"წიოწია" ნინა პუწინის კარზე და თაკო ჩარკვიანის რისხვა
გვეშველა, ხალხო! დაიწყო ჭორვილელი დიქტატორის საწინააღმდეგო აქციები. თბილისი, გორი, ხულო და ქუთაისი უკვე ავანგარდში არიან და ზოგან ასამდე და ზოგან ათასამდე კაციც კი გამოვიდა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ! ერთობ ეფექტიანი წერტილოვანი დარტყმები ბიძინას წინააღმდეგ. ვერ გაიგებ, სად ამოყოფენ თავს ვაშაძეები, უდუმაშვილი, "მე თვითონა დავითაია", მაჭუტაძე და მელია, სად დაადებენ ბოქლომს საკრებულოს თუ მერიას! აი, 20-ზე მეტი პარტია რომ ერთი სახინკლეს შესავსებ ხალხს ვერ მოაგროვებს, იქაა წამხდარი დიადი მიზნების სიცოცხლისუნარიანობის ხარისხი. კი იძახიან, ტვ "ნაძეჟდა" კოსმოსიდან აჩვენებს პროტესტანტებს და ამიტომაა სიხალვათე აქციებზე, თორემ ბიძინას მოცილება ვის არ უნდაო... სიმართლე არის ერთი და მთელი: ოპოზიციის არ სჯერა ხალხს, თორემ რა აქვს ამ ხელისუფლებას ისეთი ნაკეთები, რაც არ გამოიწვევდა პროტესტის გრძნობას?
და რატომ არ სჯერა ხალხს ოპოზიციის? შეიძლება ისეთი პოლიტიკური "ვინეგრეტის" ნდობა, სადაც ერთმანეთს ყველა შესაძლებლობისას ყელს გამოღადრავენ დაუფიქრებლად? აგერ, "წიოწია" ნინა რომ გაეპარა ოპოზიციონერებს პუწინის კარზე, ბოდიშებიც იხადა და მერე თაკო ჩარკვიანის რისხვაც დაიმსახურა, მაგის ყოფნას უსუფაშვილის გვერდით რაღა ფასი აქვს? კი იმართლა თავი "გასპაჟა" ბურჯანაძემ, ესაო დიდად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, მართალია, ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში "ტროლებს" ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული, რომ გავბედე და რუსეთს დაველაპარაკეო! იქვე დიპლომატიურ-ძველბიჭურად დაამატა, კაცი რომ ვიყო და ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი, რა ჰქვია ამ ხელისუფლებასო. აუჰ, ჩვენო ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელო, პარლამენტის ნათავმჯდომრალო ნინო, განა ჩვენ არ ვიცით, რა ჰქვია ამ ხელისუფლებას ან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არსებობს ორი რუსეთი, ორი პუტინი? აი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ თაკო ჩარკვიანი გაგაკრიტიკებდა, თან სადღაც ყურიც მაქვს მოკრული, რომ ბურჯანაძეებისა და ჩარკვიანების ოჯახებს ოდითგან კარგი ურთიერთობა ჰქონდათო და აჰა, გაირბინა თქვენ შორის კატამ თუ რუსულმა დათვმა? სიცივეში გარეთ მყოფი თავგზააბნეული ოპოზიცია კი არა, პარლამენტის თბილ სავარძლებში მოკალათებულების საქციელს თუ აკვირდებით? ბიძინას მიერ შერეკილი "კანონმდებლები" რას მიედ-მოედებიან, ვერ გავერკვიე. ზოგს არჩევნების ამერიკული მოდელი უნდა, ზოგს გერმანული, ვითომც და დიდად აკლავენ თავს საქართველოს, "გერმანულად" მოხვდებიან იქ თუ "ამერიკულად" (ხალხო, თქვენ ხომ მაინც გჯერათ, რომ სინამდვილეში პარლამენტში "ბიძინურად" შეიძლება მოხვედრა?!).
დეკემბერი, მოგეხსენებათ, ფრიად მნიშვნელოვანი თვეა ჩვენს ცხოვრებაში. სტალინი და მიშა ამ თვეში არ დაიბადნენ?! 21 დეკემბერს მიშას ეტლი განსაკუთრებულ ორბიტაზე გადადის და მისი თაყვანისმცემლების აგრესიას, დეპრესიასა და იმედგაცრუებათა კასკადს გამოიწვევს, ამიტომ ერიდეთ იმ ხალხს, რომელმაც ვერ გაიგო, რომ მათი სათაყვანებელი კერპი ვერ ჩამოვა საქართველოში და უკრაინაში თუ გაუმართავს ზოგჯერ "ჩაიპიწიებს" გუბაზებსა და გელბახიანებს... აქვე რიტორიკულ კითხვას დავსვამ: 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა რომ იგეგმება, პოლიტიკაზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს თუ გახსნით? ვისაც არ ეზარება, ყველა პოლიტიკოსი გახდა, ქუჩაში დგას და მოელის წყალობას, რომ ერთ დღეს ექნება კაბინეტი, სადაც სითბოც იქნება, ხელფასიც და სოციალური წონაც...
პ.ს. პოლიტიზებულ ოჯახში იმედგაცრუებული პატარა ბავშვი ამბობს: საქართველოში ერთი სანტა კლაუსი ჩამოვა ლაპლანდიიდან, მეორე - სააკაშვილი უკრაინიდან...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს