"არაფერი არ დარჩენიათ ამ კუნთებიანი ადამიანებისა და ღობეების გარდა“ - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - კვირის პალიტრა

"არაფერი არ დარჩენიათ ამ კუნთებიანი ადამიანებისა და ღობეების გარდა“ - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა მაინც შეძლო საღებავით რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. აქციის მონაწილეებმა შეძლეს ასევე ჯებირებზე სტიკერების "შეცვალეს“ გაკვრა.

"ეს ბარიკადები ვერ გაგვყოფს ჩვენ და "ქართულ ოცნებას“, ყველგან შევაწუხებთ და ვერანაირად ვერ მოგვიცილებენ თავიდან,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ასევე დოლარის კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. ვითარება ამ დროისთვის ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დაძაბულია.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დაკავებულებია სამი პირი, მათ შორის ლუკა ბურდული და გიორგი მუმლაძე.

"არაფერი არ დარჩენიათ ამ კუნთებიანი ადამიანებისა და ღობეების გარდა,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის გეგმა კვლავ მმართველი გუნდის წევრებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნაა.

მისი თქმით, მოთხოვნა რჩება იგივე, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

"ეს არის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება?! რაც ახლა ხდება, ამას ხედავს მთელი მსოფლიო, ამ ყველაფერს მარტო ქვეყნის მოსახლეობა არ უყურებს. ჩანს, რომ "რობოკოპებით“ შედიან დეპუტატები. რისთვის შედიან?! უბრალოდ რომ თანამდებობებზე დაინიშნონ თავისი თავები. ეს რეალობა არის არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, არამედ რეგიონებსა და სოფლებში. ეს შეუქცევადი პროცესია.

მშვიდობიანი დემონსტრანტების ეშინიათ და რა დღეში არიან. ვაპირებთ იგივეს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ "ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მათ ჩვეულებრისამებრ პოლიტიკური ცხოვრება ვეღარ აწარმოონ“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ასევე: ქართული პარლამენტის "მე-13 რაიონი"?!

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით