"ახლა მთავარი ამოცანა 30-წლიანი მოჯადოებული წრის გარღვევაა"
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის მიუხედავად, კვლავაც გაურკვეველია, გადაინაცვლებს თუ არა პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან პარლამენტში. დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიციონერი ლიდერები კმაყოფილი არიან, რომ დიალოგი დაიწყო და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დათმობებზე კიდევ წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების რადიკალიზაციით იმუქრებიან. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მიიღებენ. "არც ერთ კითხვაზე პასუხი არა აქვთ, საშინლად წვალობენ. ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას" და ამას გავაგრძელებთ გარეთ პროტესტით".
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ლიდერებს "პიკეტოლოგებს" უწოდებს და პირობას დებს, რომ "ოპოზიციის აგრესიას გასაქანი არ მიეცემა".
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი დასრულებულიც არ იყო, რომ მათი მხარდამჭერები ზოგიერთ რაიონში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თუ პროცესი შეუქცევადი გახდა, რას მიიღებს ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ და სხვა მნIიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ექსპერტებს ვახტანგ ძაბირაძესა და დემურ გიორხელიძეს ვესაუბრეთ.
"უნდა შევქმნათ მესამე ძალა, რომელიც ორ მონსტრს ერთმანეთზე შესკდომის საშუალებას არ მისცემს"
- ბატონო ვახტანგ, რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის ჩარევით მოლაპარაკება შედგა. რას გვეუბნება ეს ფაქტი?
- ხელისუფლებამ, რომელმაც უარი განაცხადა თავისი დანაპირების შესრულებაზე, ვერ განსაზღვრა, რა მოჰყვებოდა ამას. ბუნებრივია, პროტესტს ელოდა, მაგრამ ასეთ ძლიერ ზეწოლას და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ვერ წარმოიდგენდა. დღეს ასეთი მოცემულობაა - საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლა და ოპოზიციის პიკეტი არ წყდება, ხელისუფლება თავისი მხარდამჭერებით ერთ მხარეს არის, საზოგადოების ნაწილი - მეორე მხარეს. მეორე მხარე, რა თქმა უნდა, ერთიანი არ არის, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხში ყველა თანხმდება, რომ "ოცნების" მოქმედება უპრეცედენტოა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ პროპორციული არჩევნები დაპირება კი არა, მხოლოდ იდეა იყო და მაჟორიტარები აუჯანყდნენ ივანიშვილს, ეს საქმეს ვერ შველის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოჩნდა გერმანული მოდელის ქართული ვერსია. ჩვენ მოვისმინეთ დავით უსუფაშვილისა და ირაკლი კობახიძის გერმანული მოდელის შესახებ დებატები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კობახიძე ლაპარაკობდა იმაზე, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ იმ ჩანაწერში, რომელიც კონსტიტუციაში არსებობს, უსუფაშვილი კი ამბობდა, რომ თუ ჩანაწერს წავიკითხავთ ისე, როგორც წერია, ყველაფერი დალაგდება. როგორც ჩანს, ხელისუფლება არც იმისთვის იყო მზად, რომ საზოგადოება არგუმენტად არ მიიღებდა მაჟორიტარების მოთხოვნას არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარების შესახებ. კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ორივე მოდელი გადავუგზავნოთ ვენეციის კომისიას, რომლის კომპეტენტურობას ეჭვქვეშ არც ერთი მხარე არ აყენებს. კარგია ისიც, რომ დიალოგი შედგა, მაგრამ აჯობებდა ეს დიპლომატიური კორპუსის ჩაურევლად მომხდარიყო. წესით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს უფრო უნდა უწევდეს ანგარიშს, ვიდრე ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს.
- ხელისუფლება როგორ გაუწევს ანგარიშს საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც დესტრუქციულად მიიჩნევს? - პოლიტიკოსებზე რაც უნდათ, ის თქვან, მე ხალხს ვგულისხმობ. ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ ხალხზე, თუ ფიქრობენ, რომ დაიჯერა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სცენარის გათამაშება.
- ხელისუფლება ასევე ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს და სრულად მაჟორიტარულ სისტემას უჭერს მხარს. - ჯერ ერთი, საარჩევნო სისტემაზე კი არა, ხელისუფლების უკან წაღებულ პირობაზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, რა მექანიზმები აქვთ მაჟორიტარებს ისეთი (ზოგიერთ ბიზნესმენს არ ვგულისხმობ), რომ მოსახლეობას ყოფითი პრობლემები მოუგვარონ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამოკითხული რესპონდენტების 90%-ს თავისი უბნის მაჟორიტარი თვალითაც არ უნახავს.
- როგორ შეაფასებთ პარლამენტში ახალშექმნილი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" პოზიციას, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის ბრძოლაში იმ მოტივით, რომ "ნაციონალებსა" და მათთან აფილირებულ ძალებს არ ენდობიან? - აქ ლაპარაკია ინტერესთა ერთიანობაზე. თუ ეს ხალხი პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა აინტერესებდეს, როგორი საარჩევნო სისტემა გვექნება. თუ მათ პიკეტირების ფორმები არ მოსწონთ, გასაგებია და პიკეტირებაში არც მონაწილეობენ.
- პიკეტირებაში არ მონაწილეობს "ლელოც". ექსპერტები ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ "ლელოს" შანსი, დაეკავებინა მესამე ძალის ნიშა, მცირე იყო, რადგან არჩევნებისთვის მოსამზადებლად დრო აღარ ჰქონდა. რა რესურსი შეემატა "ლელოს" მას შემდეგ, რაც "შენების პარტიასა" და "მემარჯვენეებთან" გააფორმა პოლიტიკური თანამშრომლობა? - ძალიან გამიკვირდა, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ამ ორგანიზაციის დაფუძნებისას თქვა, პოლიტიკოსები არ გვჭირდებაო. 2011 წელს ივანიშვილის პოპულარობა განუზომლად დიდი იყო, თუმცა მან სწორად შეაფასა რეალობა და შექმნა პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება. მან საკუთარი სუსტი წერტილებიც კარგად გათვალა, რუსეთუმეობა რომ არ დაეწამებინათ, სულ პროდასავლური პოლიტიკური ძალები შემოიკრიბა. საინტერესოა, მოძებნის თუ არა "ლელოც" თავის სუსტ წერტილებს და იმუშავებს თუ არა მათ აღმოფხვრაზე ან დაფარვაზე. კKარგია, რომ პირველი ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა დაიწყო, ახლა მთავარია, ფანჯარა არ დახუროს და სხვა პროდასავლურ ძალებსაც დაუტოვოს მისასვლელი გზა.
ახლა ქართველი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სტაბილურობის შენარჩუნებით ოცდაათწლიანი მოჯადოებული წრის გარღვევა და ევროპულ პლურალისტულ სივრცეზე გადასვლაა. აუცილებად უნდა შევქმნათ მესამე ძალა, რომელიც ორ მონსტრს ერთმანეთზე შესკდომის საშუალებას არ მისცემს. მათ უნდა იცოდნენ, თუ ზღვარს გადავლენ, მათი ელექტორატი მესამე ძალას აირჩევს. ახლა ამბობენ, რომ ფული მხოლოდ "ოცნებას" და "ნაციონალებს" აქვთ და მესამე ძალას რესურსი არა აქვს. მესამე ძალის შექმნას ყველაზე ნაკლებად სწორედ ფული სჭირდება. ფული, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იდეებია.
- თქვით, რომ ივანიშვილმა 2011 წელს რეალობა ზუსტად შეაფასა, ახლა რამდენად რეალურად აფასებს? - ივანიშვილს სიტყვა ბევრჯერ გაჰქცევია, მაგრამ მისი ბოლო ინტერვიუ კატასტროფა იყო. მას აღარ ესმის ხალხის ხმა, სალაპარაკოც აღარაფერი აქვს. მთელი ინტერვიუს განმავლობაში ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მისი დაბრუნების საფრთხეზე ილაპარაკა, ესე იგი, ხელისუფლებაში იძულებით ვარ, ვაითუ "ნაციონალებმა" ქვეყანა დაღუპონო. Yჩვენ ყველა ხელისუფლება გვამუნათებს, თუ გამიშვებთ, ქვეყანა თავზე დაგექცევათო. არადა, პირიქითაა, მათი არწასვლაა მთავარი პრობლემა.
"ივანიშვილი აპირებდა დანაპირების შესრულებას, მაგრამ განწყობა შეეცვალა"
დემურ გიორხელიძე: - გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება, სცენარი იგივეა - ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, ოპოზიცია გამოდის ქუჩაში. როგორც ოცდაათი წლის წინ, ახლაც ჩვენს ქვეყანაზე საგარეო ფაქტორები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ახდენს გავლენას. ახალი არაფერია, ყველაფერი ძველია - ეკონომიკა სუსტია და მომავალში უფრო დასუსტდება. ჩვენ უკვე ისეთ ზღვარზე ვართ, ცუდი ამბები ვეღარაფერს ცვლის, ისედაც ყველაფერი ცუდადაა. ერთი წელი ეკონომიკისთვის დაკარგულია, ყველა ემზადება არჩევნებისთვის, რეფორმებისთვის არავის სცალია. ერთადერთი, ვისაც ახლა, წესით, კონფრონტაცია არ უნდა აწყობდეს, ხელისუფლებაა, თუმცა ვითარების დარეგულირების სურვილს ვერ ვხედავ. პოლიტიკაში გამუდმებით ასე ხდება - ხილულად სხვა რამ ჩანს, ქვეტექსტები და კონტექსტები სხვაგვარია. დასანანია, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ აცნობიერებენ.
- რას ხედავთ თქვენ ხილული მოვლენების მიღმა? - ხალხი ძალიან ენდობოდა "ოცნების" ხელისუფლებას, თუმცა მმართველმა გუნდმა ამ შვიდი წლის განმავლობაში ის უსაშველოდ გაფლანგა, თანაც ისე, რომ არავინ მიხმარებია. ნეგატიური განწყობები ნელ-ნელა აკუმულირდა და ასეთი შედეგი მივიღეთ. ხელისუფლებაში არ არიან პროფესიონალები, ჰგონიათ, რადგან ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ყველაფერს გააკეთებენ, რასაც მოინდომებენ. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ერთი კოზირი - "მე ხომ ისეთი არა ვარ, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". ამან ერთხანს იმუშავა, მაგრამ ამის რესურსიც ამოიწურა. შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ამაზე ლაპარაკით იმდენად დააზიანე შენი რეპუტაცია, რომ "ნაციონალებს" ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ამდენს ვერ შეძლებდნენ.
ხელისუფლებას ჰგონია, პროტესტი განელდება, მაგრამ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა სულ პატარა საბაბმაც ააფეთქოს სიტუაცია. მთელმა საქართველომ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში. ერთხელ ჩანაწერი აჩვენეს და აფეთქდა სიტუაცია. ხელისუფლება ამის საფრთხეს ვერ ხედავს, გულარხეინად არის. მისი განცხადებები არანაირ პოლიტიკურ რაკურსში არ ჯდება და ეს ძალიან საშიშია.
- როგორ გგონიათ, მათი არხეინობა რეალურია თუ თამაშობენ? - არ თამაშობენ, მართლა ფიქრობენ, რომ მათი ძალაუფლება განუსაზღვრელია და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თავიანთი საქმისა არაფერი გაეგებათ. არადა, პოლიტიკას სპეციფიკური განათლება სჭირდება.
ნორმალური ადამიანი ყველაფერს იმის მიხედვით უნდა აფასებდეს, რა სურს და რას იღებს იმ გარემოში, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. თუ უმუშევრობას, სოციალურ საკითხებს და შვილების მომავალს უპირატესად მივიჩნევთ, ვიდრე ამა თუ იმ ბელადის ერთგულებას, კარგი იქნება.
- ხელისუფლება ამბობს, ეკონომიკა ვითარდება, ოპოზიცია ცდილობს რეალობის სხვაგვარად წარმოჩენასო. - ჩვენ გვაქვს უსუსტესი მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მთავრობას არა აქვს განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, მხოლოდ მდგომარეობის შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული. შვიდი წლის განმავლობაში სწორად რომ წარმართულიყო ეკონომიკური პოლიტიკა, ახლა ასიათასობით სამუშაო ადგილი გვექნებოდა.
- როგორ გგონიათ, როდესაც ივანიშვილი იაფ ფულს, განახევრებულ საგადასახადო ტარიფებს და სამუშაო ადგილებს გვპირდებოდა, გულწრფელი იყო? - "ოცნებამ" 14 თვით მიმიწვია სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე სამუშაოდ. ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად ვიმუშავე. ის, რაც გავაკეთეთ, დღესაც უალტერნატივოა, მაგრამ არავინ იყენებს. ივანიშვილი აპირებდა დანაპირების შესრულებას, მაგრამ განწყობა შეეცვალა. რატომ, არ ვიცი.
- მან ქართველების უცხოეთში დასაქმებაზე ისაუბრა. დღემდე ყველა ხელისუფლება ემიგრანტების დაბრუნებასა და ქვეყნის ეკონომიკაში მათ ჩართვაზე ლაპარაკობდა. რაზე მეტყველებს ივანიშვილის ეს ახალი გზავნილი? - ივანიშვილმა არასწორი აქცენტი გააკეთა. ქვეყანას იმიტომ ჰყავს ხელისუფლება და იმიტომ არსებობს რესურსები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. როდესაც საკუთარ რესურსებს სწორი მაკროეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გამოვიყენებთ, უცხოელებიც დაინახავენ და ინვესტიციებიც შემოვა. ინვესტორი კერძო ბიზნესმენმა უნდა შემოიყვანოს და არა ხელისუფლებამ. რა ესაქმება ინვესტორს პრემიერთან ან ივანიშვილთან? ის ბიზნესმენთან უნდა მიდიოდეს. ამ მახინჯი ოლიგოპოლიური ჯგუფების გამოისობით კონკურენციასა და განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს მახინჯი სახელმწიფო აპარატი ქმნის რეგულაციებს ნებისმიერ სფეროში და მხოლოდ საკუთარ ლობისტურ ჯგუფებს იცავს. ასე ხდება საბანკო, საფინანსო და აუდიტის სფეროში. უპირველესად ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმება კი კომპონენტი უნდა იყოს და არა მთავარი გზა. თუ ეს მთავარ ამოცანად დაისახეს, 15 წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სასტუმრო "ბილტმორში" ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: "იმ პოლარიზაციისა და ნდობის დაკარგვის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოლო დროს ვიხილეთ, ძალიან სასარგებლო დიალოგი გაიმართა, რითაც ბედნიერი ვარ". მისივე თქმით, ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული. "არ მქონია მოლოდინი, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით. მსურდა, მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები. იმედია, ეს შეხვედრა სამომავლოდ კარს გახსნის..."
მოძრაობა "შენების" ლიდერი დავით უსუფაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრით დახურული კარი გაიხსნა, თუმცა განსხვავებულია "ქართული ოცნების" პოზიცია. "როდესაც ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში დარწმუნდა, ზოგად იდეებზე გადაერთო. ერთმანეთთანაც არ ჰქონდათ ეს იდეები შეთანხმებული", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
ხათუნა ბახტურიძე