"ძალიან ვუფრთხილდები ჩემს სიტყვებს... თუ პირდები უნდა გააკეთო, სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა, განვიცდი" - კვირის პალიტრა

"ძალიან ვუფრთხილდები ჩემს სიტყვებს... თუ პირდები უნდა გააკეთო, სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა, განვიცდი"

"სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება არ შევასრულეთ, მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს სიტყვებს... თუ პირდები უნდა გააკეთო, სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა, განვიცდი, განიცდის გუნდიც, განიცდიან ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მან ასევე ისაუბრა მომხდარის მიზეზზე. "რატომ მოხდა? - ეკითხებიან ხშირად მაჟორიტარებს, მე ჩემს ინტერპრეტაციას ვიტყვი, გავიხსენოთ, 24-ში გავაკეთეთ განცხადება, მანამდე მოთხოვნა ჰქონდათ ორი მათ - მეამობხეებს დავუძახებთ თუ შემტევებს, ამბობდნენ, რომ ისინი კი არ უნდა დაგვესაჯა, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტზე ძალადობდა, არამედ პოლიციელები, მეორე მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები. ჩვენ წავედით ამაზე, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს საზოგადოების, ახალგაზრდების მოთხოვნა იყო... ნელ-ნელა გამოიკვეთა ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობა", საზოგადოება კი გვერდზე დარჩა. ეს ყველაფერი მათგან იყო ორგანიზებული, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ვამბობ, ვგულისხმობ "ევროპულ საქართველოსაც". ლეობორისტებსაც და ყველას. უარესი აგრესია მივიღეთ მათგან. იძახდნენ, - გამოვძალეთ, ვაიძულეთო... გინება-ლანძღვა გვესმოდა, პლენარულ სხდომაზე უარესები მოხდა, ისეთს ამბობდნენ, ვერც გავიმეორებ... ამან გამოიწვია მაჟორიტარების გადაწყვეტილების შეცვლა, ჯერ 3-4 კაცი წავიდა წინააღმდეგ, მერე კიდევ უფრო ბევრი. ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა გუნდი დაშლილიყო, პირველი, რაც მოვახერხეთ თავისუფალი კენჭისყრის გამოცხადება იყო, თუმცა ვფიქრობდით, რომ მაინც გავიდოდა... მაჟორიტარებს აღარ ჰქონდათ გუნდის წინაშე პასუხისმგებლობა, მოხდა ის, რაც მოხდა... გუნდი დაზიანდა, ბევრი ღირსეული წევრი გავიდა ჩვენი გუნდიდან, თუმცა არაფერი დრამატული არ მომხდარა, უბრალოდ ყველა  ემოციურად განსხვავებულად აღიქვამს მომხდარს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასახსნელი არაფერი აქვს, არ არის პასუხისმგებელი მათთან, მაგრამ აქვს ასახსნელი საზოგადოებასთან.