"პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა" - კვირის პალიტრა

"პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკიდან პოლიციამ გაიყვანა, ყვება, რომ ის სამართალდამცველებმა ავლაბრის მეტროსთან ჩამოსვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

უგულავას თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ მის სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყოლოდა და ამიტომ განარიდეს.

"მითხრეს, პარტიის ლიდერი ხარ და შენს სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყვესო. ჩემს სიტყვას თუ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს, ეს მხოლოდ კომპლიმენტია. ავლაბრისკენ წავედით, იქ ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, სხვა დაკავებულებისა და კერძოდ, გიორგი კანდელაკის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ "მოძალადე მთავრობას" კანდელაკის დაკავება ცუდად აქვს დაცდილი.

"გიორგი კანდელაკის დაკავება მოძალადე მთავრობას აქვს ცუდად დაცდილი. 2003 წელს მახსოვს, კანდელაკი რომ დააკავეს კანცელარიასთან, 3 თვეში შევარდნაძე დაეცა. ასე რომ, თუ კანდელაკი დაკავებულია, ივანიშვილს ცუდად აქვს საქმე", - აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ტაქსში გადაღებული "სელფიც" გაავრცელა წარწერით: "აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე"

"ინტერპრესნიუსი"