"რაზეც ვოცნებობდი, ამიხდა, ოღონდ - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა" - კვირის პალიტრა

"რაზეც ვოცნებობდი, ამიხდა, ოღონდ - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა"

ჯულიანა ბარ-გნარის ოცნებები და დღევანდელი რეალობა

სახელი, გვარი: ჯულიანა ბარ-გნარი. ასაკი: 28 წლის.

საქმიანობა: ცეკვა. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების პედაგოგი. ოთო ფოლადაშვილთან ერთად აქვს სტუდია. პერიოდულად მონაწილეობს სატელევიზიო პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის ორგზის გამარჯვებულიც გახლავთ. ასევე, სწავლობს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე.

ჰობი: ხატვა. ზაფხულობით, როცა სტუდიაში ნაკლებად დატვირთულია, ხატვის შემსწავლელ კურსებს ესწრება.

ცხოვრების დევიზი: "ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი საკუთარი თავის წინაშე მართალი უნდა იყოს, მისი ყველა ქმედება კი - გულწრფელი".

- ბავშვობაში როგორი ოცნებები გქონდა და დღევანდელი რეალობა როგორია?

- ბავშვობაში ჩემი ყველაზე ძლიერი სურვილი 24 საათი ცეკვა იყო. ბუნებრივია, მაშინ ჩემი რეჟიმი სკოლაში სიარულს, მეცადინეობას მოიცავდა. ეს ხომ ცეკვას უშლიდა ხელს? რა თქმა უნდა, ვოცნებობდი, - ნეტავ, ოდესმე ის დრო თუ დადგება, როცა სულ დარბაზში ვიქნები და ვიცეკვებ-მეთქი (იღიმის)? ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს სტუდია მექნებოდა, უამრავი მოსწავლე მეყოლებოდა და ჩემი პროფესიით, ხალხის დიდ სითბოს, სიყვარულს მოვიპოვებდი. რაზეც ვოცნებობდი, ამიხდა, ოღონდ - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა.

- საკუთარ თავს კარგად იცნობ? - მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის ყველას კარგად ესმის: იცის, რაზეა წამსვლელი და რაზე - არა. ამიტომ ვფიქრობ, საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ადამიანის შეხედულებები იცვლება. გარკვეული საკითხების შესახებ, 16 წლის ჯული სხვაგვარად ფიქრობდა. არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩემი გადადგმული ნაბიჯები ახლა მაოცებს.

- შენი საყვარელი ტელეგადაცემა რომელია? - "ცეკვავენ ვარსკვლავები" (იცინის).

- შენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად, რა გეამაყება? - საერთოდ, ადამიანებში გულწრფელობა მხიბლავს და ვაფასებ. ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმედებები ძალიან გულწრფელი და ალალია. ნებისმიერ ურთიერთობაში ყალბი არ ვარ და ამით ვამაყობ.

- ბოლოს როდის და რის გამო იტირე?

- ჰოროსკოპის მიხედვით, კირჩხიბის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ემოციური გახლავართ (იღიმის). ამიტომ ტირილისთვის მცირე მიზეზი მჭირდება. შეიძლება, მულტფილმის სიუჟეტმაც კი ამატიროს.

- დაფიქრებულხარ იმ ცხოველის ბედზე, რომლის დანაწევრებულ სხეულსაც კერძის სახით თეფშიდან მიირთმევ? - არა. ემოციურობასთან ერთად, ძალიან გურმანი ვარ. ამაზე არ მიფიქრია და რა ვქნა (იცინის)? როცა ვჭამ და ვხედავ, კერძი ლამაზად გამოიყურება, მადას არ ვიფუჭებ - იმაზე არ ვფიქრობ, რა იყო მანამდე, ვიდრე მოამზადებდნენ.

- ბოლოს რა გაჩუქეს? - სპა სალონის სარელაქსაციო ვაუჩერი.

- ფილმის პერსონაჟი შეგყვარებია? - არა, მაგრამ ძალიან მომწონებია. საერთოდ, ვინმეს სერიოზულად შესაყვარებლად დრო მჭირდება. ჰიტ ლეჯერის პერსონაჟის მიმართ დიდი სიმპათია გამჩენია.

- ბოლოს დედამ რის გამო გისაყვედურა? - ვაიმე, ყოველდღე მსაყვედურობს (იცინის), ოღონდ - რა თქმა უნდა, წვრილმანების გამო. ვერ აღგიწერ, ისეთი გიჟური გრაფიკი მაქვს. თან, ახლა პროექტი - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო... ჩემს კვებასთან დაკავშირებით, დედაჩემს ყოველთვის გართულება აქვს. ინტერესდება, დროულად ვჭამე თუ არა ან საერთოდ, ჭამა მოვასწარი? ვხვდები, ასე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო იქცევა, მაგრამ ზოგჯერ ჭამის დრო მართლა არ მაქვს. ამიტომ ბრაზდება და მსაყვედურობს. ბოლო საყვედურიც ამ თემას ეხებოდა.

- ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის ტანსაცმლის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი? - მიმაჩნია, რომ შავი სამოსი აბსოლუტურად ყველა სიტუაციას უხდება - შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ყოველთვის ფორმაში იქნები. ჩემს გარდერობს რომ გადავხედო, ღია სამოსიც მაქვს, მაგრამ მაინც შავი დომინირებს. მიყვარს შავი კაბები, სპორტული ტანსაცმელი... გაგრძელება