"გამოვიცვლი, რადგან ყველა ღილი მოხეული და მორღვეული მაქვს და ისევ შევუერთდები მანიფესტაციას" - კვირის პალიტრა

"გამოვიცვლი, რადგან ყველა ღილი მოხეული და მორღვეული მაქვს და ისევ შევუერთდები მანიფესტაციას"

გამოვიცვლი, რადგან ყველა ღილი მოხეული და მორღვეული მაქვს და რა თქმა უნდა, ისევ შევუერთდები მანიფესტაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ განუცხადა, რაც ის სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. უგულავას თქმით, მან გზაში აქციიდან განრიდების მიზეზებიც განემარტა.

"სიმართლე გითხრათ, რაღაც ამდაგვარს სულ ველოდი, იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა, რაციაში გადმოსცემენ. ისე აღმოჩნდა, რომ გარშემო სულ პოლიციელები მედგნენ, მეტაკნენ და წამიყვანეს, დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ეს: თქვენ რადგან ხართ ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ სიტყვას შეიძლება ესკალაცია მოჰყოლოდა და გაგარიდეთო. ჩემს სიტყვას თუ რაიმე სახის ესკალაცია შეიძლება მოჰყოლოდა, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტად მივიღო.

ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ვის დაიჭერენ და ვის არა. ეს ბრძოლა არ დასრულდება ამით. ამის უკან რაც არის, ის თუ ჩვენმა საზოგადოებამ გადაყლაპა, ჩვენ აღარ ვიქნებით საზოგადოება. ეს ეხება "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც. ასეთი საუკუნის მზაკვრობა თუ გავა, მაშინ ყველაფერი გავა. მაშინ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნა, ამის საპირწონედ არის სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, დაგვჭერენ, გაგვარიდებენ თუ მარსზე გაგვაფრენენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"