ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის, მარიამ ქორიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე. აღნიშნულს არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, ბერი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. ადვოკატი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მან ასევე სასამართლოს წარუდგინა სასულიერო პირების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება.
ცნობისთვის, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.
"ინტერპრესნიუსი"