საპატრულო ეკიპაჟი 7217 - კვირის პალიტრა

საპატრულო ეკიპაჟი 7217

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

"საპატრულო პოლიციასთან ერთად ღამის თბილისში გადავწყვიტე "მორიგეობა". მე, გამოცდილი პატრული აკაკი ჭუბაბრია და ნათია მარხვაშვილი ერთად შევუდექით მუშაობას..."

თუ ღამეა და მთვარე გზას გინათებს, ვითომ რატომ არ უნდა მოგინდეს შენი ქალაქის ქუჩებში გასეირნება? და თუ ამას ისიც ემატება, რომ არ გეძინება, შინ რაღა გაგაჩერებს? შენც დგები და გარეთ გადიხარ. შორს პატრულის მანქანის ციმციმა ნათურები მოჩანს, სიბნელეს ციცინათელასავით რომ მოაპობს და ხვდები - შენს ქალაქში მშვიდად შეგიძლია იარო.

ამჯერად საპატრულო პოლიციასთან ერთად ღამის თბილისში გადავწყვიტე "მორიგეობა". იმ დღეს 7217-ის საპატრულო ეკიპაჟი ერთი კაცით გაიზარდა. მე, გამოცდილი პატრული აკაკი ჭუბაბრია და ნათია მარხვაშვილი ერთად შევუდექით მუშაობას. ნათია 19 წლისაა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და საპატრულო პოლიციაში სულ ორი თვეა მუშაობს.

გზადაგზა ინსტრუქტაჟს ვიღებ. უეცრად სიჩქარის მომატება ვიგრძენი, აღმოჩნდა, რომ კანონდამრღვევს მივდევდით.

- "სუბარუ", გადააყენე მანქანა", - გაისმა რაციაში. მძღოლმა მარჯვნივ მოხვევის ნიშანი ჩართო და მანქანა გზიდან გადავიდა. აკაკიმ სამხრე კამერა ჩართო და ავტომობილისკენ გაემართა. მძღოლს მიესალმა და აუხსნა, რისთვის შეაყოვნა. მერე საბუთები ჩამოართვა და შესამოწმებლად მეწყვილეს მიაწოდა. შემოწმების პროცესი ძალზე საინტერესოა: ყველა ეკიპაჟი აღჭურვილია პლანშეტით, რომლის მეშვეობითაც მოწმდება როგორც მანქანის ნომერი, ასევე მძღოლის მონაცემები - რამდენჯერ აქვს გამოწერილი ჯარიმა და რა დარღვევისთვის, არის თუ არა ნასამართლევი და ა.შ. რადგან მძღოლს საბუთები წესრიგში ჰქონდა, ნათიამ მანქანის ნომრის შემოწმება გადაწყვიტა. გაირკვა, რომ მანქანა იძებნებოდა... ევაკუატორი გამოიძახეს და მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

გზა განვაგრძეთ. აღმაშენებლის პროსპექტზე საცობი დაგვხვდა. აკაკიმ მანქანა გადააყენა და საქმეს შეუდგა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა. მძღოლები ხშირად ნეგატიურად არიან განწყობილი პატრულის მიმართ, ჰგონიათ, ის მოძრაობას აფერხებს. მალე მოძრაობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, აკაკიმ რაციით ცენტრს გადასცა ინფორმაცია, რომ მოძრაობა აღდგა და გზა განვაგრძეთ...

ცენტრიდან ახალი ბრძანება მივიღეთ. საბურთალოზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მისასვლელად ხუთი წუთიც არ დაგვჭირდა. "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილების მძღოლები მანქანის შეკეთების ანაზღაურებაზე კამათობდნენ. პატრულმა მძღოლების პირადი მონაცემები შეამოწმა, შეავსო ოქმები და ინფორმაცია ცენტრს გადასცა. გამოძახება არ ჩანდა, მეც დრო ვიხელთე და აკაკის ვთხოვე, თავისი საქმიანობის შესახებ მოეთხრო.

"მძიმედ გასახსენებელი ისტორიები მრავლად მაქვს. 2017 წელს მკვლელობა მოხდა ვაჟაზე, შემთხვევის ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც მომყვა. ძალზე რთულია, როცა მომაკვდავ ადამიანს უყურებ და გიჭირს წარმოდგენა, რისთვის შეიძლება მომხდარიყო ეს ყველაფერი. ახლაც რომ მახსენდება ის უსიცოცხლო თვალები, ჟრუანტელი მივლის...

2015 წელს გახშირდა "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა. თავდამსხმელი ისე "სუფთად" მუშაობდა, მის კვალზე ვერ ვახერხებდით გასვლას. ერთი რამ ვიცოდით - მხოლოდ დილის საათებში ესხმოდა თავს ფილიალებს. ერთ დღეს, როდესაც ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღა, ჩვენი საპატრულოს თანამშრომლებიც იქ აღმოჩნდნენ. გაფრთხილების მიუხედავად, მძარცველი არ გაჩერდა და ცეცხლის გახსნამ მოგვიწია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა და მძარცველიც გავანეიტრალეთ.

რამდენიმე დღის წინ გამოგვიძახა ქალმა, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადახტომას აპირებსო. ოჯახში ქაოსი დაგვხვდა, დედა ტიროდა, კედელთან ჩაკეცილი მამა ხმას არ იღებდა. ქალი გვეხვეწებოდა, შვილი გადამირჩინეთო. დავძაბე გონება და გამოვიყენე ყველანაირი ფსიქოლოგიური თეორია, რაც კი ნასწავლი მქონდა, და საბოლოოდ ახალგაზრდა ფანჯრიდან ჩამოვიყვანეთ"...

საბედნიეროდ, ღამე ისე გაილია, აღარაფერი მომხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მივხვდი, რაოდენ რთულ საქმეს აკეთებენ ჩვენთვის პატრულის თანამშრომლები.

ზურა სოლომნიშვილი