"დისკუსია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში, რაც ყველანაირ ძალადობას გამორიცხავს" - კვირის პალიტრა

"დისკუსია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში, რაც ყველანაირ ძალადობას გამორიცხავს"

"საქართველო, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, რომელსაც გარდამავალი პრეზიდენტობა აბარია, თვითონ შეარჩევს იმ საკითხებს, რომელსაც პრიორიტეტად მიიჩნევს"

27 ნოემბერს საქართველო, ისტორიაში პირველად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება, რაზეც საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეჟინოვიჩ-ბურიჩს "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წლისთავს ზეიმობს, საქართველო კი - გაწევრების 20 წლისთავს. ჩემი ვიზიტი უპირველესად მიზნად ისახავდა საქართველოს მომავალი პრეზიდენტობის პერიპეტიების განხილვას, ისევე, როგორც სხვა ორმხრივ საკითხებზე ჩვენსა და ქართულ მხარეს შორის დისკუსიებს.

- რას ელიან სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტობისაგან?

- საქართველო, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, რომელსაც გარდამავალი პრეზიდენტობა აბარია, თვითონ შეარჩევს იმ საკითხებს, რომელსაც პრიორიტეტად მიიჩნევს.

ქართველმა კოლეგებმა არჩევანი შეაჩერეს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ეს ორივე საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია სამყაროსთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები პრეზიდენტმა ქვეყანამ პირველად შეარჩია პრიორიტეტად.

საქართველო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ბავშვთა უფლებების დაცვას. ამ სფეროში საქართველო ნამდვილად წარმატებულ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს.

- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ალბათ, აქტუალური იქნება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. იქნება თუ არა ევროსაბჭო მზად, ეს თემა დეტალურად განიხილოს? - ევროსაბჭოს პრინციპული პოზიცია აქვს ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის სახელით წელიწადში ორჯერ ქვეყნდება ანგარიში საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებზე, რომელიც ვითარებას ასახავს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ევროსაბჭოს შემუშავებულ ორ სამოქმედო გეგმას და 2020 წლიდან მესამის განხორციელებას შეუდგება.

განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპის ამ რეგიონში, სადაც სტამბოლის კონვენციის (ევროსაბჭოს კონვენცია ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ) რატიფიცირება მოხდა.

- საზოგადოების ევროსკეპტიკოს ნაწილს კითხვები აქვს ასეთი ანგარიშების რეალურ პოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით. რას უნდა ველოდოთ, რას შეცვლის ანგარიში? - ევროსაბჭო არ არის სამხედრო ალიანსი, მაგრამ მას შეუძლია იმუშაოს ადამიანის უფლებათა დასაცავად და ხელი შეუწყოს დიალოგს თუნდაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

- საქართველოსა და უკრაინაში საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთი ევროსაბჭოში დააბრუნეთ. - ევროსაბჭო ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა საკუთარ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ყირიმის უკანონო ანექსიას, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ აღმოვჩნდით ერთობ უჩვეულო, კრიზისულ სიტუაციაში - ჩვენს ორ მთავარ მმართველ ორგანოს, საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი. საპარლამენტო ასამბლეაში რუს პარლამენტარებს დროებით ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. კომიტეტში რამდენიმე რეზოლუცია გამოაქვეყნეს, რომლებიც რუსეთის მოქმედებებს გმობდა, მაგრამ სანქციებამდე საქმე არ მისულა.

- თუ საპარლამენტო ასამბლეამ მოახერხა და რუსეთი ყირიმის ანექსირებისათვის, ასე ვთქვათ, "გააძევა", რატომ იყო ასეთი წარმოუდგენელი, მინისტრთა კომიტეტსაც იგივე გაეკეთებინა? - სამწუხაროდ, მე 47 წევრი ქვეყნის მაგიერ ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ რამე უნდა გვეღონა, რათა დავბრუნებოდით გარემოს, სადაც ევროსაბჭო, როგორც ორგანიზაცია, ერთ გადაწყვეტილებას იღებს. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად იყო პოლიტიკური გამოსავლის პოვნა. საბოლოოდ ასამბლეამაც და კომიტეტმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთთან ურთიერთობა და საუბარი სჯობდა სცენარს, რომელიც მოსკოვთან დიალოგის სრულიად გაწყვეტის საფრთხეს შეიცავდა.

- "მაგიდასთან დაბრუნების" შემდეგ რუსეთი უფრო ყურადღებიანი ჩანს თქვენი გზავნილების მიმართ? - ჩვენი საქმეა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მონიტორინგი, მაგრამ, იმავდროულად, აღვნიშნავ, რომ ევროსაბჭოს არ შეუცვლია პოზიცია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

- როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა რეგიონში ეს ინციდენტი აღიქვეს, როგორც რუსეთის პოლიტიკური და დიპლომატიური გამარჯვება. - წევრი ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენს სამუშაო პროცესში რუსეთის ჩართულობა სჯობდა დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან მის გამიჯვნას.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს - პროტესტს, რაც მთავრობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმას მოჰყვა? - ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმების, მათ შორის - საარჩევნო რეფორმების გზა. ევროსაბჭოცა და ვენეციის კომისიაც მზად არიან, ამაში დაგეხმარონ. დისკუსია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კონსტრუქციულ და მშვიდობიან გარემოში, რაც [ყველა მხრიდან] ყველანაირ ძალადობას გამორიცხავს.

ვაჟა თავბერიძე