თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს, რომელსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები."

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით 14 ნოემბერს, განცხადება გააკეთა საქართველოში ამერიკის საელჩომაც. დიპლომატიურმა მისიამ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო დადებითად აფასებდა მმართველი პარტიის დაპირებას, რომ 2020 წელს, ქვეყანა სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. ამ ნაბიჯს შეერთებული შტატები აფასებდა, როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გასაძლიერებლად.

"ინტერპრესნიუსი"