რუსეთის ავიასანქციის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა - კვირის პალიტრა

რუსეთის ავიასანქციის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა

სესხის პროცენტის თანადაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფოს 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა.

რუსული ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად, სახელმწიფომ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, 1-ელი სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სააგენტოში 166 განაცხადი შევიდა, საიდანაც 82 დამუშავდა და მათ შორის უკვე დაფინანსდა 21.

ამასთან, სააგენტოს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 21 სასტუმროსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 38 707 ლარია.

ცნობისთვის, თანადაფინანსების მექანიზმს მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის გულისხმობს 1-ელი აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ლარში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

განაცხადების მიღება 15 ნოემბერს შეწყდა და თანადაფინანსების მექანიზმით იმ მეწარმეებს შეეძლოთ სარგებლობა, რომლებსაც 4-დან 20 ნომერამდე სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების, აღჭურვის, რემონტის,რეკონსტრუქციის მიზნით სესხი 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჰქონდათ აღებული.

"ინტერპრესნიუსი"