"კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას"
4 კომპანიის წლების ნამუშევარი თქვენი 3 ბრიფინგით დაანგრიეთ. ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მან საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ თანხებზე, რომლის მოძიებაც მათ 11 წლის წინ დასჭირდათ. ამასთან, მან ავთანდილ წერეთელს ბოდიშიც მოუხადა და მადლობაც გადაუხადა იმის გამო, რომ ამ საქმეში "არაფერ შუაშია".
ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში დაინტერესება ბიძინა ივანიშვილს აქვს.
"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, უსაფუძვლო, დაზარალებულის არმქონე საქმე და გთხოვთ, ეს საქმე შეწყვიტოთ", - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მან იმ მუქარის წერილზეც ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, მას შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
"აქ ყველაზე დიდი ტყუილი რასაც 1 წელია ვისმენთ, არის ის, რომ 17 მილიონზე არის საუბარი და არა 80 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან "ნაცმოძრაობის" გამო ბანკი იყო გაჩერებული, განა იმის გამო, რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს, გვითხრეს კაპიტალს თუ სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერებული იქნებითო.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წამყვან ბანკს მივადექით, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი, 20 მილიონი გვაკლდებოდა, 3 მილიონი დოლარი "ბორჯომის" გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ, 17 მილიონი დაგვრჩა, ჰოლანდიელ პარტნიორებთან წავედით და ვთხოვეთ, უზრუნველყოფა არ გვაქვს და გვთხოვთ 6-თვიანი კრედიტი გვასესხოთ, რათა ამ კაპიტალში ჩავდოთ. გვასესხეს 30%-იანი მოკლევადიანი სესხი. ამ რისკზე წავედით. ამ ხელშეკრულებებში, პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს. ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა ვუთხრა და ბოდიში, ის არაფერ შუაშია დედამიწის ზურგზე ამ ამბავში.
ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, მერე ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებთან თანხა დავუბრუნეთ. ავთო წერეთელთან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ.
ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას. თქვენ არ ჩათვალეთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა წერილი.
იმაში, რომ შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება რომ ტელევიზია გააჩეროს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ", - განაცზადა ხაზარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"