თბილისის მეტრომ ერთ დღეში 512 000 მგზავრი გადაიყვანა
მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, ეს არის საოცარი მაჩვენებელი. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, 100 000-ით მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი, მაგრამ მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი მუნიციპალური ავტობუსების წარდგენისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდა მათი პოლიტიკაა.
"ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე, კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა მეტროზე. სხვათა შორის, გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ სტატისტიკა, როცა ერთ დღეში 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ, ეს არის საოცარი მაჩვენებელი. თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 100 000-ით მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი, მაგრამ მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა და შესაბამისად, დაწყებული გვაქვს მეტროს მოწესრიგება, ეს არის არსებული ვაგონების რეაბილიტაცია და ასევე ახალი ვაგონების შესყიდვა. გარდა ამისა, გვინდა სადგურების მოდერნიზება, განახლება, რომ ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იყოს, დაწყებული გვაქვს ძალოვანი კაბელების ცვლილება და ამის გამო მეტრო 1 საათით ადრე ასრულებს მუშაობას და ამ დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას და მოსახლეობას, ვინც სარგებლობს მეტროთი ბოდიში მოვუხადო, თუმცა, ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მოწესრიგებული, რომ რაღაც პრობლემებს თავიდანვე ავერიდოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი