"მალე ახალი­ კომპონენტები შევა ბრძოლის მეთოდებში" - კვირის პალიტრა

"მალე ახალი­ კომპონენტები შევა ბრძოლის მეთოდებში"

როდემდე გაგრძელდება ქუჩის აქცია-სანახაობები და რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯი, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება.

- ისევ გავაგრძელებთ პროტესტს და ვაიძულებთ "ოცნებას", დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას. ცოტა კიდევ დაგველოდეთ, მალე ახალი კომპონენტები შევა ბრძოლის მეთოდებში. ბოქლომი კი არ უნდა გადაჭრა, გასაღებით უნდა გახსნა. ბოქლომებს "ოცნება" ჭრის, რადგან გასაღები ხალხის ხელშია.

- ექსპერტების ნაწილის აზრით, ოპოზიცია ვერ ახერხებს ანგარიშგასაწევი ძალის გამოყვანას. მაინც რა კომპონენტები უნდა შეიტანოთ ბრძოლის მეთოდებში, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წამოიყვანოთ? - ძალიან ცუდია, რომ მთავრობა თავებს ითვლის. ითვალოს, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ბრძოლის ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ, რაც ქუჩაში რამდენიმე ათასი კაცის გამოყვანას არ საჭიროებს. ნახეთ, რა ხდება სოცქსელებში. ხალხმა "ოცნების" "ბოტებიც" კი გააჩერა, მათ სათქმელი აღარაფერი აქვთ. ქუჩაში დაძაბულობის შექმნა ივანიშვილის სტრატეგია იყო, რათა ეთქვა, ოპოზიცია დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობდაო. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დავაყენეთ და მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

- ინტერნეტში გავრცელებული არჩილ თალაკვაძის ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან თქვენი ახალი სტრატეგიის მეთოდია? - ეს თავისთავად მოხდა. თალაკვაძე ნამდვილად იყო იტალიაში და სასწრაფოდ გამოაქციეს. ფოტოები დადეს მათ, ვინც მას თვითმფრინავში შეხვდნენ. დღეს ყველამ იცის, რომ თალაკვაძე ისეთივე მატყუარაა, როგორიც მისი ლიდერი ივანიშვილი. დიახაც, ეს არის ჩვენი სტრატეგია, ყველა მონაწილეობს პროცესში.

- არც "ოცნების" მხარდამჭერები კარგავენ დროს უქმად - ვრცელდება ვიდეო, სადაც აშკარად ჩანს, რომ აქტივისტების ლიდერი გიგა მაქარაშვილი პრორუსი მინდია გულუას პრესცენტრის ხელმძღვანელი და მისი თანამოაზრეა. - ეს ვიდეო უკვე ორმოცდამეჩვიდმეტედ გაავრცელეს...

- ამის შემდეგ ხალხს არ გაუჩნდება კითხვები ოპოზიციონერ აქტივისტებთან?.. - არ ვიცი, მაქარაშვილს ჰკითხეთ. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი, ანუ "ქართული ოცნება", ქვეყანას მოვაშოროთ. ყველა ხედავს, რომ "ოცნება" ხალხს სიღატაკეში აცხოვრებს, უსპობს პერსპექტივას და უკეტავს გზას ევროპისკენ. შედეგი უკვე გვაქვს: პირველი - უამრავი ადამიანი ჩვენგან დამოუკიდებლად ჩაერთო პროცესებში, მეორე -–დღეს ოპოზიცია ისეთი ერთიანია, როგორიც არასდროს ყოფილა, მესამე - დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო საზოგადოებრიობა გვიჭერენ მხარს. საერთაშორისო მედია უკვე წერს, რომ ივანიშვილი მატყუარაა.

- როგორ გგონიათ, ივანიშვილს არა აქვს იმის რესურსი, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში დისონანსი შეიტანოს?

- მან უკვე გამოიყენა ყველა რესურსი, მაგრამ ვერაფერს გახდა. არ მინდა ის პარტიები დავასახელო, რომელთა მეშვეობითაც შეეცადა გაერთიანებულ ოპოზიციაში დისონანსის შეტანას. დღეს ყველა ხვდება, ვინც ივანიშვილს თამაშში აჰყვება, თავს საბოლოოდ დაისამარებს. ეს ხომ ის კაცია, ვის სიტყვასაც ფასი არა აქვს.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რიგგარეშე არჩევნები "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის "შუას გაკრეფს". მართლაც, თქვენ გარდა, ვის უნდა აწყობდეს რიგგარეშე არჩევნები? - ჩვენი უპირველესი ამოცანა პროპორციული არჩევნებია, რიგგარეშეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება ოპოზიციაში. თუმცა დღეს ისე შეიცვალა ელექტორატის განწყობები, არჩევნებში "შუა არA გაიკრიფება". ჩვენ შორის ფარული შეთანხმება "ოცნების" შემოგდებული სატყუარაა, თუმცა ამ ზღაპრის არავის სჯერა. ასევე შემოგდებული და არაფრის მთქმელი იყო თემა შერეული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულით ჩანაცვლებაზე. ასევე უსიცოცხლო აღმოჩნდა წულუკიანის ნარატივი, როდესაც ივანიშვილის გამართლება დაიწყო. წულუკიანს ბუმერანგივით შემოუტრიალდა ყველაფერი, ვეღარც თავის მატყუარა ლიდერს უშველა და თავადაც გაილანძღა. დღეს ხალხმა იცის, რომ წულუკიანიც მატყუარაა.

- ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?

- არა, დღეს ეროვნული თანხმობის დროა, კრიზისი ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" უდგას.

- იმედი გაქვთ, რომ თქვენ გვერდით დადგება ის 12 დეპუტატიც, რომლებმაც უმრავლესობა ახლახან დატოვეს? - რატომაც არა? ეკა ბესელია ჩვენ გვერდით დგას, გედი ფოფხაძე თავად იყო ოპოზიციური გაერთიანების ინიციატორი. ასეც რომ არ მოხდეს, ისინი სახელმწიფოებრივ პოზიციებს აფიქსირებენ და სულაც არ არის აუცილებელი, ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდეთ.

ხათუნა ბახტურიძე