"ხელისუფლებას "სამეფო კარის თამაშებში" ქვეყანა დაავიწყდა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას "სამეფო კარის თამაშებში" ქვეყანა დაავიწყდა"

"ოცნებაში" რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა"

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, პროცესები ძალიან სწრაფად და დრამატულადაც კი ვითარდება. შეიძლება ითქვას, ხელისუფლების კისერზეა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა და ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი პერფორმანსი ვნახეთ ოპოზიციისა და სამართალდამცავების შესრულებით - ოპოზიციამ ბრძოლის გზად დედაქალაქსა თუ რეგიონებში სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირება და ბლოკირება აირჩია. ხელისუფლება პროტესტანტებს ჯერჯერობით ადეკვატური ძალით პასუხობს, თუმცა უკვე ვეღარ აუდის ბოქლომების ჩამოხსნას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადახედავს, მმართველი ძალის პირველი პირების მტკიცებით კი პროპორციული სისტემის განხილვას აღარ დაუბრუნდებიან. ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა ფაქტია, გარე საფრთხეების, სუსტი ეკონომიკისა და დაბალი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით ეს რყევები ქვეყნის ცხოვრებაზე ცუდად აისახება. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე

- ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად წარმოშობილი საპროტესტო ტალღა "მიინავლა", ხელისუფლებამ მწარედ ინანა საკუთარი დაპირება მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. ეს აშკარად ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მერე კი დაფიქრდნენ და თავში ხელი შემოირტყეს, ამ ორდღიანი აქციებისთვის ღირდა კი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის სასწორზე შეგდებაო? ჩემი აზრით, ზაფხულშივე ფიქრობდნენ, რომ ამ დაპირებას არ შეასრულებდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის მიიღეს, რაც ბევრი დეტალით ჩანდა, ზოგ შემთხვევაში თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებშიც კი. უცნაურია, რომ ეს ვერ დაინახა ოპოზიციამ. არ ვიცი, რატომ იფიქრეს, რომ "ქართული ოცნება" ასე გამოსროლილ დაპირებას აუცილებლად შეასრულებდა. ეს გასვლები რეგიონებში, შეხვედრები, კანონპროექტის ჩაგდების სცენარის ნაწილი იყო, რათა მოედუნებინათ ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება. მაგრამ მათი სცენარი ამით არ სრულდება, ვიღაცამ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, თითქმის ფილიგრანული ოსტატობით გათვალა. დასანანია, რომ ასეთი სცენარები მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იქმნება და არა ქვეყნის განვითარებისთვის.

მართალი ხართ, რომ ამბობთ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასატანადო, ვფიქრობ, ესეც გათვლილი ჰქონდათ. "ქართულ ოცნებას" მომზადებული აქვს სცენარები პროცესის განვითარების სხვადასხვა გზის გათვალისწინებით.

ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში რომ გავიდოდა, იცოდნენ, თუმცა თუ ეს იქნებოდა პატარა მასშტაბისა და მილევადი აქციები, მაშინ უპრობლემოდ გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებდა მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას, ძალისმიერ ხერხებს გამოიყენებდა და სადმე შევარდნას შეეცდებოდა, ხელისუფლება სათანადო ზომებს მიიღებდა და იმავდროულად, დასავლეთთანაც იქნებოდა პირმობანილი, იტყოდა, ყველაფერი გავაკეთე საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, მაგრამ ჩავარდა და კიდევ კარგი, რომ ჩავარდა, რადგან ვის უნდა რევოლუციის მომწყობები და გადამტრიალებლები ხელისუფლებაშიო. "ქართული ოცნების" დასავლეთისთვის გზავნილი ამგვარიც იქნებოდა - მე ვარ ამ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი და თუ არ გინდათ სამოქალაქო დაპირისპირების გამჩაღებელი ძალა ხელისუფლებაში და არეულობა ქვეყანაში, რითიც რუსეთი ისარგებლებს, მე უნდა დამიჭიროთ მხარიო...

- რას გულისხმობთ?

- აქამდე "ქართული ოცნება" ორსახოვანი იანუსი იყო, რომლის ორი სახიდან ერთი პროდასავლური გახლდათ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით "ქართულმა ოცნებამ" პროდასავლური სახე თავისივე ხელით "აიხია". ის დეპუტატები, რომლებიც წამოვიდნენ უმრავლესობიდან, "ოცნების" პროდასავლური სახეები იყვნენ, სწორედ ამ გუნდზე იდგა დასავლეთის ნდობა "ქართული ოცნებისადმი", ისინი წარმოადგენდნენ დასავლეთთან მთავარ ხიდს და საკომუნიკაციო არხს, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. დღეს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლებას არავინ ჰყავს, ვინც მის პოზიციებს დაიცავს. ეს ხალხი ვისითაც ჩანაცვლდება, იმათ გასაგონად ვიტყვი - დიპლომატია, როგორც წესი, ერთი-ორ შეხვედრას არ ემყარება, უმნიშვნელოვანესია ნდობა, რაც ურთიერთობებში წლების განმავლობაში ყალიბდება. ეს ნდობის ფაქტორი არა აქვთ იმ პირებს, ვინც დღეს "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას უძღვებიან პარლამენტში. ვფიქრობ, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი "ქართული ოცნებისთვის" ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე იქნება.

- ოპოზიცია თითქმის ყოველდღიურად საპროტესტო აქცია-პერფორმანსებს მართავს, პარალელურად კი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უცნაური ინიციატივები გვესმის. ერთი მხრივ ე.წ. აჯანყებული მაჟორიტარების "ბელადმა" დიმიტრი ხუნდაძემ წამოაყენა საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების იდეა, კიდევ ერთმა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ კი პროპორციული არჩევნების ჩატარების თემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივა გაახმაურა. - ჩემი აზრით, ეს ორივე ინიციატივა ერთ კონტექსტშია განსახილველი და სულაც არა მგონია ისეთი უმტკივნეულო, როგორი მარტივი შეფასებებიც მოჰყვა. წარმოიდგინეთ, თუ ეს ორი საკითხი გააერთიანეს რეფერენდუმის ან თუნდაც პლებისციტის კითხვარში, რა შეიძლება მოხდეს. შესაძლოა ხელისუფლების მორიგ შორს მიმავალ გეგმასთანაც გვქონდეს საქმე.

შეიძლება ხელისუფლებამ იმაზეც გათვალა, რომ ოპოზიციამ მისთვის ხელსაყრელი დრო გაუშვა ხელიდან და არ იმუშავა ხალხთან მაშინ, როდესაც სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ უნდა ევლოთ და განემარტათ საზოგადოებისთვის, რატომ არის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროპორციული სისტემა და რა მანკიერება ახლავს მაჟორიტარულს. არადა, ხომ ყველასთვის ცხადია, მაჟორიტარების უმრავლესობა საკუთარი ამომრჩევლის ხმებით ვაჭრობს. ისინი ამა თუ იმ კანონპროექტისთვის მიცემული ხმის სანაცვლოდ, უკანონოდ იგებენ ტენდერებს და მილიონები გააქვთ ბიუჯეტიდან.

დავფიქრდეთ, რამდენი მილიონი იშოვა ზოგიერთმა მაჟორიტარმა "ქართული ოცნების" და რამდენი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. არიან ისეთებიც, რომლებიც შეეზარდნენ სკამებს - ეს ხალხი მილიონებს შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული მაჟორიტარობით შოულობს. პირობითად რომ ვთქვათ, ისინი 10 ლარს ამომრჩეველს უგდებენ და ამის სანაცვლოდ იმავე მოქალაქეების ჯიბეებიდან ათი ათასებს იღებენ.

ამ ყველაფრის ამომრჩევლისთვის ახსნას რა უნდოდა?! მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა, ახლა კი ამის დრო შეიძლება აღარ იყოს. როდესაც ზოიძე აცხადებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმიო, ამას იმიტომაც ამბობს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტში აღმოჩნდეს. ოპოზიცია რაიმეს ახსნას მოსახლეობისთვის ძნელად მოასწრებს; მეორე პრობლემა ის არის, რომ ხალხის გამოყვანა პლებისციტზე წარმოუდგენლად რთული იქნება. არჩევნებზე არ გამოდის და ამაზე გამოვა? თანაც გაითვალისწინეთ, რომ არ გამოვა ძირითადად ოპოზიციური ამომრჩეველი, თორემ ხელისუფლება ამ თავის ადმინისტრაციულ რესურსს თბილად და ტკბილად ჩასვამს ტრანსპორტში, მიიყვანს ორგანიზებულად უბნებთან, მიაცემინებს ხმას და მიიღებს სასურველ შედეგს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ "ქართულმა ოცნებამ" რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მართლაც გადაწყვიტა, ოპოზიცია რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს, არ გვინდა პლებისციტზე ამ საკითხის გატანა, იმიტომ, რომ ხალხი ვერ ერკვევა, რა არის მაჟორიტარული და რა პროპორციული სისტემაო?! საბოლოოდ "ქართული ოცნება" ისევ პირდაბანილი გამოვა. ივანიშვილის პოზიცია ასეთი იქნება - როგორ მკადრებთ, რომ ვინმე გადავაგდე, ცვლილებები პარლამენტში კი ჩამიგდეს, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში თემა ისევ შემოვაბრუნე, ავირჩიე ყველაზე დემოკრატიული გზა და ხალხს ვკითხე აზრიო.

- გამოდის, ბიძინა ივანიშვილი წაუგებელ თამაშს თამაშობს?

- ჯერჯერობით კი. განსაკუთრებით სახიფათოა ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუ ის დამტკიცდა, ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ 150 მაჟორიტარ-ფეოდალს, რომლებიც ხელისუფლებას ჯიბეში ეყოლება და მივიღებთ სრულად ტოტალიტარულ რეჟიმს, რისი კანონიერი და კონსტიტუციური გზით დამარცხება სრულიად შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და იმედია, საქმე აქამდე არ მივა.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ხელისუფლება წაუგებელ თამაშს თამაშობს, მით უფრო, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ ქმედით ბერკეტებს არ ამუშავებს. ეს რომ სჭირდებოდეთ, ისე მოიყვანდნენ ჭკუაზე "ქართულ ოცნებას", როგორც დაგიბარებია. ამის მაგალითი განვლილი ისტორიაა, თუნდაც 2012 წელი გავიხსენოთ, როცა დასჭირდათ, სააკაშვილს აღიარებინეს არჩევნებში დამარცხება. ვიმეორებ, დასავლეთი ჯერჯერობით არ იყენებს ქმედით ბერკეტებს "ოცნების" ხელისუფლების თავნებობის შესაზღუდად. რამ უნდა შეაჩეროს "ქართული ოცნება", რომ ხელი აიღოს ძალაუფლების სრულ უზურპაციაზე, ამ ეტაპზე არ ჩანს.

- ოპოზიციის წინადადებაა ე.წ. გერმანული მოდელის შემოტანა ქართულ საარჩევნო კოდექსში. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სწორედ ეს საკითხი დააყენეს.

- ერთი რამ მაფიქრებს - ისე არ გამოვიდეს, გერმანული მოდელი ხაფანგად იქცეს, რომელიც ოპოზიციამ თვითონ დაუგო საკუთარ თავს. გერმანული მოდელის ის ვერსია, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, ხელისუფლებას უტოვებს ბევრ შემოვლით გზას და საშუალებას, რომ ეს მოდელიც საკუთარ თავზე მოირგოს. ამიტომაც ამ ყველაფერს კარგად დაფიქრება და გათვლა სჭირდება.

ხელისუფლების კიდევ ერთი ჩანაფიქრია, რომ ოპოზიცია ორპოლუსიან სივრცეში, ნეგატივში დატოვოს და რაც შეიძლება გაზარდოს ტემპერატურა, რათა საზოგადოებაში კვლავაც გაჩნდეს "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის პანიკური შიში. 2012 წლიდან დღემდე "ქართული ოცნების" ყველა გამარჯვების თანაავტორი "ნაციონალური მოძრაობაა". ასეთ "საჩუქარს" ხელიდან როგორ გამოიცლის ხელისუფლება, ამიტომაც, ვფიქრობ, გაამძაფრებენ "ნაციონალური" ლიდერების დევნას, ზოგიერთის დაკავებასაც არ გამოვრიცხავ, რასაც მოჰყვება სიტუაციის ესკალაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და პროცესის ისევ ორპოლუსიან სივრცეში ჩარჩენა.

რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების ხელისუფლებისეული სცენარი კიდევ სხვა საკითხია - მთელი ეს პროცესი საქართველოს რომ არ ეხებოდეს და სხვა ქვეყანაში ხდებოდეს, შორიდან უნდა გვეყურებინა და დავმტკბარიყავით ძალაუფლების შენარჩუნების იმ ოსტატურად გათვლილი სცენარებით, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარმოგვიდგინა. ძალიან ბევრი ვერსია აქვთ დალაგებული. დარწმუნებული იყავით, რომ "ქართულ ოცნებაში" რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას ამ "სამეფო კარის თამაშებში" ქვეყანა დაავიწყდა...

დაახლოებით ერთი თვის წინ მომეცა იმედი, რომ "ქართული ოცნება" პოზიტიურ დღის წესრიგზე გადაერთო, განცდა, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, გააძლიერა "ქართული ოცნების" მიერ გლობალური პროექტების დაანონსებამ, მათ შორის წყალტუბოს განვითარებისა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტებმა. ამასთანავე, ძალიან გააქტიურდნენ გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი. პიარულად ნიშანდობლივი ნაბიჯი იყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეომიმართვა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტსა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას შეეხებოდა. თითქოს ყველაფრიდან ჩანდა, რომ იწყებოდა მათთვის ახალი იმიჯის შექმნა, როგორც "ქართველი განმანათლებლებისა", როგორც "ქართველი ბილ და მელინდა გეითსებისა", რომელთა ოცნებაც ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საქართველოს შექმნა ყოფილა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ივანიშვილის მეუღლის ფენომენი, ის ამ ვიდეომიმართვამდე ერთადერთხელ გამოჩნდა, 8 წლის წინ, როდესაც 2012 წელს ვიდეოინტერვიუში განაცხადა, თუ ჩემს ქმარს გაიყვანთ ბრძოლის ველიდან, მე ავიღებ საბრძოლო დროშას ხელშიო. საინტერესოა, 8-წლიანი პაუზის შემდეგ მისი კვლავ გამოჩენა. მაშინაც და ახლაც ეს მიანიშნებდა იმაზე, თუ რამდენად გადამწყვეტი მომენტები იდგა მაშინაც და დგას დღესაც ივანიშვილისთვის და რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის მეუღლის მხარდაჭერა.

მოკლედ, ამ ყველაფრის მერე ვიფიქრე, რომ "ქართული ოცნება" პოზიტიურ დღის წესრიგზე გადადიოდა. რა თქმა უნდა, ნეგატივსა და ტროლების ქარხანას არ მოეშვებოდნენ, რადგან ეს მათი საყვარელი პირმშოა, მაგრამ პოზიტივზე გადართვით "ქართული ოცნება" საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებას დაასრულებდა. დასანანია, რომ შევცდი, რამდენიმე დღეში მივიღეთ სულ სხვა შედეგი - მმართველმა ძალამ პოზიტივს ნაჯახის პოლიტიკა არჩია, რაც ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს.

არადა, ამ პოზიტიური ტაქტიკით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ეს ქვეყნისთვისაც იქნებოდა უპრეცედენტოდ კარგი რამ - ერთ მხარეს იქნებოდა "ქართული ოცნება" ამ გლობალური პროექტების დაანონსებით, მეორე მხარეს ვაშაძე სტრატეგია "აღმაშენებლით", იქით ხაზარაძე თავისი ეკონომიკური პროგრამით და ქართული პოლიტიკა განვითარების ახალ, ხედვებისა და სტრატეგიების შეჭიდების დონეზე გადავიდოდა. ამაზე თვითონ თქვა "ქართულმა ოცნებამ" უარი და დარჩა ამ ბნელი გეგმების იმედად, რაც გამაოგნებელია.

- ოპოზიციამ 25 ნოემბრისთვის კიდევ ერთი მასშტაბური აქცია დააანონსა, კვლავაც იგეგმება პარლამენტის პიკეტირება... ეს პოლიტიკური რყევები, ფაქტია, ქვეყნის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. - ეს ნერვების ომია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს, ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით აჯობოს და რამდენად შევძლებთ ყველანი ერთად, დავაზღვიოთ ქვეყანა ვითარების ესკალაციისგან. მე რასაც ვხედავ, "ქართული ოცნება" ლამის ყოველდღიურად პროვოკაციებს უწყობს პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც. თავად ხელისუფლებაც მუდმივად დაძაბულობის რეჟიმშია, როდის სად გააქანებს სპეცრაზმს, არ იცის, ხან რომელ ოფისს იცავს და ხანაც რომელი მაჟორიტარის ბიუროს. როდის ვის უღალატებს ნერვები, ძნელი სათქმელია. ამ რყევების გამო ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. "ქართული ოცნება" იქცა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალად, რომელიც ქვეყანაზე კი არა, მხოლოდ იმათზე ზრუნავს, ვინც მასზე ფინანსური ინტერესებითაა მიბმული, ანუ ადმინისტრაციულ რესურსზე. ამით სულ უფრო კარგავს ლეგიტიმაციას. ასეთმა ძალამ არჩევნები ხელების გადაგრეხითა და მანიპულაციებით რომც მოიგოს, მას ლეგიტიმაცია არ ეყოფა ქვეყნის სამართავად.

- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში უმასპინძლა ერთ დროს დაუძინებელ მტრებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს და მათთან ერთად აღნიშნა გიორგობის დღესასწაული. როგორც ვიდეომიმართვაში განაცხადეს, მათ თურმე საქართველოს სიყვარული აერთიანებთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სააკაშვილის აქტიურობამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? - ამ შეხვედრას "ოცნება" აუცილებლად გამოიყენებს იმისათვის, რომ ოპოზიციურ ერთობას მიაწებოს "ნაციონალური" კლიშე და პოლიტიკური სპექტრი ისევ ორპოლუსიანად აქციოს. პროპორციულის ჩაგდების ნიადაგზე შემდგარ ოპოზიციურ გაერთიანებას, ხელისუფლებამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაკერა "ნაციონალების" გარშემო გაერთიანების იარლიყი. ამ შეხვედრას კი "ოცნება" აუცილებლად ხელზე დაიხვევს და დაიწყებს პროპაგანდას, რომ ოპოზიციის ფლანგზე ყველაფერი სააკაშვილის სცენარით იმართება. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ თავად სააკაშვილიც, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეეგუოს თამაშგარე მდგომარეობას... მოკლედ, საკატლეტე ფარშივით ყველაფერი აიზილა.

ნათია დოლიძე