"მეომარ ფრინველთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"მეომარ ფრინველთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება"

"მეომარი მტაცებელი ფრინველი ძალზე ამაყია, ბაზიერს კი არ ემორჩილება, პარტნიორად აღიქვამს, ადამიანში მონადირეს ხედავს. სხვა შემთხვევაში მტაცებელი ან გაექცევა, ან შეიძლება დაასახიჩროს ბაზიერი"

ბაზიერობა, ერთ-ერთი უძველესი პროფესია, იმდენად დაფასებული იყო, რომ ბაზიერთუხუცესს მეფესთან შესვლა მოუხსენებლად შეეძლო. მტაცებელი ფრინველების მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. გოჩა კვანტალიანი საქართველოს ბაზიერთა კავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარეა და მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს ბაზიერთა ხელოვნებას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

- როდის დაინტერესდით მტაცებელი ფრინველებით?

- სამი წლის ვიყავი, როდესაც დავინახე, ცაში ერთმანეთში არეული უამრავი ფრინველი წრიულად დაფრინავდა. მამაჩემმა მითხრა, მტაცებელი ფრინველები არიანო. იმ დღიდან დავინტერესდი ამ საოცარი ფრინველებით. მამაჩემის ბებია ვალენტინა ურიდია სამეგრელოს სოფელ ბანძიდან გახლდათ და ბაზიერი ყოფილა. ჩანს, დიდი ბებიისგან გადმომეცა მტაცებელი ფრინველების სიყვარული. მთელი მისი ოჯახი ბაზიერები იყვნენ და ახალგაზრდობაში თვითონაც წვრთნიდა მიმინოს.

ათიოდე წლისა, როგორც კი დროს მოვიხელთებდი, ბუნებაში გავდიოდი და მტაცებელ ფრინველებს ვეძებდი. როცა ხეზე მჯდომ ფრინველს შევნიშნავდი, მივეპარებოდი და ვაკვირდებოდი. როცა გაფრინდებოდა, ხეზე ავიდოდი და ვცდილობდი ზუსტად იმ ტოტს შევხებოდი, სადაც მტაცებელი ფრინველი იჯდა.

ბებიაჩემისა და სოფელ ბანძაში მცხოვრები მემკვიდრეობით ბაზიერი ბახიების ოჯახის დახმარებით ბევრი რამ გავიგე ბაზიერობაზე.

- რამდენად სახიფათოა მტაცებელი ფრინველი? - შეუპოვარი და უშიშარია, მისი ძალა და კლანჭები სასიკვდილოა არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ ადამიანისთვისაც. ნისკარტი ისეთი ძლიერი აქვს, მსხვერპლის ძვლებს შუაზე ტეხს. კლანჭები, განსაკუთრებით ორი, წინა და უკანა, ხმალივით შედის სხეულში, თითებში კი მოჭერის ისეთი ძალა აქვს, რომ მისი გახსნა ძლიერ მამაკაცსაც გაუჭირდება.

- ყველა მტაცებელი ფრინველი ასეთი ძლიერია?

- მხოლოდ მეომარი ფრინველები - არწივი, ქორი, შევარდენი, მიმინო, რომლებსაც ბაზიერები ნადირობისთვის ვიყენებთ. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მეომარი მტაცებელი ფრინველი ძალზე ამაყია, ბაზიერს კი არ ემორჩილება, პარტნიორად აღიქვამს, ადამიანში მონადირეს ხედავს. სხვა შემთხვევაში მტაცებელი ან გაექცევა, ან შეიძლება დაასახიჩროს ბაზიერი.

- თქვენ თუ გქონიათ ფრინველთან დაპირისპირება? - მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემივე შეცდომის გამო საკადრისი პასუხი მივიღე ქორისგან - მსხვერპლი დაიჭირა, მე კი უხეშად ავართვი, რომ არ მოეკლა, თვითონ მიწაზე დავტოვე და ხუთიოდე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, გააფთრებული დამეტაკა სახეში. მოვასწარი გაწევა, თუმცა ხელებზე მეძგერა, სადაც მსხვერპლი მეჭირა და ძალიან დამიზიანა. მაშინ მივხვდი, რომ მეომარ ფრინველთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ადამიანზე მეტად იცის ერთგულება. კარგად ცნობენ პატრონ ბაზიერს და იცავენ. ერთხელ, როცა ქორს ვავარჯიშებდი, ახლომახლო ვიღაც კავკასიურ ნაგაზს ასეირნებდა. ძაღლმა აგრესიულად გამოიწია ჩემკენ. პატრონმა ვეღარ დააკავა. ვეცადე, ავტომობილამდე მიმერბინა, რომ არ დავეკბინე, ამასობაში ფეხი რაღაცას წამოვკარი და დავეცი. მკლავზე ქორი მეჯდა. ძაღლმა საკბენად რომ გამოიწია, ჩემი ქორი ორივე ფეხებით ცხვირში ჩააფრინდა და ისე ჩააჭირა კლანჭები, რომ ამხელა ძაღლი ლეკვივით აწკმუტუნდა, გაიქცა და თან ჩემი ქორიც გაიყოლა. ბოლოს ის დაუბრუნდა პატრონს, მე კი ჩემი ქორი იქვე ხეზე შემომჯდარი ვიპოვე.

- თქვენი სასაუბრო ენა თუ გაქვთ ფრინველთან? - როცა ვუსმენ, ვხვდები, როდის გამოსცემენ გაბრაზების, გაფრთხილებისა თუ შიშის ხმებს. ვცდილობ მეც მის ხმაზე ვესაუბრო სხვადასხვა ტონალობის სტვენით და ისიც იმავე სტვენით მპასუხობს. არაფერი შეედრება განრისხებული ან მშიერი მტაცებელი ფრინველის ყიჟინას, თმა ყალყზე დაგიდგება. ერთხელ მამრი ქორი გამიფრინდა, ორი დღე ვეძებე სახლის ახლოს ტყეში და ის იყო, უნდა დავბრუნებულიყავი, რომ განრისხებული ქორის საოცარი კივილი შემომესმა. მაშინვე მისი ხმის მსგავსად დავუძახე და რამდენიმე წამში მიპოვა, გაბრაზებული დაჯდა საფუხარზე (ტყავის ხელთათმანზე).

- როგორც ვიცი, არაბ შეიხებს სტუმრობთ თქვენი ფრინველებით... - დუბაიში მსოფლიო ბაზიერთა ფესტივალზე ვიყავი. შეიხ ზაედის სახელობის ბაზიერთა მუზეუმში გაიმართა შეხვედრები, მეცნიერული ფორუმები. ვმონაწილეობდი შევარდნებით ნადირობასა და წვრთნაშიც. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბაზიერობა დიდ პატივშია, მილიონები იხარჯება ამ საქმეში. მტაცებელ ფრინველთა რეაბილიტაციისა და სამკურნალო ცენტრებს შეიხები მილიონებს სწირავენ, დიდი ყურადღება ექცევა ამ ფრინველთა საშენებსაც.

ხათუნა კორთხონჯია