ბრძოლა გადარჩენისთვის - კვირის პალიტრა

ბრძოლა გადარჩენისთვის

"ქალაქში რომ გავივლი და ქუჩაში გაწოლილ ლოთს დავინახავ, ჩემი თავი მახსენდება. გული მიკვდება, ასეთი ცხოვრება ხომ მეც გამოვიარე. მათხოვრობით შეგროვებული კაპიკებით სასწრაფოდ გავრბოდი და სპირტს ვყიდულობდი. ახლა ამის გახსენების მრცხვენია. ცხოვრება დავინგრიე, დამშორდა მეუღლე, დედას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ისე გარდაიცვალა, ვერ გაიხარა..."

სამსართულიანი სახლი ქალაქგარეთ იმ ხალხის საცხოვრებელია, ვინც ცდილობს ის მავნე ჩვევები დასძლიოს, ადამიანი ხშირად თვითმკვლელობამდე რომ მიჰყავს... ცენტრი Tiin Celenj ნიუ-იორკში 1958 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 125 ქვეყანაში 1400-ზე მეტი ფილიალი აქვს.

Tiin Celenj Georgia 2010 წელს დაარსდა. სამკურნალო პროგრამას კუანიშ აკუზოვი ხელმძღვანელობს, ამ ცენტრის ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარი. კუანიში Tiin Celenj -ში 2007 წელს მივიდა და მას შემდეგ 12 წელია, ამ პროგრამაშია ჩართული. აზარტული თამაშები, ალკოჰოლი და ჰეროინი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ შეიძინა გზასაცდენილი მეგობრები და დაკარგა ოჯახი, ნელ-ნელა მშობლების ქონებაც კუანიშის სიამოვნებას შეეწირა...

"რეაბილიტაცია ყაზახეთში გავიარე. ამ ცენტრში მოხვედრის დღიდან ვცდილობდი გავმხდარიყავი ადამიანი, რომელიც ხალხს არ სძულს. ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის წყალობით შევძელი უარი მეთქვა ყველა იმ საშინელებაზე, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ერთ დღესაც დავფიქრდი, მე თუ დამეხმარნენ, რატომ არ შეიძლება მეც დავეხმარო სხვებს? ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა და ყაზახეთში მუშაობა დავიწყე. საქართველოს შესახებ შემთხვევით გავიგე. თქვენს ქვეყანაში არ არსებობდა მსგავსი პროგრამა და გადავწყვიტეთ დაგვენერგა. თავდაპირველად, ქართული ენა ვისწავლეთ, ვთარგმნეთ წიგნები და შევეცადეთ შეგვექმნა ქართველებზე მორგებული გარემო. აქ მკურნალობა მედიკამენტების გარეშე მიმდინარეობს. პირველი 21 დღე ძალიან რთულია, ბენეფიციარები იტანჯებიან, თუმცა ნელ-ნელა საკუთარი თავის მართვას სწავლობენ. აქ მოხვედრილთა 80% განიკურნა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკურნალობაზე უარს ამბობენ და გვტოვებენ.

"თინ ჩელენჯ საქართველო" ნარკომანიას, ლუდომანიასა და ალკოჰოლიზმს განიხილავს როგორც ავადმყოფობას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სულიერად და სოციალურად ანადგურებს.

"ბოლოს ექიმებმა დედაჩემს უთხრეს, ჯობს სახლში მოკვდესო!"

არსენ ფადიურაშვილის ამბავი ძალზე მძიმეა. ყველაფერი სკოლიდან დაიწყო. პირველად მარიხუანა გასინჯა, შემდეგ სასმელი, რასაც ფსიქოტროპული წამლებიც მოჰყვა. როგორც ამბობს, ცხოვრების რვა წელი მეხსიერებიდან ამოშლილი აქვს. "დავკარგე მეგობრები, ოჯახის წევრები, ჩემს სიცოცხლეს აზრი არა ჰქონდა... მოვიარე ყველა საავადმყოფო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმებმა დედაჩემს უთხრეს, ჯობს, სახლში მოკვდესო! სიკვდილის პირას მყოფს იმედი გადამეწურა, შეშინებული და იმედგაცრუებული კვლავ ვაგრძელებდი ნარკოტიკის მოხმარებას. ამ ცენტრის შესახებ შემთხვევით გავიგე და 2013 წელს მოვედი. პირველი ერთი თვე ძლიერი ინტოქსიკაცია მტანჯავდა, გაქცევაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ შევძელი - მაინც დავამარცხე ნარკოტიკი და ჩემს თავზე გავიმარჯვე. დღეს მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ. კვლავ შევიძინე მეგობრები, დავუბრუნდი ოჯახს და ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით!"

"მომაკვდავ დედას პირობა მივეცი, რომ გამოვსწორდებოდი"

ლევანმა ალკოჰოლთან ბრძოლა მარტომ ვერ შეძლო. ცენტრში მისვლიდან ერთი კვირის განმავლობაში საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ფიზიკურმა ვარჯიშმა, შრომამ და ლექციებმა საბოლოოდ ათქმევინა უარი მავნე ჩვევაზე. დღეს ის "თინ ჩელენჯ საქართველოს" თანამშრომელია.

"ქალაქში რომ გავივლი და ქუჩაში გაწოლილ ლოთს დავინახავ, ჩემი თავი მახსენდება. გული მიკვდება, ასეთი ცხოვრება ხომ მეც გამოვიარე. მათხოვრობით შეგროვებული კაპიკებით გავრბოდი და სპირტს ვყიდულობდი. ცხოვრება დავინგრიე, დამშორდა მეუღლე, დედას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ისე გარდაიცვალა, ვერ გაიხარა... მომაკვდავ დედას პირობა მივეცი, რომ გამოვსწორდებოდი და ასეც მოხდა. პროგრამამ ახალი სიცოცხლე მაჩუქა, ახალი მეგობრები შემძინა. თუ აქამდე ჩემი სტუმრობა არავის უხაროდა, დღეს ყველასთვის მაგალითი ვარ. ამ ცენტრში ჩემი მოხვედრა უფლის ნება იყო და რადგან დღეს ცოცხალი ვარ, სხვებსაც შევუნარჩუნებ სიცოცხლეს".

"მე აქ თავისუფლება ვიპოვე"

გიორგი ცალაკოვი ამ ცენტრის პირველი და ყველაზე ძველი ბენეფიციარია. დღეს ის ცენტრის თანამშრომელია.

"12 წლისამ მოწევა დავიწყე, შემდეგ სასმელს მივეძალე და 17 წლისა უკვე მძიმე ნარკოტიკს მოვიხმარდი. ვცხოვრობდი კრიმინალური ცხოვრებით - ვთამაშობდი და ჩავდიოდი ყველა იმ საშინელებას, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი... ამ ცენტრში 2011 წელს მოვედი და თავისუფლება ვიპოვე. უკვე 6 წელია, ყოველგვარი დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდი. ახლა მყავს მშვენიერი მეუღლე და შვილი".

P.S. ამ ცენტრში ყველამ იცის, რა არის შიში და როგორ იბრძოლოს გადარჩენისთვის. მთავარი მონდომება და თანადგომააა, უპირველესად კი სურვილი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.

ზურა სოლომნიშვილი