"ჩემზე გემრიელად იშვიათად თუ "დასვამს" ვინმე გემოებს" - კვირის პალიტრა

"ჩემზე გემრიელად იშვიათად თუ "დასვამს" ვინმე გემოებს"

"მეგრელი მეუღლე მყავს და გიჟდება ჩემს კერძებზე"

ბოლო დროს დალი ჩიტალაძის ცხოვრება სტრესული იყო - ჯერ მისი შვილი დაჭრეს, ახლახან კი ხერხემლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც პროექტ "მასტერშეფს" გამოეთიშა. როგორ გრძნობს თავს და როგორ აფასებს "მასტერშეფში" ყოფნის პერიოდს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე დალი ჩიტალაძე გვესაუბრა.

- ხერხემლის თიაქრის ოპერაცია გავიკეთე. დიდხანს მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად გამისკდა, რასაც საშინელი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მოჰყვა. ახლა რეაბილიტაციას ცოტა დრო უნდა.

- ყოველთვის ასეთი აქტიური კულინარი იყავით. - ძალიან მიყვარს მუსიკა, მოდა და კულინარია. მიყვარს ჯანსაღად კვება. გარდა ამისა, დედაჩემი კულინარიის ინოვატორი იყო, უგემრიელესი ხელი ჰქონდა. კულინარიაც ხელოვნებაა და თან როცა გემოვნება გაქვს, ერთად შერწყმული საოცრებაა.

- კომენტარებში სულ ქილიკობენ, რომ შოუში დრო არასდროს გყოფნით. - ეს შოუ ძალიან სტრესული ყოფილა. როცა დრო განსაზღვრული გაქვს, ძალიან რთულია ჩაეტიო. სახლში ექსპერიმენტებს ვატარებ და დრო შეზღუდული არა მაქვს. მე ხომ მოყვარული მზარეული ვარ. ბევრ ტექნიკურ სირთულეს წავაწყდი, თუმცა ჩემზე გემრიელად იშვიათად თუ "დასვამს" ვინმე გემოებს.

დალი ჩიტალაძე მეუღლესთან ერთად

- თქვენს ასაკზე რომ ბევრს იცინიან, ამაზე როგორ რეაგირებთ? - მინდა ყველას ვუთხრა - ცხოვრება 50 წლიდან იწყება. სოციოლოგიური კვლევით გამოვლინდა, რომ ახალგაზრდობა არ მთავრდება 40 წლის ასაკში, პირიქით, 50 წლის ასაკში იწყება და შენი გამოცდილება თუ განათლება შეგიძლია საშენოდაც და სხვისთვისაც გამოიყენო. არ ვაპირებ გაჩერებას, ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების პერიოდი დაიწყო, სულ ახალი რაღაცები მინდა ვაკეთო და ამაში რომ ხელი შეგეწყოს, ჯანმრთელი უნდა იყო. სანამ ახალგაზრდები ხართ, ჯანმრთელობას მიხედეთ, რათა მერე ჩემნაირი შემართება გქონდეთ.

- პროექტის მონაწილეები მართლა ასეთი აგრესიულები ხართ ერთმანეთის მიმართ, თუ ეს შოუს ნაწილია? - არავინ არაფერს თამაშობს, რაც უნდა მითხრა, ვინმეს მიმართ აგრესია გამოამჟღავნეო, ვერ ვიზამ. სწორ შენიშვნას მივიღებ, მაგრამ როცა მეუბნები, ჩაქაფულისგან არარსებული ჩაქაფული გამიკეთეო, მეცინება. ჩემი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი იყო და როგორც კი შოუ დამთავრდებოდა, ოპერატორები მთხოვდნენ, დალი, დარჩა კიდევ საჭმელიო? ესე იგი, მართლაც ძალიან გემრიელი იყო.

- ყველაზე მეტად რომელი შეფის გეშინოდათ? - სამივე ძალიან მკაცრია. ხანდახან ვეუბნებოდი, რომ მცოდნოდა, ასე პროფესიონალურ დონეზე მომთხოვდით ყველაფერს, არ მოვიდოდი-მეთქი. გეუბნებიან, "გემრიელია, მაგრამ..." აი,"მანდ იწყება ყველაფერი...

- თქვენი ფავორიტი ვინ არის შოუში?

- მარტა. მინდა ეს პროექტი სტიმულს აძლევდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ისეთი რთული გზა აქვს გავლილი, როგორიც მარტას. მზარეულობა ჩემი პროფესია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კაფეს გახსნას ვაპირებ.

- საყვარელი კერძი თუ გაქვთ?

- ყველაფერი მიყვარს, რაც გემრიელია.

90-იან წლებში კანარის კუნძულებზე ვიყავი და იქ ვჭამე ნიორში შემწვარი პატარა ჭიაყელები. მიმტანმა რომ მომიტანა, ვიფიქრე, ესენი თუ ჭამენ, მე რატომ არ უნდა გავსინჯო-მეთქი და ძალიან გემრიელი გამოდგა.

- კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის?

- ყველა მამაკაცს სიამოვნებს, როცა მისი მეუღლე გემრიელ კერძს მოუმზადებს. მე მეგრელი მეუღლე მყავს და მისთვის ეს მნიშვნელოვანია. გიჟდება ჩემს გაკეთებულ კერძებზე.

როდესაც ნიუ-იორკში ვცხოვრობდით, სუშის რესტორანში ჩემი ხათრით მოდიოდა, იქ ხომ ყველაფერს ბრინჯი აქვს და როგორც ნამდვილი მეგრელი, ორაგულს ჭამდა ვასაბით, რადგან ცხარეა. პირველად სუშის რესტორანში მისთვის პური ვითხოვე, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეს მიღებულია, ამერიკაში კი ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ იძულებული ვიყავი, გავსულიყავი, პური მეყიდა და ასე მიირთმევდა ჩემი მეუღლე სუშის პურთან ერთად. მალულად მოტეხდა, ჩააწებდა ვასაბიში, ზედ ორაგულს დაადებდა და შეექცეოდა.

- თქვენი შვილი ცოტა ხნის წინ დაჭრეს, ახლა როგორ არის? - უკეთესად. ჯერ სიარული უჭირს, რადგან დიდი კუნთი იყო გადაჭრილი და აღდგენას დრო უნდა. ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო, როგორია, ქუჩაში რომ გადიხარ, სულ აქეთ-იქით იყურები, ვიღაცამ თავში რამე არ ჩამარტყასო.

ის ადამიანი სრულიად უცხო იყო ჩემი შვილისთვის, გამარჯობაც არ ჰქონდა ნათქვამი. დაჭერილია, მაგრამ მიუსაჯეს თუ არა, არ ვიცი. გამომძიებელმა გვითხრა, შეგეხმიანებითო. ასეთი ადამიანი სამკურნალოა, იზოლირებულიც უნდა იყოს, რადგან საშიშია.

- ახალი წელი მოდის, როგორც მოდის ექსპერტმა, გვითხარით, როგორ ჩავიცვათ? - ზამთარში ყველა შავ ფერზე გადადის, მე კი ვერ ვიტან. აუცილებლად უნდა გქონდეთ თეთრი ჩექმა, თეთრი კაბა, შარვალი და პიჯაკი. ისევ მოდურია სიბრჭყვიალე, ფერადოვნება. ძალიან აქტუალურია ყავისფერი, რუხი და რაც მთავარია, გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ პიჯაკი. შარვალი ისევ მაღალწელიანია, გინდ ვიწრო, გინდ განიერი და გინდ შლაქსი. მონოფერების გრადაციაც აქტუალურია, ოღონდ სხვადასხვა ხარისხის მატერიასთან შეხამებული, მაგალითად, აბრეშუმთან, ქაშმირთან, ტყავთან. და კიდევ, მოდურია დიდი სვიტერები პიჯაკებთან.

ხათუნა კორთხონჯია