"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ "ნაციონალ­ური მოძრაობა" ცივილური და გონიერი ძალაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ "ნაციონალ­ური მოძრაობა" ცივილური და გონიერი ძალაა"

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრასთან" აკაკი ბობოხიძე საუბრობს:

აკაკი ბობოხიძე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი: - თუ "ქართულ ოცნებას" ეყოფა გონიერება და შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს, ხომ კარგი, თუ არ ეყოფა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცივილური და გონიერი ძალაა, მაგრამ პატივს ვცემთ დასავლელ პარტნიორებს და ველოდებით მათი შეხედულებების შეცვლას...

"ქართული ოცნება" ისეთ განცხადებებს აკეთებდა, წესით, უარი უნდა გვეთქვა მოლაპარაკებაზე. უნდოდათ, შედეგისთვის ვერ მიგვეღწია და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაჰკისრებოდა. ამის საშუალებას არ მივცემთ. დღეს თუ ვინმემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, სწორედ "ოცნება" იყო.

- მათ თქვეს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული იდეები და მოთხოვნები. - მათ ისიც თქვეს, თითქოს გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, რაც აბსურდია. "ოცნება" ჯიუტად გაიძახის თეთრზე, შავიაო, მაგრამ ეს მოდელი გაიგზავნება ოდირში და დაველოდებით პასუხს. ხელისუფლებას მუდმივად უწევს სიტყვების უკან წაღება. ივანიშვილს ძალიან არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ იძულებული გახდა... ჩვენ უკანდასახევი გზა არ გვაქვს. თუ ხელისუფლება გერმანულ მოდელზე უარს ამბობს, მიიღებს იმას, რაც მიუღია ყველა დიქტატორს. შემიძლია ჩამოთვლა დავიწყო ჩაუშესკუთი და დავასრულო იანუკოვიჩით.

- რადიკალიზაციით იმუქრებით? - ეს ჩვენი არჩევანი არ არის. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

- როგორ გგონიათ, მხარს დაგიჭერენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით დგანან თქვენ გვერდით და პიკეტირებაში არ მონაწილეობენ? - რა ნიშნით გვყოფთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა ერთიანი ვართ?

- თქვენ უფრო რადიკალურები ხართ... - ჩვენი არჩევანი არც რადიკალიზაციაა და არც მათ გვერდით დგომა. დღეს ირმა ინაშვილიც კი პროდასავლური პარტიების პოზიციას იზიარებს. ყველა იმას ვაკეთებთ, რასაც გვაიძულებს "ოცნება". რატომ ამბობთ, რომ პიკეტირებაში ყველა არ მონაწილეობს? სწორედ პიკეტირების დროს დააპატიმრეს ნინო ბურჯანაძის ხალხი, "ლეიბორისტები", "ევროპული საქართველოს" წევრები, "ნაციონალები"... აბა, მაჩვენეთ, ვინ არ მონაწილეობს?

იმედია, "ოცნება" გონს მოეგება და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაფერის პასუხს მიიღებს.