"ბევრჯერ ატკინეს გული თეატრშიც და კინოშიც"
არქივი 2019
"სესილია თაყაიშვილი აღფრთოვანებული იყო, როდესაც ზაზა ლებანიძემ შეასრულა ბებიას როლი რობერტ სტურუას დადგმაში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი!"
რუსთაველის თეატრი გამოემშვიდობა დიდებულ ქალბატონს, უნიჭიერეს მსახიობს - ზაირა (ზაზა) ლებანიძეს. "ჩვენ გვახსოვს ზაზა ლებანიძის სცენური სახეები, თუნდაც ლოლას გულში ჩამწვდომი სიმღერა სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები". მიუხედავად მხცოვანი ასაკისა, ქალბატონი ზაზა ახალგაზრდული შემართებით გამოირჩეოდა. საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველ ახალ როლს და დამსახურებულად მოიპოვა მაყურებლისა და კოლეგების სიყვარული. ზაზა ლებანიძის ბოლო როლი იყო ჯაჯო, რობერტ სტურუას სპექტაკლში "ასულნი". მოკრძალებული, კეთილი, თავმდაბალი და ბავშვივით თვალებანთებული - ასეთი დარჩება ის ჩვენს მეხსიერებაში", - ასე დაემშვიდობა რუსთაველის თეატრი მსახიობს.
კახი კავსაძე, მსახიობი: - არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის კარგად მცოდნე, დიდებული პროფესიონალი! ბედნიერი ვარ, რომ ვმეგობრობდი ამ არაჩვეულებრივ ქალბატონთან...
თამარ სხირტლაძე, მსახიობი: - საამაყო გოგო იყო, გამორჩეულად მიყვარდა და მჯეროდა მისი ნიჭისაც, შემოქმედებისაც და სიტყვისაც! სამწუხაროდ, მის ნიჭს და შესაძლებლობებს არ ჰქონდა სათანადოდ გამოვლენის საშუალება. ყველა ჩვენგანს გვაქვს თეატრში გული ნატკენი, ჩაგვრის შემთხვევები ყოფილა ზაზას, ჩემს, სხვის ცხოვრებაშიც... მას მეტი ყურადღება ეკუთვნოდა, მაგრამ ძალიან ამაყი იყო, წარმოუდგენელი იყო, ვინმესთვის რამე ეთხოვა... ჩემო ზაზა, იმ ქვეყნად მე უფრო ადრე უნდა წავსულიყავი, შენზე უფროსი ვარ, მაგრამ ბედი ვის რას არგუნებს, კაცმა არ იცის!
ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:- იშვიათად მინახავს მსახიობი ისეთი ღირსეული, ნიჭიერი და იმავდროულად, დაუფასებელი, როგორიც ზაზა ლებანიძე იყო. შეიძლება ითქვას, უიღბლო! ყველა მოცემულობა ჰქონდა - ნიჭი, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული, რომ ყველაზე წარმატებული ყოფილიყო! წაკითხული მაქვს ჩანაწერი, თუ როგორი აღფრთოვანებული იყო სესილია თაყაიშვილი, როდესაც ზაზა ლებანიძემ შეასრულა ბებიას როლი რობერტ სტურუას დადგმაში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი".\ გავიხსენოთ ტელესპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - როგორი დუეტი ჰქონდა ზაზა ლებანიძეს ვასო გოძიაშვილთან.
მე ის ახლოს გავიცანი, როდესაც ითამაშა გოჩა კაპანაძის სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები", რომელიც ჩემი სადიპლომო თემა იყო. ზაზა ლებანიძე ნამდვილად რთული თეატრალური ხასიათის ქალბატონი იყო, ბევრი იმედგაცრუებითა და გულისტკივილით. ბევრჯერ ატკინეს გული თეატრშიც და კინოშიც. ამის მიზეზად ერთ მსახიობს მიიჩნევდა. სხვათა შორის, ისიც ბრწყინვალე მსახიობი იყო, რომელზეც ზაზა ხშირად ამბობდა, არაერთი ჩემი როლი მან ითამაშაო. არც ის მსახიობი იყო რამეში დამნაშავე. თეატრი ასეა - რეჟისორი წყვეტს, ვინ რა ითამაშოს და მორჩა!
ძალიან მომწონდა მისი გმირი სპექტაკლში "მზის დაბნელება საქართველოში", ასევე რობერტ სტურუას სპექტაკლში "ასულნი". მე ვერ მაჩვენებთ ერთ თეატრალსაც კი, რომელიც იტყვის, ზაზა ლებანიძე საშუალო დონის მსახიობი იყოო. უბრალოდ, მას არ ჰქონდა თვითპოპულარიზაციის უნარი. ამის გამო დაიჩაგრა, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ სპექტაკლებში დაკავებით ძალიან სასიხარულო დღეები ჰქონდა. სულ საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა და ვეხვეწებოდი, ჩვენთან, ტელევიზიაში მობრძანდით-მეთქი, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. არც რადიოში მოვიდა... ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ძალიან კარგი როლი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა დასრულდაო.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ზაზას გახმოვანებები. მგონი, ერთხანს ყველა სერიალს ის ახმოვანებდა და ბადალი არ ჰყავდა...
P.S. ერთი პატარა ნიუანსიც... შუა ზაფხულია, პაპანაქება, ქუჩაში შემთხვევით ვხვდები ქალბატონ ზაზას. მაშინ 79 წლის იყო. მოვიკითხე, ძალიან ცხელა შუადღისას, არ გაწუხებთ, ასეთ დროს რომ გამოდიხართ-მეთქი... მეუბნება, არ შეიძლება არ გამოვიდე, ჩემი მეგობარი ვერ დგება, თან მარტო ცხოვრობს და იმასთან დავდივარ ყოველდღე... ვეხმარები, ვაწესრიგებ, სადილი მაინც ხომ უნდა მივუტანო, მშიერი დარჩება, რომ არ მივიდეო...
იმ პაპანაქება სიცხეში მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა... ხელზე ვაკოცე, ვუთხარი, ძალიან მიყვარხართ-მეთქი და დავემშვიდობე...