"ჩვენ არც ჯარი გვაქვს..." - პრეზიდენტი "გვაქვს"?
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება" - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეს მორიგი "მარგალიტი", რა თქმა უნდა ამოგლეჯილია იმ ფრაზის კონტექსტიდან, რაც მან მეცნიერებთან შეხვედრისას გააჟღერა, როდესაც ცოდნისა და კულტურის სიძლიერეზე საუბრობდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალზე დიდ გაკვირვებას იწვევს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ამპლუაში მყოფი ქალბატონი პრეზიდენტის ეს გამონათქვამი, რომელიც არ გამოირჩევა არც კორექტურობით და სამწუხაროდ, არც თემის ცოდნით, თუმცა მის მიერ დაკავებული, ეს ერთ-ერთი უმთავრესი თანამდებობა, უბრალოდ ავალდებულებს უკეთესად ერკვეოდეს ამ მიმართულებით.
დღეს ქართული არმია თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით, აღჭურვილობითა და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის ქონით, სამხრეთ კავკასიაში სამწუხაროდ ჩამორჩება მეზობელ სომხეთსა და მითუმეტეს აზერბაიჯანს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების საბრძოლო შესაძლებლობებზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
მაგრამ ვისი ბრალია, რომ ქართული საბრძოლო ავიაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს და ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები მესამე წელია ჰაერში არ აფრენილან?
ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მაგალითად, თბილისამდე სომხური თუ აზერბაიჯანული რაკეტების მოღწევა მათივე ტერიტორიებიდან სტარტის აღებით შეიძლება, მაშინ როდესაც ყველაზე შორსმსროლელი ქართული სარაკეტო დანადგარი 50 კმ-მდეც კი ვერ "ქაჩავს"?
რატომ არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოშვებული რუსული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები ქართულ ცაში სისტემატურად დაუსჯელად დაფრინავენ?
კიდევ რამდენი ასეთი, "რატომ" კითხვა შეიძლება დაისვას, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს და მათ შორის პრეზიდენტმაც...
ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და განსაკუთრებით ჩვენს სიტუაციაში და თუ ჯარი არ გვყავს (თუ არ "გვაქვს", როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა), თავად პრეზიდენტი კი ნამდვილად "გვაქვს"?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს