"აბა, სად ნახეთ განრისხებული ხალხი?!" - კვირის პალიტრა

"აბა, სად ნახეთ განრისხებული ხალხი?!"

"შესაძლოა რამდენიმე უკმაყოფილო ამომრჩეველი მართლაც გვყავს, მაგრამ ასეთი მოქალაქეები ბოქლომებით არ დარბიან"

დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპელი ლიდერები შეშფოთებული არიან საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ამბებით. "ამერიკული ხმის" ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ლაპარაკია ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. როგორც წყარო ირწმუნება, ამ შეხვედრაზე საუბარი პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებასაც შეეხო. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ასეთ განცხადებას ავრცელებს: "დასავლეთი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, 20-21 ივნისს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, მათ შორის, რეზინის ტყვიების, ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობისა და წყლის ჭავლის გამოყენების გამო. ეს არ შეესაბამება იმას, რასაც დასავლეთში საქართველოსგან მოელიან. არსებობს კითხვები, ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზეა, თუმცა განვითარებული მოვლენები განიხილება, როგორც უკუსვლა. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, რომ სიცარიელეა ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის". დასავლელი პარტნიორების პოზიციის შესახებ კომენტარი "ქართული ოცნების" წევრს მამუკა მდინარაძეს ვთხოვეთ.

- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, იმაზეც კი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება "დაბოქლომების" სულელურ აქციას და "მეორადი კმარელების" საქციელს, ამAაზე ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ოპოზიციამ საჯაროდ დააანონსა, სად აპირებდა წასვლას ბოქლომების დასადებად, რომ მერე იქ ჩვენი მხარდამჭერები გაეღიზიანებინა. ჩემს სამაჟორიტარო ბიუროსთანაც მოხდა მცირე ინციდენტი. თუმცა ჩემთვის მხარდაჭერის გამოსახატავად ადგილზე მივიდნენ ჩემს კორპუსში მცხოვრები ადამიანები, სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ მარგინალ "ნაციონალებს" და გაყარეს იქიდან.

ჩვენ მშვიდობიანად დავშალეთ აქცია, ოპოზიციას კი უნდოდა ხალხი დაგვეზიანებინა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დღეს ჩვენ სხვაგვარი დემოკრატია გვაქვს.

- ფიქრობთ, რომ ქუჩაში მხოლოდ პოლიტიკოსები და მათი აქტივისტები არიან და ხალხი პროტესტს არ გამოხატავს?

- რა თქმა უნდა, აბა, სად ნახეთ განრისხებული ხალხი? შესაძლოა რამდენიმე უკმაყოფილო ამომრჩეველი მართლაც გვყავს, მაგრამ ასეთი მოქალაქეები ბოქლომებით არ დარბიან.

- მათი მოთხოვნა სამართლიანად არ მიგაჩნიათ? - "ნაციონალებსა" და "ევროპულ საქართველოს" ვერ წარმოუდგენიათ, რომ გუნდის ლიდერის, ლიდერშიფის ნებაზე არ ხდება ყველაფერი. არც თავისუფალ კენჭისყრაზე აქვთ წარმოდგენა.

მონები რომ უძახეს ამ მაჟორიტარ დეპუტატებს, რა ეგონათ? ხომ დაინახეს, რომ ისინი არც მონები ყოფილან და არც მხოლოდ პულტზე თითის დაჭერა ყოფილა მათი ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, ამ ადამიანების არჩევანს პატივს ვცემ.

- მმართველი გუნდის 12-მა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად რომ დატოვა "ქართული ოცნება", ესეც დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამო მოხდა? - რა ვქნათ, ჩვენც დავტოვოთ და ქვეყანა "ნაციონალებს" დავუტოვოთ?

- აკაკი ზოიძის ინიციატივაზე რას იტყვით, რომელიც პროპორციული არჩევნების შესახებ პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას ეხება? - რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ ხალხს ვკითხოთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე. უბრალოდ, ტექნიკურად და იურიდიულად ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

- ქუჩაში მიმდინარე აქციების თაობაზე როდის აპირებთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას? - ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ "ნაციონალები" ფიასკოთი არ დაამთავრებენ თავიანთ უგუნურ საქციელს. სინამდვილეში, არანაირ პროტესტთან არა გვაქვს საქმე, მათ მხოლოდ არეულობა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ.

ხათუნა ბახტურიძე