრიკის კითხვებს მსახიობი და ჟურნალისტი, თაკო კორინთელი პასუხობს:

- შენ შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვანდე, რაც გინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს...

- რატომღაც, ბოლო დროს ჩემ შესახებ მესმის, - ის გოგო ძალიან "სწერვაა", "თავში აუვარდაო"... არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინდა იცოდნენ, რომ ძალიან თავმდაბალი და კეთილი გახლავართ, მაგრამ თუ საჭიროა, ბოროტიც ვარ ხოლმე (იცინის), ოღონდ - ძალიან იშვიათად.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანის ბუნება შეიცვალოს? - თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ პირადად მე, ვფიქრობ, იცვლებიან და გარშემო ამის უამრავი ფაქტი არსებობს.

- დაგვისახელე ფილმის ან სერიალის შენი საყვარელი პერსონაჟი. - ნანუკა გულუას პერსონაჟი დოჩი - "ჩემი ცოლის დაქალებიდან".

- ბოლოს როდის იგრძენი თავი ძალიან ბედნიერად? - არ მახსოვს (იცინის), რადგან საერთოდ, ვცდილობ, ყოველთვის ბედნიერი ვიყო. ამისთვის საკუთარ თავს შესაბამის განწყობას, სიტუაციას ყოველთვის ვუქმნი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ბედნიერი ვარ.

- ამწამს რა გაბედნიერებს? - ის, რომ მე და ენდი (ჩემი ოთხფეხა მეგობარი) სახლში დაღლილები, ქოშინით ამოვვარდით. თან მაგვიანდება, ბევრი საქმე მაქვს... ამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ. სხვა რა გზა გვაქვს (იცინის)?..

- ყველაზე ხშირად რის გამო გაქებენ? - ალბათ, იმის გამო, რომ კეთილი გული მაქვს. საერთოდ, ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ თუ ვინმეს დახმარება დასჭირდა, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო. რატომღაც, გარშემო მყოფებს ეს უკვირთ, - დედა, ეს როგორ გააკეთე? ყოჩაღ შენო!.. მოკლედ, ამის გამო ხშირად მაქებენ, მაგრამ რომ ვთქვა, დიდად სასიამოვნოა-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან ყველა ასეთი უნდა იყოს. სხვათა შორის, ბოლომდე კარგი არ არის, როცა ადამიანს კეთილი გული გაქვს, რადგან ამით ბევრჯერ ისარგებლეს. არა უშავს, ესეც არ არის პრობლემა.

- ერთ დღეს ყველა კოსმეტიკური პროდუქცია (დეკორატიულიც და თავის მოვლის საშუალებებიც) რომ გაქრეს, შენთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება? - არა, მაგრამ სახის კანის დამატენიანებელი კრემი მაინც დამიტოვეთ, რომ დილით, პირის დაბანის შემდეგ, კანი დავიტენიანო (იცინის)...

- ვინ არის შენს ცხოვრებაში ის მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ან ახდენს? - დედაჩემი. საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ დედას შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დედები შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებით, ყოველთვის მართლები არ არიან, მაგრამ დედა ჩემზე ყოველთვის ძლიერ ზეგავლენას ახდენს ანუ შეიძლება, აზრი შემაცვლევინოს, რაც ბევრს არ გამოსდის - ჯიუტი ხასიათი მაქვს. უფრო მეტიც: რომ ვიცოდე, სხვისი აზრი სწორია, ჩემი კი მცდარი, მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ - ჯიუტი ვარ. დედა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია... აა, კიდევ ჩემი დაქალია, ის მაიმუნი (იცინის) თავის კლანჭებში მაქცევს. გაგრძელება