ბრძოლას ხსნის შალვა ახალციხელი! - კვირის პალიტრა

ბრძოლას ხსნის შალვა ახალციხელი!

30 ივნისი - შალვა ახალციხელის ხსენების დღე

”სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა!”

”ორასი თურქის მომკვლელი უომრობასა სჩიოდა...”

საქართველოს ძლიერების ხანაში, ღვთაებრივი თამარის მეფობის ჟამს, ვის გაუკვირდებოდა გმირობა და თავდადება, მაგრამ ქართულმა მიწამ მაინც შვა სწორუპოვარი მეომარი, რომლის სიმამაცის ამბავი იმდროინდელ აზიასა და აღმოსავლეთში კიდით-კიდემდე იყო განფენილი. ქართველთა მეწინავე ლაშქრის სარდლად გამწესებული გახლდათ შალვა ახალციხელი, რომლის ბადალი მხედართმთავარი ძნელად მოიძებნებოდა დედამიწაზე. ჯერაც ჭაბუკმა შალვამ პირველად შამქორის ბრძოლაში ისახელა თავი. 1195 წელს ერაყ-ირანის უპირველესი მბრძანებელი, სულთანი აბუბაქარი საქართველოს ყმადნაფიც ქვეყანას - შირვანს შეესია აურაცხელი ლაშქრით და სასტიკად ააოხრა. შირვანშაჰი თამარს ენათესავებოდა და დახმარება სთხოვა ქართველთა მეფეს. მსწრაფლ ქუდზე კაცი აწვია თამარმა, შეკრიბა იმერ-ამიერ ქართველთა ლაშქარი, უსარდლა მეუღლე თვისი - დავით სოსლანი და აბუბაქარის დასასჯელად აღკაზმა. დაიძრა მტრის ბანაკისკენ ჯარი. წინასწარ დაგზავნილი მზვერავნი შემოეგებნენ სოსლანს და ამბავი მოუტანეს: ”მტერნი ვიხილეთ ათასნი ათასთანი და ბევრი ბევრთაგანი, უმრავლესნი რიცხვისანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღვისა”...

შამქორთან გაეშალა ბანაკი აბუბაქარს. გაეშურა ქართველთა ლაშქარი და მტრის პირისპირ დაიბანაკა. 16 ივნისს, 1195 წელს, დაეძგერა დავით სოსლანი მოწინააღმდეგის ათჯერ უმეტეს ჯარს. უმძიმესი შეტაკება თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მთელი ძალები ჩააბა იერიშებში სულთანმა და სწორედ ომის გადამწყვეტ წუთებში შემოვლითი მანევრით ზურგიდან დაესხა აბუბაქარს დავით სოსლანი. მეფის მხედრობის გამორჩეული გმირი იყო ჭაბუკი შალვა ახალციხელი. ყველა გააოცა მისმა სიმამაცემ. ელვასავით ტრიალებდა მტერთა შუა ახალციხელი, ვისაც მოუქნია ხმალი, ყველას სიკვდილი შეჰყარა. თავზე ხელაღებული იერიშით გაარღვია აბუბაქარის ამალა, ყველაზე მჭიდროდ შეკრული ჯგუფისკენ გაემართა ფიცხლად, იქ, სადაც ფრიალებდა აუარება დროშა და მათ შორის ყველაზე მაღლა, გამორჩეულად ლივლივებდა ხალიფის ალამი. დაერია მედროშეებს ახალციხელი, უმეტესობა დაასიკვდილა, ალმები თავზე გადააფხრიწა, რისხვა ღვთისა დასცა და ხალიფის დროშას წაეტანა. გადაუდგენენ მცველნი აბუბაქარისანი, მაგრამ მაინც იმარჯვა, დაითრია ხალიფის აქამდე ძლევამოსილებით განთქმული დროშა! იმწამსვე გასაქცევად აიშალა აბუბაქარის ჯარი და უგზო-უკვლო ლტოლვას მისცა თავი. მიმწუხრამდე სდიეს ქართველებმა და თითქმის ყველანი გაანადგურეს. გამობრუნდა გამარჯვებული დავით სოსლანი. ტაბახმელას ამოვიდნენ და თამარს მიეახლნენ ბრწყინვალე ძლევის ამბით. შალვა ახალციხელმა ფერხთით დაუფინა დიდებულ მეფეს ხალიფის საბრძოლო დროშა...

რას დადგებოდა მუსლიმანობა შურის უძიებლად. რამდენიმე წელიწადი ითმინეს და ახალი, იმდროისთვის არნახული მასშტაბების საომარი მზადება დაიწყეს ქართველთა წინააღმდეგ. ამჯერად ახალი მთავარსარდალი ჩაუდგა თურქ-სელჯუკთა კოალიციას საქართველოს წინააღმდეგ - იკონიის სულთანი რუქნ ად-დინი. მემატიანის ცნობით, რუქნ ად-დინმა ”არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელსა შინა, არამედ ყოველნი აამხედრა.” 400 ათასი მეომარი შემოიყარა იკონიის სულთანმა და დაიძრა ქართველთა გასანადგურებლად. ისევ შეიყარა იმერ-ამიერ საქართველოს ჯარი. ვარძიაში მოუყარა თავი თამარმა ლაშქარს, დიდხანს ილოცა ხატებთან, მერე გამობრძანდა, სეფედროშა დავით სოსლანს გადასცა, ყველა მეომარი დალოცა და მტერთან შესარკინებლად გაუშვა. ბასიანთან დაიბანაკა ქართველთა ლაშქარმა. სოსლანმა საბრძოლო წყობით დაალაგა ქართველობა. მეწინავედ კი შალვა და ივანე ახალციხელები დააყენა.

1204 წელი. ბასიანის ველი. საქართველო ებრძვის ნახევარ მილიონამდე თურქ-სელჯუკთა კოალიციურ არმიას. ბრძოლას ხსნის შალვა ახალციხელი!..

ზვავივით დაეცა მტრის რიგებს შალვა. მიჰყვა თორ-ჯავახთა რაზმი. ლომივით შევარდა შუაგულში ახალციხელი. გაექცნენ მეწინავენი. რუქნ ად-დინმა სიღრმიდან გადააწყო და შემოუსია ახალ-ახალი ჯარი ახალციხელს. ბრძოლა მთელი ძალებით გაიშალა. ვერ იქნა და უკან ვერ დაახევინა სულთანმა შალვას ქართველობას. ცხენები დაუხოცეს მეწინავეთა სარდლებს - შალვას და ივანეს, მაგრამ ქვეითად შეუტიეს გავეშებულებმა. ამასობაში დავით სოსლანმა გაშალა ფლანგები და რკალი მოუზღუდა რუქნ ად-დინს. გატყდა თურქობა და ისევ აიშალა გასაქცევად. მათ შემოსაბრუნებლად აღარ ეცალა რუქნ ად-დინს. საკუთარი ტყავი ჰქონდა გადასარჩენი, რადგან უკვე ზედ მისი კარვების სიახლოვეს მოარღვევდა დაცვის რჩეულ ნაწილებს უმამაცესი მხედარი. მოახსენეს კიდეც სულთანს -ქართველთა რჩეული ვაჟკაცი შალვა ახალციხელი გვიახლოვდებაო. მიასია რუქნ ად-დინმა ყველა გარშემომყოფი ქართველ მეწინავეთა სარდალს. ყველა მილეწა და მიასიკვდილა შალვამ, მერე ელვასავით სწყვიტა ხმალი და სულთანს თავზე დაამხო საჩრდილობელი. ახლა რუქნ ად-დინმაც იკადრა გაქცევა. მაინც მოასწრო შალვამ და სასულთნო დროშა დაითრია ცხენდაცხენ...

დამთავრდა ბასიანის ომი ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით. თურქთა 400 ათასი მეომრიდან მცირეოდენმაღა გაასწრო სიკვდილს...

დიდგორის შემდეგ არავის გადაუხდია ესოდენ განსაკვირველი ბრძოლა. ისევ ეთაყვანნენ საქართველოს დიდნი და მცირე ქვეყნები - სასულთნოები, საამიროები, საფაშოები, სახალიფოები...

ამ გამარჯვებიდან მალევე მიიცვალა სახელოვანი და ღირსეული თანამეცხედრე თამარისა - დავით სოსლანი. მის შემდგომ ქართველთა ჯარის მთავარსარდლობა მეფემ ივანე ათაბაგს უბოძა, სავარაუდოდ, ადრინდელ ბრძოლებში გამოჩენილი თავდადების გამო, თორემ იმ დროისთვის უკვე ასაკოვანი იყო ივანე და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველაზე მძლავრად მაშინ კაშკაშებდა შალვა ახალციხელის ვარსკვლავი! ამასობაში, ღვთაებრივი თამარიც აღესრულა. მისი ტახტი ლაშა-გიორგიმ დაიჭირა - ძემ მისმა.

ისევ პირველობდა საქართველო, რადგან ლაშაც მამაცი და სწორუპოვარი მეომარი იყო, მაგრამ მონღოლთა წინააღმდეგ გამართულ შეტაკებაში მიღებულ ჭრილობას ემსხვერპლა და ქვეყანას თამარის ქალიშვილი, რუსუდანი, ჩაუდგა სათავეში. პირველი რღვევის საფრთხეც მაშინ შეეპარა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმულ ივერიას. მოუხშირდა მარცხიანი ბრძოლები ივანე ათაბაგს. ერთ-ერთი ასეთი შეტაკება შირვანთან გადახდა ქართველთა ჯარს, როცა ყივჩაღებს შეებრძოლა ივანე. ვერ წარმართა რიგიანად ბრძოლა ათაბაგმა, დამარცხდა და ზურგი აჩვენა მომთაბარე ველურებს. მერე ისევ წამოემართნენ ყივჩაღები საქართველოსკენ. ამჯერად შალვა ახალციხელი მიეგება მტერს. მიეგება და ისე ამოწყვიტა, საქართველოსკენ წამოსვლის მადა სამუდამოდ დაუკარგა მათ მოდგმას.

მცირე დრო გამოხდა და ამჯერად სარმარის ამირა შემოესია საქართველოს სამხრეთ სამანებს, ააოხრა და გაატიალა იქაურობა. ისევ გავიდა ბრძოლად ივანე ათაბაგი, მაგრამ ორჯერ დამარცხდა და მეორე შეტაკებისას ტყვედაც ჩავარდა. იმჟამად რუსუდანმა გამოახსნევინა მთავარსარდალი, მაგრამ მაინც შეუნარჩუნა მთავარსარდლობა, რაც მომავალში შემზარავ ბედისწერად ექცა საქართველოს. წესით და რიგით, ქართული ჯარის მთავარსარდლობა შალვა ახალციხელს ეკუთვნოდა, რადგან მტერი თუ მოყვარე მხოლოდ მას მიიჩნევდა იმდროინდელი აღმოსავლეთის უპირველეს გმირად....

ამასობაში, საქართველოს ჯალალ ად-დინი მოადგა 200-ათასიანი ლაშქრით. გარნისთან დაბანაკდა ჯალალი - ხვარაზმშაჰ მუჰამედის ძე. აღიმართა მის წინააღმდეგ ქართველთა 60-ათასიანი მხედრობა. მთავარსარდლად ისევ ივანე ათაბაგი იდგა.

1225 წელი, აგვისტოს თვე. გარნისი. საბედისწერო ბრძოლა ქართველთა. მეწინავე რაზმს სათავეში უდგას შალვა ახალციხელი. ბრძანა ივანე ათაბაგმა და 4 ათასი მეომრით ეკვეთა შალვა ჯალალის ურიცხვ ათასეულებს. ბრძოლის დაწყებისთანავე მიხვდა შალვა, რომ მთელი ძალებით შეტევა იყო საჭირო მტრის წინააღმდეგ და წამსვე შიკრიკი აფრინა ივანესთან, მოგვეშველეთ დარჩენილი ლაშქრითო და განაგრძო თავგანწირვით შეტევა. არ იქნა და არ დაძრა მაშველი ჯარი ათაბაგმა. ისევ გამოგზავნა შალვამ შიკრიკი... მერე კიდევ დააწია ახალი მაცნე... არავინ იცის, შურით თუ სხვა რაიმე უგუნური მოსაზრებით, მაგრამ ივანე ათაბაგმა ხმლის მოუქნევლად გაწირა საქართველოს უპირველესი გმირი, 56 ათასი საომრად აღჭურვილი ქართველი მეომარი შემოაბრუნა და ბიჯნისისკენ დაიხია...

დარჩა მარტო შალვა ახალციხელი აურაცხელი მტრის წინააღმდეგ. შეათხელა ჯალალმა მესხების რიგები. უკან დახევა შეეძლო შალვას, მაგრამ არც კი უფიქრია მტრისთვის ზურგის ჩვენება. იბრძოდა, სანამ შეეძლო, ვიდრე მარტო არ დარჩა და გარშემო არ შემოადგნენ ჯალალის მეომრები. გაოცებულნი შეჰყურებდნენ ახალციხელს - როგორი მხნეობითა და რაინდობით იბრძოდა მტრის ალყაში მოქცეული მარტოკაცი...

ხმლის ვადაღა შერჩენოდა ხელში შალვას, მოვარდნილ მუსლიმანს შეალეწა მკერდზე, გადახსნილი მკერდიდან სისხლი პეშვით აართვა და სახეზე შეიქცია, რათა გაფითრებული არ ენახათ მტრებს უგუნური ათაბაგის ღალატის წყალობით ტყვედ ჩავარდნილი გმირი. მხარ-მკლავის გათოკვაც ვერ გაუბედეს უმამაცეს რაინდს მუსლიმანებმა. გვერდით ამოუდგნენ მხოლოდ და ჯალალ ად-დინს წარუდგინეს. მოახსენეს კიდეც: - ასეთი გმირობა არ მოსწრებია არავის, რაც ამ გიაურმა დღეს ჩაიდინაო. საოცარი კი იყო, მაგრამ ქართველთა სისხლისმსმელ ჯალალს არ უცდია მისი მოკვლა. ყველა გააოგნა მისმა განჩინებამ: - ეცით პატივი შალვა ახალციხელს და სამმართველოდ გადაეცით ადარბადაგანის ქალაქნიო...

დეკემბრამდე ირანის შიდა საქმეები მოაგვარა ჯალალ ად-დინმა, მერე ისევ შემოიკრიბა ძალები და საქართველოს საბოლოოდ მოსათხრელად წამოემართა. თან ახლდა შალვა ახალციხელიც და მოულოდნელად ჯალალის მსტოვრებმა შალვას წერილები ჩაიგდეს ხელში. ქართველი გმირი მტრის სამოძრაო მანევრებს ატყობინებდა თავისიანებს...

დაიბარეს შალვა ახალციხელი ჯალალ ად-დინთან და წინ დაუყარეს წერილები. ღირსეული ღიმილით შეხვდა განწირული გმირი ჯალალის კითხვებს. ან კი რაღა იყო საპასუხო, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო ყველასთვის. ჯალალმა მზაკვრული ღიმილით შესთავაზა: - თუ გინდა, სიკვდილს გადაურჩე, ქრისტიანობა უნდა დააგდო და მაჰმადს ეთაყვანოო. ღიმილითვე გასცა პასუხი შალვამ: -"”ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაი შეუძლებელ არს ჩემგან, დააცხრე ჩემდა აღთქმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა!”

რა აღარ სცადა ჯალალმა, რა აღარ აღუთქვა, მაგრამ ვერ იქნა და ვერც აზრი შეაცვლევინა შალვა ახალციხელს და ვერც ღიმილი მოაშლევინა. მერე წამება დაუწყეს, გვემეს და ტანჯეს განწირული. არც ერთი სიტყვა მუდარისა, სიცოცხლის ჩუქებისა და შეკრთომისა არ დასცდენია ბაგეთაგან, მხოლოდ თავის თავს შესძახოდა გასამხნევებლად: - ”იხარებდე, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცთასა ძველსა კაცსა აღიძარცვი და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დაითმინე, სულო ჩემო, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიცა "ერთგზის წინაუძს ყოველსა კაცსა”...

ვერ გატეხეს, ვერ დაამცირეს, ვერ მოდრიკეს შალვა ახალციხელი...

მერე მდინარე არაქსის პირას გაიყვანეს....

აღმართა მახვილი ჯალათმა და დაიქნია ორივე ხელით, ლოცვა შეეყინა მოღიმარ ბაგეზე საქართველოსთვის თავშეწირულს. შეუერთდა მრავალრიცხოვან წმინდანთა კოჰორტას ღირსეული მამულიშვილის სული!..

შალვა ახალციხელთან ერთად დასრულდა საქართველოს 120-წლიანი ძლევამოსილების ხანა. ბევრი ღირსეული მეომარი იყო მაშინ ქართველთა შორის, მაგრამ მისებრ ვაჟკაცი, მამაცი და მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებული - არც ვინ. აკი დამტკიცდა კიდეც, დამტკიცდა ჩვენდა საუბედუროდ. ისე მოვიდა თბილისის ციხე-ბურჯებთან ჯალალ ად-დინი, ვერსად გადაუდგა წინ ივანე ათაბაგი. მალე სიკვდილიც ეწვია საქართველოს მთავარსარდლად აღზევებულ ივანეს, რომელმაც შურით და ბოღმით დაღუპა სამშობლოს უებრო გმირიც და მასთან ერთად საქართველოც.

შემოესია ჯალალი თბილისს. იქაურ მუსლიმანთა ღალატმა დასცა ორ დღეში საქართველოს სატახტო ქალაქი. საუკუნეზე მეტი არ დამდგარიყო გადამთიელის სამტრო ფეხი თბილისში და აჰა, დაუდგა ცრემლიანი ბედისწერა საქართველოს დედაქალაქს. გაჟლიტეს და დაასამარეს დიდი და პატარა, სისხლის ნაკადულებით აავსეს თბილისის ქუჩაბანდები...

მაგრამ ღირსეულად შეაწყდნენ მომხდურებს ქართველები. ჯერ კიდევ ყველას პირზე ეკერა შალვა ახალციხელის გმირობა და მარტვილობა, როგორც მაგალითი ერისა და რჯულის მსახურებისა. როგორც "გოდოლი კეთილი, მხედარი ქრისტესი, გვირგვინოსანი სიმართლისა..."

ამ მაგალითით გამხნევებული დაუხვდნენ სისხლისმსმელ ჯალალს. ერთ დღეს 100 ათასი თბილისელი შეაკვდა მტერს თავისი ნებით, როცა არ ინებეს ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა და უარყოფა...

100 ათასი წმინდანი ერთ დღეს!.. ვის უხილავს... ვის მოსწრებია!

მიიჟამა საუკუნეები, მაგრამ შალვა ახალციხელისა და მისებრ უმაგალითო მამულიშვილთა მარტვილობა შემორჩა საქართველოს ზეცას, როგორც მანათობელი ვარსკვლავთკრებული მამულის სულის უკვდავებისა!..

წვრილმა ერმა კი ლექსად უმღერა შალვა ახალციხელს:

თავის თავს არა სჯავრობდა, / თავის სწორებსა სჩიოდა, / ორასი თურქის მომკვლელი / უომრობასა სჩიოდა...

საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა უებრო მამულიშვილი და ქრისტეს მეომარი.