"შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან" - კვირის პალიტრა

"შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან"

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრაზე „პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ“

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და იმ მაჟორიტარების შეხვედრა დასრულდა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს.

მისი თქმით, ისინი "პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ", თუმცა კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი, ამაზე უმრავლესობის ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გააჟღერებენ.

"შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ითხოვენ 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი. საათნახევარი გასტანა შეხვედრამ. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმების შესახებ იყო საუბარი", - განაცხადა ხუნდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"