"მათი ამოცანაა რევოლუციური გზა არჩევნების გარეშე" - კვირის პალიტრა

"მათი ამოცანაა რევოლუციური გზა არჩევნების გარეშე"

"ოპოზიციას საარჩევნო საკითხი კი აქვს წინ წამოწეული, მაგრამ მათ დღის წესრიგში მაინც რჩება ის ამოცანა, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს, "რუსთავი 2"-თან პირდაპირი ჩართვის დროს დასახა..."

გია ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: - ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ კიდევ გვექნება შეხვედრის ერთი რაუნდი, ისეთივე ხისტი არ ვიქნები, როგორიც ჩვენი ოპონენტები არიან. არსებობს საპროტესტო მიტინგების ანატომია და ოპონენტების ხისტი განცხადებებიც ამის გამოძახილია.

რაც ყველაზე მთავარია, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე ერთნაირ პოზიციას გამოხატავენ. ისინი ამბობდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის გერმანული მოდელი. ამ საკითხის დეტალური განხილვისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თვითონაც არ არიან დარწმუნებული, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება. ამ საკითხზე დეტალურად სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი - ამ მოდელის მიხედვით, მანდატები ნაწილდება პროპორციული სისტემით. როგორც უნდა იყოს არჩეული დეპუტატი, ის ხვდება სიაში პროპორციული სისტემით და 150 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით.

ე.ი. ჰიპოთეზურად რომ ვიმსჯელოთ და არჩევნები გერმანული მოდელით ჩავატაროთ, ნებისმიერ პარტიას ან პოლიტიკოსს, რომელიც პარლამენტის გარეთ დარჩება, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლო კი დაადგენს, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურად ჩატარდა. აი, სწორედ მაშინ შეიქმნება ის კრიზისი, რომლის შექმნასაც ასე ესწრაფვის ზოგი ჩვენი ოპონენტი.

დაბოლოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის საკითხი კი აქვს წინ წამოწეული, მაგრამ მათ დღის წესრიგში მაინც რჩება ის ამოცანა, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს, "რუსთავი 2"-თან პირდაპირი ჩართვის დროს დასახა - რევოლუციური გზა არჩევნების გარეშე. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ოპონენტები, რომლებიც საჯაროდ, პრესასთან მკვახე განცხადებებს აკეთებენ, დახურულ შეხვედრაზე ძალიან კონსტრუქციულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მოლაპარაკებისას ეტიკეტისთვის ერთხელაც არ გადაუხვევიათ.

ხათუნა ბახტურიძე