ვაჭრობა და მკვლელობის აღიარება ნორმანდიულ ფორმატში
"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებს უფრო ეხებოდა, ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომს
10 დეკემბერს, პარიზში გამართული ოთხი ქვეყნის მეთაურების შეხვედრა, რომლის მიმართ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის საკითხში, გარდამტეხი შეთანხმების მიღების მოლოდინი იყო, აბსულუტურად მოსალოდნელი და ამავე დროს, აბსოლუტური უმრავლესობისთვის არაფრისმთქმელი გადაწყვეტილებით იქნა დასრულებული...
ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, რომელიც პირისპირ შეხვედრების შემდეგ გამართული ქვეყნების მეთაურების ერთობლივი პრესკონფერენციიდან და ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისა თუ ექსპერტების მიერ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემექმნა, არის ის, რომ ამ შეხვედრის მთავარი საკითხი არ იყო ომის შეჩერება და რომ შეხვედრის ინიცირება, ევროპელი ლიდერების მიერ მოტივირებულია სხვა, ლოკალური ინტერესების გათვალისწინებით. ამაზე მიანიშნებს ის წინმსწრები პროცესები და განცხადებები, რომელიც მაკრონის მხრიდანაც გაკეთდა და ზოგადად, საინფორმაციო ფონად გასდევდა პარიზის შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპს. თუმცა იმის გამო, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული, რომელიც განაპირობა უკრაინული ოპოზიციის მიერ წამოწყებულმა პროცესმა თავად ქვეყნის შიგნით და რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს სდებდა, თითქოს რუსეთის წინაშე კაპიტულაციისთვის ემზადებოდა, ასევე გააჩინა ერთგვარად არასწორი მოლოდინი შეხვედრის შედეგის მიმართ, რომლის ფონზეც დამდგარი შედეგი, ბუნებრივია არაფრის მომცემად მოსჩანს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ საომარი მოქმედებები ან იზიარებდნენ უკრაინული ოპოზიციის მოსაზრებას.
როგორც შეხვედრის შედეგად ვნახეთ, არავითარი კაპუტალიაცია არ მოხდა და არც რაიმე სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულა ამ თვალსაზრისით. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება შედგა იმაზე, რომ მინსკის შეთანხმებები დარჩა ძალაში, შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე პრინციპით - ყველა-ყველაზე (მხოლოდ ეს შეთანხმება ეხება სეპარატიტების ტყვეობაში მყოფ სამხედრო ტყვეებს და არა, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ, უკრაინის მოქალაქე სამხედრო ან სხვა ტყვეებს), უნდა განხორციელდეს ცეცხლის შეწყვეტა და ძალთა დაშორიშორება, ფრონტის კიდევ სამ წერტილში და ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეიკრიბებიან ოთხი თვის შემდეგ! საბოლოო კომუნიკე
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულ და უკრაინულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა უკრაინა-რუსეთს შორის გაზის ტრანზიტის საკითხი ნიმუში. პარიზის შეხვედრის დღის წესრიგში, ერთერთ მთავარ საკითხად შეტანილი იყო გაზის საკითხი, რაზეც მიანიშნებს თუნდაც რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, Gazprom-ის შეფის, ალექსანდრე მილერის ყოფნაც. გაზის საკითხი, ევროპელი ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პარიზის სამიტზე, ასეთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ იქიდანაც, რომ სამიტამდე ერთი კვირით ადრე, გაზის საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინულ, ევროპულ და რუსულ მედიაში. სადაც აღნიშული იყო, რომ გაზის საკითხთან დაკავშირებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, იქვე მითითებული იყო ერთგვარი პირობასავით მოსკოვის მხრიდან, რომ ევროპელი მომხმარებელი არ დაზარალდებოდა არცერთ შემთხვევაში, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულებულიყო უკრაინასთან მოლაპარაკება. (წყარო)
ბუნებრივია, კარგია თავად ის ფაქტი, რომ "ნორმანდიულ ფორმატში" შეხვედრა გაიმართა და პროცესს ახალი იმპულსი მიეცა. ვოლოდიმერ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამ ფორმატის პირველი შეხვედრა შედგა და ბუნებრივია ამ შეხვედრისგან, უკრაინის მოქალაქეებს ექნებოდათ ისეთივე მოლოდინი, როგორიც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა მეორეს მხრივ, შეხვედრის ინიციატორების ეკონომიკურ ინტერესებს უფრო ემსახურებოდა მთელი ეს პროცესი, ვიდრე რეალურად პრობლემის შინაარსს.
სწორედ ამ ფაქტორის გამო იყო ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილება, რომ ამ შეხვდრაზე ევროპა - რუსეთს შორის არსებული/შენარჩუნებული ენერგეტიკული საკითხი განიხილებოდა და სწორედ ის გახდა მთავარი კატალიზატორი, რომელმაც სავარაუდოდ ჯერ მაკრონს გააკეთებინა განცხადება, რომ საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა და ამავე მოტივაციას უნდა მივაწეროთ, მისი შუამავლობითი აქტივობაც - შემდგარიყო "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა.
სხვაგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა ის შედეგი, რომლითაც პარიზის შეხვედრა დასრულდა.
საქართველოსთვისაც საინტერესო იყო ამ შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია, რადგან იქ პუტინს კითხვა დაუსვეს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომელზეც თავდასხმა რამდენიმე წლის წინ თბილისშიც მოხდა და მაშინ სასწაულით გადაურჩა მკვლელებს. გერმანიას თავს შეფარებული ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი, რუსმა სპეცსამსახურის თანამშრომელმა ბერლინის ერთ-ერთ ბაღში მოკლა. მკვლელი დაკავებული და იდენტიფიცირებულია, არაერთმა ავტორიტეტულმა წყარომ დაადასტურა რომ მკვლელი რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელია და ადრე, ასევე იძებნებოდა ბიზნესმენის მკვლელობისთვის რუსეთის მიერ, ინტერპოლის ხაზითაც კი თუმცა, 2014 წელს (შესაძლოა უზუსტობა იყოს), ასევე თავად რუსეთის მოთხოვნით ის მოხსნილი იქნა ძიებიდან და ამის შემდეგ აღარც გამოჩენილა ხანგოშვილის მკვლელობამდე, რომლის შედეგად ირკევევა, რომ ამ ადამიანზე გაცემულია დოკუმენტები, რომელიც შექმნილია გამოგონილ ადამიანზე.
ფაქტია, ასეთი "კრიმინალური" ჩახლართულობა და დოკუმენტური გამართულობა, ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე ვერაფრისდიდებით ვერ მოხდებოდა. ალბათ, ასეთი ლოგიკური მოცემულობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების სიმრავლის გამო იყო, რომ პუტინს არც კი უცდია ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ, ოდნავი შეფარულობა მაინც ეცადა და ასე ვთქვათ "ვუალირებული პასუხი" გაეცა ჟურნალისტისთვის თუნდაც იმიტომ, რომ იმ ქვეყნის მეთაური, რომლის ტერიტორიაზეც განახორციელეს მკვლელობა რუსმა "სპეცებმა", გვერდით ეჯდა. პუტინის მიერ გაცემულ პასუხში აშკარად იგრძნობოდა დომინანტურობის დემონსტრირების მცდელობა, დაახლოებით ასეთი ფორმულირებით - "ჩვენგან განაჩენ გამოტანილ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი დაიცავს" და ეს მესიჯი, როგორც ჩანს ევროპაში ძალიან კარგად გაიგეს, თუმცა რას დაუპირისპირებენ და როდემდე აიტანენ რუსი სპეც-აგენტების, სპეც-მკვლელების და სპეც-ბაზების არსებობას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ პუტინმა ყველას, არა მარტო ქართველებს და საკუთარ ოპოზიციას გვამცნო, რომ მისგან გამოტანილი განაჩენი, უვადოდ აღსრულების პრინციპს ექვემდებარება და ყველა მეთოდი სასარგებლოა ამ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს