"რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია"
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო-მ უნდა განსაზღვროს ვინ არის მისი მტერი. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ნატო-ს ლონდონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა. ვის წინააღმდეგ? ვისგან იცავს თავს ალიანსი? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი? ეს საკითხი სიცხადეს საჭიროებს“,-განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთი ალიანსის მტერი არ არის.
„არის ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც მე ამის შესახებ დროდადრო მსმენია? თუ ჩინეთია? არის ნატო-ს მიზანი, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? მე ასე არ მგონია. ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელიც ყველა ჩვენს ქვეყანას ემუქრება“,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ნატო-ს ლონდონის სამიტი მომავალ კვირას, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება.