ირაკლი ღარიბაშვილი: "ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს" - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი: "ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს"

"გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევებისა, დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომელიც გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის, რომ ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან.

მინდა ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა - დღეს ჩვენს ქვეყანას გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"