რა პოზიციას დაიკავებენ პოლიტიკურ "ომში" დამოუკიდებელი დეპუტატები - კვირის პალიტრა

რა პოზიციას დაიკავებენ პოლიტიკურ "ომში" დამოუკიდებელი დეპუტატები

ლევან გოგიჩაიშვილი: "ივანიშვილის მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც "ნაციონალებთან" მიდენოს"

ცოტა ხნის წინ ცნობილი შეიქნა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ქმნის ახალ ფრაქციას "დამოუკიდებელი დეპუტატები". მის შემადგენლობაში იქნებიან მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე. როგორი იქნება ფრაქციის დღის წესრიგი და ახალი გუნდის როლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენი ახალი ფრაქცია, ახალი დღის წესრიგითა და ხედვით, მომავალზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაკავშირებს. ვართ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მემკვიდრეები, ერთი ნაბიჯითაც კი არ გადაგვიხვევია თავისუფლების გზიდან. ჩვენი მისიაა თავისუფლებისა და დემოკრატიულობის განმტკიცება.

- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მემკვიდრეობაზე, ალბათ, პრეტენზია აქვთ თქვენივე თანამოაზრეებს, თუნდაც ეკა ბესელიას, თამარ ჩუგოშვილს... როგორ მოხდა, რომ დღეს თქვენ გვერდით არ არიან? - ნებისმიერი ჩვენი კოლეგა, რომლებთან ერთად ბევრი კარგი რამე გვაქვს გაკეთებული, ჩვენთვის ძვირფასია, მათთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს. იმედია, სწორი პოზიციის ადამიანები პარლამენტში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანას შეძლებენ და ეს არ იქნება არც "ოცნების" და არც "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგი.

- ივანიშვილმა თქვა, რომ დღეს ფული მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. თქვენ რა რესურსი გაქვთ ამ პოლიტიკურ ძალასთან ბრძოლაში? - ასეთი მოცემულობა ნამდვილად გვაქვს - ფული აქვს "ოცნებას" და ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხისთვის მოპარული ფული შეენარჩუნებინა "ნაცმოძრაობასაც". მეტიც, ყველაფერი გააკეთა, რომ კეზერაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება გაქარწყლებულიყო და "ნაციონალების" მიერ მოპარული თანხები კონცენტრირებულიყო იმ ჯგუფებზე, რომლებიც მას ძალაუფლებას ვერ წაართმევენ. დღეს რომ "ნაცმოძრაობა" არსებობს თავისი "ევროპული საქართველოთი" და სხვა განშტოებებით, ივანიშვილის დამსახურებაა. ახლა გვეუბნება, არაფერი გამოვა, ბილეთს გაგიიაფებთ და ქვეყნიდან წადითო. 2012 წელს ის იყო გმირი, ლიდერი, რომელიც შეებრძოლა სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ ახლა ის უიმედო ლიდერია, რომელიც შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ გვეუბნება, რომ "ნაცმოძრაობას" მაინც სჯობია.

- თქვენ "ოცნების" წევრი იმიტომ გახდით, რომ ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა, თუ ამ პოლიტიკურ ძალაში ქვეყნის განვითარების პერსპექტივასაც ხედავდით? - როდესაც მე "ოცნების" წევრი გავხდი, გუნდის ოფიციალური ლიდერი იყო გიორგი კვირიკაშვილი და რეალობაც იყო სხვაგვარი - გუნდი იყო ორიენტირებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სასამართლო რეფორმის გატარებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო. შესაბამისად, ვეღარ დავინახე ჩემი თავი იმ რეალობაში, რომელიც ივანიშვილმა თავისი "მეორედ მოსვლის" შემდეგ შექმნა. ჩხარტიშვილის, მამაცაშვილის, "რიჟასა" და მსგავსი წურბელების გვერდით ჩემი და ჩემი მეგობრების ადგილი არ იყო.

- გიორგი კვირიკაშვილს ახლაც ხომ არ ვიხილავთ თქვენი ახალი გუნდის ლიდერად? - ეს დამოკიდებულია თავად კვირიკაშვილზე. ყველა შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით გავაჩინოთ ახალი პოლიტიკური პლატფორმა და დავანგრიოთ "ოცნებისა" და "ნაციონალების" შექმნილი ორპოლუსიანობა.

- ორპოლუსიანობაზე საუბრობენ ორგანიზაცია "ლელოს" ლიდერები და მათი ახალი პარტნიორები - დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე. სხვა საკითხებშიც შეინიშნება თქვენი შეხედულებების იდენტურობა. ხომ არ არის შესაძლებელი ამ ძალასთან თანამშრომლობა? - როდესაც მათ ექნებათ საკუთარი დღის წესრიგი და არანაირ კავშირში არ იქნებიან არც "ოცნებასთან" და არც "ნაციონალებთან", სიამოვნებით ვიფიქრებთ მათთან თანამშრომლობაზე.

- არ ფიქრობთ, რომ მოთხოვნები, რომლებსაც ისინი ხელისუფლებას უყენებენ საარჩევნო სისტემის შესახებ, მნიშვნელოვანია? - თქვენ გგონიათ, "ნაცმოძრაობას" მართლა პროპორციული არჩევნები უნდა? თავის დროზე სააკაშვილმა ეს მოდელი გააკრიტიკა. "ნაცმოძრაობა", როგორც ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ორიენტირებული ძალა, ცდილობს ადამიანური სენტიმენტები გამოიყენოს ქაოსის შესაქმნელად და გადატრიალების მოსაწყობად. "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" ყალბი ორგანიზაციებია, საკუთარ დღის წესრიგს არგებენ პოლიტიკურ რეალობას. ნახეთ, რას ცდილობს ივანიშვილი - ინტერვიუში მხოლოდ "ნაცმოძრაობაზე" ისაუბრა. მისი მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც "ნაციონალებთან" მიდენოს და ყველას ერთი საერთო სახელი დაარქვას. ფიქრობს, რომ თუ ასეთ რეალობას შექმნის, მას ვეღარავინ მოერევა. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ამ ორ მონსტრს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი.

- რას იტყვით "ოცნების" შეთავაზებაზე, რომ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც "ნაცმოძრაობის" კანდიდატი არ იქნება, მმართველი ძალა იქ არც თავის კანდიდატს დააყენებს და ოპოზიციას გამარჯვების შანსს მისცემს? - რა გარანტია გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამასაც არ გადაიფიქრებს? მათ სიტყვას ფასი არა აქვს.

ხათუნა ბახტურიძე