"ეს ბერლინის კედელია საქართველოს დედაქალაქში? - ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში" - კვირის პალიტრა

"ეს ბერლინის კედელია საქართველოს დედაქალაქში? - ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში"

ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პოლიციის მიერ პარლამენტის შესასვლელების რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მიზანი, მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე ეჩვენებინა, თუმცა მისივე თქმით, ეს ივანიშვილმა დღეს თავად გააკეთა.

"მე მინდა, მივულოცო ბატონ ბიძინას და "ქართულ ოცნებას" აი, ეს საოცრება. აი, ამ გზას თუ დაადგა ივანიშვილი ღიად, ძალიან ცუდად... ეს რა არის? ბერლინის კედელი საქართველოს დედაქალაქში? და ჰგონია, რომ ამით შეძლებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას? ჩვენი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი სამარცხვინო სახიდან ნიღბის ჩამოხსნა და ასე კარგად თუ მოახერხებდა ამას თვითონ, არ მეგონა. პარლამენტის ბლოკირება თვითონ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა. ესენი არიან ხრუშოვის დონის ადამიანები, რომლებმაც ერთ ღამეში ააშენეს ბერლინში კედელი და ახლა თბილისში აგვიშენეს. იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში", - განაცხადა ბარამიძემ.

იხილეთ ასევე: ქართული პარლამენტის "მე-13 რაიონი"?!

"ინტერპრესნიუსი"