ვატო შაქარაშვილი: "ხალხის შეშინებამ, მიშა დაბრუნდებაო, კარგად ახეირა "ოცნება" - კვირის პალიტრა

ვატო შაქარაშვილი: "ხალხის შეშინებამ, მიშა დაბრუნდებაო, კარგად ახეირა "ოცნება"

"რა უნდა ვთქვა გუბაზ სანიკიძეზე? ჩვენი პოლიტიკოსები დიდი მორალით არასდროს გამოირჩეოდნენ, თუმცა ახლა საერთოდ ფსკერზე დაეშვნენ. დასკვნითი ლუსტრაცია მიმდინარეობს როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება ნათლად დაინახავს, ვინ ვინ არის..."

რა თამაშში არიან ჩართული ხელისუფლება და ოპოზიცია, ამის შესახებ საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი გვესაუბრება:

- "ოცნება" იზოლაციონისტურ პოლიტიკას ეწევა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ხალხის მოტყუებას ცდილობს. საქართველოს პარლამენტში გათამაშებული უნიჭო სცენარი, თითქოს ივანიშვილს მაჟორიტარი დეპუტატები აუჯანყდნენ, გაგრძელებაა იმ უტიფრობისა, რაც მოსამართლეების არჩევის პროცესში ხდებოდა. "ოცნება" ყველაფერს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

- "ოცნების" მიერ შექმნილ რეალობას რამდენად ადეკვატურად პასუხობს საზოგადოება? - დღეს რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი არ დგას, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პროტესტი არ არის. იმ პოლიტიკოსებზე კი, ვისაც ავანგარდში ვხედავთ, საზოგადოებას დიდი ხანია დასკვნა გამოტანილი აქვს, ისინი ხელისუფლებაშიც გვინახავს... მაგრამ "ოცნებას" მაშველ რგოლად ესახება მორალურად გახრწნილი და დისკრედიტირებული ძალები. ჰგონია, მათ ფონზე ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის მოტყუების, გადაგდების, სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეების ხალხის თავზე დასმის... "ნაციონალები" რეალური საფრთხეა. ისინი მოწყურებული არიან ძალაუფლებას, რომელიც ქართველმა ხალხმა ძლივს გამოსტაცა ხელიდან სისხლის ღვრისა და წამების ფასად, თუმცა ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეა "ქართული ოცნებაც" მისი მართვის სტილითა და კორუფციული ელემენტებით. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: "ნაციონალები" ხალხმა გაუშვა ხელისუფლებიდან, მაგრამ ისინი "ოცნებამ" პოლიტიკურ ავანსცენაზე დატოვა და შეიძლება ითქვას, დიდწილად შეითვისა კიდეც. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკურ ველზე არ უნდა იყოს არც ერთი მათგანი. მათი ხვედრითი წილი პოლიტიკაში არაადეკვატურად დიდია. ერთობლივად ორივე ძალის მომხრე უფრო ნაკლებია, ვიდრე მოწინააღმდეგე. რა იყო "ნაცმოძრაობის" მახასიათებელი? თუ გქონდა განსხვავებული აზრი, პროტესტი, არ ეგუებოდი რეჟიმს, რუსეთის აგენტი იყავი. დღეს თუ გაქვს საწინააღმდეგო აზრი და აკრიტიკებ ივანიშვილს, პირდაპირ სახელდები "ნაციონალად". პარადოქსია, როცა მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც ახალგაზრდობა "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლაში გაატარა, "ნაციონალს" ეძახიან.

"ნაციონალებმა" ძალიან განიცადეს ხელისუფლების დაკარგვა და მარგინალიზებული ძალები ყველაფერს იკადრებენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მათი დაბრუნება ძვირად დაუჯდება საზოგადოებას.

ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს აქვთ რესურსი, ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენონ. ხალხის შეშინებამ, მიშა დაბრუნდებაო, კარგად ახეირა "ოცნება". საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 600 000-მა ამომრჩეველმა არ მიიღო მონაწილეობა, ეს ძალიან დიდი ციფრია, მაგრამ მეორე ტურში მათ იძულებითი არჩევანი გააკეთეს და არ დაუშვეს "ნაციონალების" გამარჯვება. ივანიშვილმა თავის ინტერვიუში სწორედ ამ ხალხს უწოდა გენეტიკურად ბრძენი და ღირსეული ხალხი, ისიც აღნიშნა, რომ კრიტიკულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ვეთანხმები ბატონ ბიძინას, მაგრამ ის, რომ ეს ხალხი ახლა ქუჩაში არ დგას, წესით, არ უნდა ამშვიდებდეს.

- სწორედ ამის გათვალისწინებით და იმით, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნას გაერთიანებული ძალით უყენებს, რატომ უნდა გვეშინოდეს, რომ ისევ "ნაციონალებს" ვიხილავთ მმართველებად?

- დამიჯერეთ, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა პოლიტიკურ ძალას შთანთქავს. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი პოლიტიკური ძალა გაერთიანდა, პროცესებს "ნაციონალები" მართავენ და ყველაფერს გააკეთებენ რევანშით დასაბრუნებლად.

- კარგი, "ნაციონალებს" უნდათ რევანში, სხვა ძალებს, მაგალითად, ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძეს, დეკლარირებულ მოთხოვნებს მიღმა, რა შეიძლება სურდეთ? - საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, სხვა რა უნდა ვთქვა გუბაზ სანიკიძეზე? ჩვენი პოლიტიკოსები დიდი მორალით არასდროს გამოირჩეოდნენ, თუმცა ახლა საერთოდ ფსკერზე დაეშვნენ. დასკვნითი ლუსტრაცია მიმდინარეობს როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება ნათლად დაინახავს, ვინ ვინ არის.

- ფიქრობთ, ვინც ახლა ქუჩაში დგას, ყველა ამორალურია? - არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთს ისეთი პოლიტიკური წარსული აქვს, წესით, ხმას არ უნდა იღებდეს. პერსონიფიცირება არ მინდა, ვისაც ვგულისხმობ, კარგად ხვდებით. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც არ აპირებენ "ნაციონალებთან" თანამშრომლობას და მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე იზიარებენ მათ პოზიციას, მე მათ არც რჩევას ვაძლევ და არც შენიშვნას, მაგრამ მიკვირს, როგორ შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ან თუნდაც სხვა სიკეთისთვის იბრძოლო ბოროტ ძალასთან ერთად?! გებელსთან ერთად ებრაელი ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა ხომ ალოგიკური იქნებოდა? ჩემთვის მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. "ნაციონალების" თამაშში ჩაბმას ძალიან დიდი რისკი ახლავს და ეს მათ გვერდით მდგომმა ძალებმაც იციან. თუმცა სხვადასხვა პოზიციის მქონე პირების გაერთიანებაც "ოცნების" დამსახურებაა.

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ "ოცნებამ" თავი დაანება პოლიტიკას და მზაკვრობაზე გადავიდა, ყველაფერს აკეთებს მთელი ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციისთვის.

- ყველა სირთულის მიუხედავად, ხომ არ დადგა დრო, გამოიკვეთოს მესამე ძალა? - ივანიშვილმა კი თქვა, რომ პოლიტიკაში და საზოგადოდ, ქვეყანაში ადამიანური რესურსის სიმწირეაო, მაგრამ ქართველებს გვყავს ნიჭიერი, პროფესიონალი და წესიერი ადამიანები. ჩვენ გვჭირდება კეთილსინდისიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. მე ვგულშემატკივრობ საპარლამენტო პროცესში შექმნილ ფრაქციას, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. ამ ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა და თანამდებობა მათი პრიორიტეტი არ არის. ყველამ დაინახა, რომ მათ არ გაუჭირდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მათ აქვთ მორალური უფლება ესაუბრონ საზოგადოებას და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი.

- თქვენი გეგმები რამდენად უკავშირდება ამ გუნდს?

- მე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ სამაჟორიტარო ოლქს წარმოვადგენთ და დიდი ხნის მეგობრები ვართ. ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია, თუმცა რა ტიპის თანამშრომლობაში გადაიზრდება, ამაზე საუბარი ნაადრევია. პოზიციებს ვაჯერებთ და შესაძლოა ეს პოლიტიკური თანამშრომლობის საფუძველიც გახდეს.

ხათუნა ბახტურიძე