"ჩემი ძმა რუსებმა ლამის ბინ ლადენს გაუთანაბრეს"
"გული მწყდება, რომ არც საქართველოს საგარეო უწყებიდან, არც საელჩოდან არავინ შეგვხმიანებია. საქართველოში ზელიმხანის გადმოსვენებაშიც არავის მიუღია მონაწილეობა"
ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) მკვლელობის საქმე უმაღლეს დონეზე მსჯელობის საგანი ხდება - ის გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ბერლინმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და გერმანიის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი დიპლომატები დაზვერვის ჯაშუშები იყვნენ. საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობის საქმეში გერმანული გამოძიება რუსეთის ხელისუფლების კვალს ხედავს და ამიტომ გამოძიება გერმანიის გენპროკურატურამ გადაიბარა. რაც შეეხება კრემლს, მან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი კატეგორიულად უარყო.
საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ამა წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს - მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს მკვლელი ელექტროველოსიპედით გაეკიდა და ცეცხლი გაუხსნა. კილერმა მას სამიდან ერთი ტყვია თავში ესროლა და გაქცევა სცადა, მაგრამ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზევე დააკავეს. როგორც გაირკვა, მკვლელი ევროპაში ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელით, ყალბი არაბიომეტრიული პასპორტით ჩაფრინდა. დადგინდა, რომ ის რუსეთის მოქალაქე, 54 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელზეც 2014 წელს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - ის მოსკოვში ბიზნესმენის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
ზელიმხან ხანგოშვილს 2015 წელს თბილისშიც დაესხნენ თავს და დაჭრეს. მკვლელობის მცდელობისა და არაერთგზის მუქარის შემდგომ, ზელიმხან ხანგოშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
- ცნობისათვის: ხანგოშვილი მოსკოვმა დიდი ხნის წინ გამოაცხადა მტრად. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 1999-2002 წლებში ჩეჩნეთის ომში იბრძოდა, 2012 წელს კი ლოპოტის ხეობის ინციდენტის დროს ისლამისტებისა და საქართველოს უშიშროების ძალების მოლაპარაკებაში შუამავლობდა.
"თავიდანვე ცხადი იყო, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ"
"კვირის პალიტრა" ზელიმხანის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს დაუკავშირდა.
- რუსულ მედიაში აბრალებენ ზელიმხანს, თითქოს ის რუსეთში ტერაქტებს აწყობდა (ბესლანის ტერაქტსაც მას მიაწერენ), ჰყავდა შეიარაღებული დაჯგუფება, ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას თითქოს ზელიმხანი აკონტროლებდა და ა.შ. ჩემი ძმა ლამის ბინ ლადენს გაუთანაბრეს.
- გერმანულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ თქვენი ძმა რამზან კადიროვის შურისძიების მსხვერპლია და მან შეუკვეთა მკვლელობა... - ესეც რუსების სულელური მონაჭორია - თითქოს 2004 წელს ზელიმხანმა მამამისს, აჰმად კადიროვს ტერაქტი მოუწყო და მოკლა. რუსეთი თანდათან იშორებს მათ, ვინც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ვინც რამით წინააღმდეგობას უწევდათ. ზელიმხანი მასხადოვის თანამებრძოლი იყო, მეომარი, მაგრამ ტერორისტი არასდროს ყოფილა.
- გამოცემა "შპიგელისა" და გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერალური სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოხდა. რა მტკიცებულებებზეა ლაპარაკი? - თავიდანვე ცხადი იყო, რომ მკვლელობის უკან კრემლი და რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ამას მაშინ მივხვდით, როცა კილერმა რუს დიპლომატებთან, საელჩოს წარმომადგენლებთან მოითხოვა შეხვედრა და როგორც ვიცი, შეახვედრეს კიდეც. რაზე ისაუბრეს, უცნობია, რამდენიმე დღის წინ ადვოკატი დამიკავშირდა და მითხრა, ისეთი მტკიცებულებები ნახეს, კვალი რუსეთისკენ მიდის და ამიტომაც გენპროკურატურამ გადაიბარა გამოძიებაო.
- გაქვთ მართლმსაჯულების აღსრულების იმედი? - აქამდე თუ ეჭვის თვალით ვუყურებდი, ახლა იმედიანად ვარ. გული იმაზე მწყდება, რომ არც საქართველოს საგარეო უწყებიდან, არც საელჩოდან არავინ შეგვხმიანებია. ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს განცხადება არ გაუკეთებიათ, საქართველოში მის გადმოსვენებაშიც არავის მიუღია მონაწილეობა. როცა ზელიმხანს 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ, დამნაშავეებს ხელი დააფარეს, საქმე არ გახსნეს და თავიანთი მოქალაქე არ დაიცვეს. ცხადი იყო, ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობდა და მის ინტერესებს იცავდა. დღესაც იგივე ხელისუფლება გვყავს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მკვლელობის საქმე ბერლინის კრიმინალურ პოლიციაში იყო, გამომძიებელმა მითხრა, არ გეგონოთ, საქმე საქართველოს მსგავსად გამოუძიებელი დავტოვოთ, რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა და პოლიტიკური კონიუნქტურა გამორიცხულიაო.
- რა იცით ვადიმ კრასიკოვზე? - ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. კრასიკოვი რუსეთის მოქალაქეა და როგორც მედიაში წერენ, მას 2013 წელს მოსკოვში იმავე ხელწერით ჩაუდენია მკვლელობა - მაშინაც ველოსიპედით ყოფილა და ანალოგიური ჭრილობები მიუყენებია ყაბარდოელი ბიზნესმენისთვის, ალბერტ ნაზრანოვისთვის. ეს ოფიციალურად არ არის დადგენილი, მაგრამ ამბობენ, რომ მისი მკვლელიც ვადიმ კრასიკოვია.
- როგორ ფიქრობთ, მაინც ვინ და რატომ დაუკვეთა თქვენი ძმის მკვლელობა? - ზელიმხანი წლების განმავლობაში რუსული სპეცსამსახურების სამიზნე იყო, გამოძიების კვალიც რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. ის 1999-2002-ში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. 2008-შიც, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ხეობაში ბიჭები შეკრიბა და ცხინვალში რუსების წინააღმდეგ საომრად გაემგზავრნენ. რუსებმა იცოდნენ, რომ საქართველოსა და მთელ კავკასიაში ზელიმხანი მათ მიზნებს ხელს შეუშლიდა, ის კავკასიაში რუსეთისთვის საშიში პერსონა იყო.
- ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ისინი ხომ არ არიან, რომლებიც კრასიკოვთან შევიდნენ საკანში? - როცა კილერი ბერლინში ჩამოვიდა, მას იარაღით აეროპორტში არავინ გამოატარებდა. ჩემი ვარაუდით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის საელჩო გარეულია კილერის აღჭურვა-მომარაგებაში - იარაღის და თანხის მიწოდებაში. გამოძიებამ მკვლელის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ კილერის ბინიდან პოლიციამ დიდი ოდენობით თანხა და საბრძოლო მასალა ამოიღო. მკვლელს ხელზეც ჰქონდა დიდი თანხა. შესაძლოა იარაღით, მასალით, ფულით მომარაგებაში ის რუსი დიპლომატებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ორივეზე გამოძიებას მტკიცებულებები აქვს.