ქართული პარლამენტის "მე-13 რაიონი"?! - კვირის პალიტრა

ქართული პარლამენტის "მე-13 რაიონი"?!

28 ნოემბერს საქართველოს პარლემნტმა მუშაობა, შეიძლება ითქვას, რომ საპოლიციო ალყის პირობებში დაიწყო. პარლამენტის შესასვლელებისკენ გზა ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებიდან, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ოპოზიცია დღესაც გეგმავდა პარალმენტის შესასვლელების პიკეტირებას და დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას, ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ოპოზიციას სამართლადამცავებმა დაასწრეს.

"მე-13 რაიონი" აქვთ გაკეთებული. მთავრობა თვითონ იკეტავს თავს საკუთარი მოსახლეობისგან. ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს? - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების რკინის კონსტრუქციით ჩაკეტვას გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტმა მუშაობა საერთოდ ვერ უნდა შეძლოს.

"პარლამენტი შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგი შედეგი იქნება, საერთოდ თუ არ შევუშვებთ შიგნით, მაგრამ მაგას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი.

გამოდის ის კაცი და ლაპარაკობს, ვითომ ნორმალური მდგომარეობაა, ყველაფერი კარგადაა და ორ კვირაში მიუნხენში გაგიშვებთ სამუშაოდო, გასულია ეს ხალხი, უფრო სწორად ის კაცია გასული და ესენი აყვნენ, საგიჟეთში ვცხოვრობთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს და ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადაახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი. დაახლოებით ვიცით რა ადგილიდანაც შეეცდებიან შემოყვანას, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მთელი პოლიციის ძალას რომ ჩართავენ გმირულად შეაღწევინებენ ვიღაცებს პარლამენტში ასეთი წვალებით, რომელიც მინიმუმ დამსახურებული აქვს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს. ეს გაგრძელდება, ვიდრე ასე უტიფრად იქცევიან", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა  გიგა ბოკერიამ.

"ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება", - ასე უპასუხა ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დესტრუქციული გეგმები, რომელიც პარლამენტის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად, ვერ განხორციელდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით