"ბედნიერებაა, რომ ზაზა იყო ჩვენს ცხოვრებაში"
"გარეთ რა ხდებოდა, ვინ რით ცხოვრობდა და რა ბოროტებას სჩადიოდა, ჩვენი საზრუნავი არ იყო. ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ აგვისტოში, როცა ზაზა და მასთან ერთად მისი გუნდიც რაღაც არაგულწრფელსა და ბინძურს გამოერიდნენ. განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. არაჯანსაღ პროცესებში არასდროს ჩაერეოდა..."
რამდენიმე დღის წინ ყველასათვის საყვარელი რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. 53 წლის რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მან კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში დატოვა და ამის შესახებ "ფეისბუკზეც" დაწერა. სოციალურ ქსელშივე მისი გარდაცვალების შემდეგ არაერთი ვერსია დაიწერა, სადაც იუწყებოდნენ, რომ თანამდებობის დატოვებას წინ კონფლიქტური სიტუაცია უძღოდა. ცნობილ რეჟისორზე "კვირის პალიტრას" მისი ახლობლები და კოლეგები ესაუბრებიან.
"დაცარიელებულ, ჩამქრალ კინოს სახლს თავისი კეთილი სული შთაბერა"
ელენე რევიშვილი, კინორეჟისორი:
- კონფლიქტთან დაკავშირებით ზაზას ოჯახის გადაწყვეტილებით ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ. იმ ინფორმაციებით კი, უფრო სწორად - ვერსიებით, რომლებიც სოციალური ქსელით ვრცელდება, ვიღაცები თავის გამოჩენას ცდილობენ. ზოგიერთი, ვინც ამ ვერსიებში დაასახელეს, არც კი მონაწილეობდა ამ ამბებში. ერთი ქალბატონის სტატუსი გავრცელდა, რომელიც ზაზას არც იცნობდა, თანაც - ტყუილი დაწერა. სოსო ჯაჭვლიანს ამ ამბებთან არაფერი აკავშირებს. ვითხოვთ, ოჯახის დაუკითხავად ზაზას პრობლემებზე ლაპარაკის უფლებას თავს ნურავინ მისცემს.
ზაზა დიდი ბავშვივით იყო. ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ვინც ცხოვრებაში მინახავს. სამართლიანი, ღირსეული... მისი შემოქმედებაც ამ ფასეულობებზე იყო აგებული. ზაზა მამაჩემის, გიორგი რევიშვილის მეგობარი იყო. მამა თბილისის ომის დროს გარდაიცვალა და მას შემდეგ ზაზასთან მუდმივად მქონდა ურთიერთობა. თავს მის შვილად ვთვლი. საქმიანად ერთი წლის წინ დავახლოვდით, როცა ზაზა საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. ახალი კადრების მიღება რომ დაიწყო, მეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მივედი და მისი გუნდის წევრი გავხდი, მაგრამ არასდროს მქონია პრივილეგია იმის გამო, რომ ზაზას ახლობელი ვიყავი. აკადემიაში კინოპროექტების მენეჯერად და ზაზას თანაშემწედ ვმუშაობდი. ძალიან დიდი რეფორმა გაატარა - დაცარიელებულ, ჩამქრალ კინოს სახლს თავისი კეთილი სული შთაბერა. ორი კინოდარბაზიც გაკეთდა. დავიწყეთ პროექტების განხორციელება. ძალიან გვეხმარებოდა ზაზას საზღვარგარეთული კონტაქტები და ავტორიტეტი - მოგეხსენებათ, ის ამერიკის კინოაკადემიის წევრი იყო.
- ბოლო დროს ტელეფონის ნომერი გამოცვალა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობაო.
- ზაზას არ სჭირდებოდა ხმაური. ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს. ზაზას ცხოვრების წესი იყო მისი ოჯახი - მეუღლე, შვილები, დედა და კინო.
ამ ეტაპზე თავის სამუშაო გუნდთან ურთიერთობდა - ფილმს ვიღებდით, გარეთ კი რა ხდებოდა, ვინ რით ცხოვრობდა და რა ბოროტებას სჩადიოდა, ჩვენი საზრუნავი არ იყო. ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ აგვისტოში, როცა ზაზა და მასთან ერთად მისი გუნდიც რაღაც არაგულწრფელსა და ბინძურს გამოერიდნენ. განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. არაჯანსაღ პროცესებში არასდროს ჩაერეოდა.
ზაზამ დაამთავრა უკრაინულ-გერმანული ფილმი "ანტონი", რომელიც ებრაელებისა და გერმანელების ოჯახზე მოგვითხრობს და რომლის პრემიერა საქართველოში 2020 წლის აპრილში გაიმართება. ეს ფილმიც ძალიან ჰგავს ზაზას - ურთიერთობებზე, გულწრფელობასა და სიყვარულზეა. ფილმში ასახულია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის პერიოდი. მოქმედება უკრაინის სოფელში ხდება. ფილმს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა მეორე ფილმის დასაწყებად ემზადებოდა და...
ზაზა მასზე სუსტს არასოდეს ზემოდან არ დახედავდა და არასოდეს დაარტყამდა. ყოველთვის იცოდა თავისი შესაძლებლობები და მაქსიმალურად ცდილობდა, ეს შესაძლებლობები თავის ფილმებში გამოეყენებინა. არ უნდოდა, დრო და ენერგია სხვა რამეში დაეხარჯა. მართალია, იყო ნერვიულობა, წყენა, მაგრამ გავიარეთ ეგ ეტაპი და ახლა სულ სხვა ეტაპზე იყო - ანთებული, სიცოცხლით სავსე.
ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა და როგორ, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, როცა ზაზა აღარ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ატკინა და აწყენინა - ამით ხომ მას ვერავინ გაგვიცოცხლებს... ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და როგორი ღირსეულიც იყო, ისე ღირსეულად გავაცილოთ...
"უჭირდა თავისი ტკივილისა და გულგატეხილობის გამხელა"
ლევან კიტია, რეჟისორი:
- მე და ზაზა ერთად ვსწავლობდით თეატრალურ ინსტიტუტში ლანა ღოღობერიძისა და ომარ გვასალიას სახელოსნოში. ჯგუფში უმრავლესობა უკვე უმაღლესდამთავრებული ვიყავით, ზაზა, ბასა ფოცხიშვილი, ზუკა თუთბერიძე და დათო ცინცაძე გვყავდნენ მხოლოდ სკოლიდან მოსულები. ასეთი პატარები იშვიათად აჰყავდათ, მხოლოდ მაშინ, თუ ნიჭიერების ნაპერწკალს დაინახავდნენ მასში. ზაზა თავიდანვე სერიოზულ თემებს ეჭიდებოდა.
კარგად მახსოვს მისი პირველი საკურსო ბაბუამისზე. პატარა ბიჭი იყო, ჯანიანი, ჩასხმული და ნაზ გრძნობებზე შექმნილ ფილმს მისგან არ ველოდით, არადა, ისეთი მგრძნობიარე ფილმი გამოაცხო, გაგვაოცა. მეორე "კატაპლექსია" უფრო შთამბეჭდავი იყო. მოკლედ, ეტყობოდა, რომ უცებ უნდა გაესროლა და გაისროლა კიდეც...
"იმედში" მე და ზაზა ბუაძე "ყავასა და ლუდს" ვიღებდი, ზაზა - "ცხელ ძაღლს", რომლის მეოთხე სეზონი პრემიერ-მინისტრის მკვლელობას ეხება. ფილმში პრემიერ-მინისტრი ქალი იყო, რომელსაც რაღაცების გამო თავიდან იშორებენ. სცენარი, რომელიც კოტე ჯანდიერმა და ნუგზარ შატაიძემ დაწერეს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე დაიწერა, მაგრამ ზაზა გადაღებას ზურას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეუდგა. 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა "იმედში" შემოიჭრნენ, არქივში ამ ფილმს ეძებდნენ, მაგრამ ზაზამ თადარიგი დაიჭირა და ასლი გამოიტანა ტელევიზიიდან. მაშინ, გაუგებრობასა და ალიაქოთში, დაიკარგა ჩვენი ფილმის რამდენიმე სერია.
შარშან ზაზას შვილის, ანა ურუშაძის "საშიში დედა" საქართველომ ოსკარზე გასაგზავნად რომ შეარჩია, ძალიან უხაროდა. ანა სულ სხვაგვარად აზროვნებს და ეს განსაკუთრებულად ახარებდა. რეჟისორების შვილები მამების ჩრდილში თავს მყუდროდ გრძნობენ ხოლმე. ანას ეს არ ახასიათებს, რაც ზაზას დამსახურებაა.
ზაზა საყრდენი იყო - დიდი გულის პატრონი. უზომო სიკეთეს იტევდა. ეტყობა, ეგონა, ტკივილსაც ბევრს დაიტევდა. უჭირდა თავისი ტკივილისა და გულგატეხილობის გამხელა. ძალიან უნდა ჩასძიებოდი, რომ ვიღაცაზე ძვირი ეთქვა. ღირსეული კაცი იყო და ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანებთან.
"ასე მიდიან ის ადამიანები, რომელთაც ბევრი რამ მიაქვთ გულთან"
ოთარ შამათავა, რეჟისორი:
- მე და ზაზა დიდი ხნის წინ დავმეგობრდით და არ იყო ეს ურთიერთობა ჩვენს პროფესიულ საქმიანობასთან მიბმული. მე და ბიძინა ბარათაშვილმა გადავწყვიტეთ, ქართული სერიალების კინოწარმოება გაგვეხსნა და ზაზას და ერეკლე ბადურაშვილს ვთხოვეთ თანამშრომლობა. "ცხელი ძაღლი" ძალიან კარგი სერიალი გამოვიდა.
ასე მიდიან ის ადამიანები, რომელთაც ბევრი რამ მიაქვთ გულთან. გულცივი და გულქვა ადამიანები გულით არ კვდებიან, გულით კვდებიან გულიანი ადამიანები!
"იოლად იტაცებდა ყველა სიხარულს, რომელსაც ცხოვრება სთავაზობდა"
ქეთი ტრაპაიძე, კინომცოდნე: - ქმნიდა იმაზე, რაც გულწრფელად აინტერესებდა, რაც მართლა მიაჩნდა პრობლემად, არ ეხებოდა პოპულისტურ პრობლემებს. ზაზას გულწრფელობით იოლად შეეძლოთ ესარგებლათ ადამიანებს. ზაზასთვის ვიღაცისთვის ანგარიშის გაწევა ბუნებრივი თვისება გახლდათ... ახლა ვხედავ, რამდენ ადამიანს ჰყვარებია. ის მეგობრებისთვის შეუცვლელი იყო. ეხმარებოდა მათ, როგორც შეეძლო, მაგრამ არასდროს ამხელდა ამას, არც იმახსოვრებდა... ის იყო ადამიანი, რომელიც იოლად იტაცებდა ყველა სიხარულს, რომელსაც ცხოვრება სთავაზობდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ეს იყო გადამდები თვისება. გასაოცარი ინტუიცია ჰქონდა, მოვლენათა შორიდან ჭვრეტა შეეძლო. ძალიან მძიმეა, რომ ზაზა წავიდა, მაგრამ ბედნიერებაა, რომ ის იყო ჩვენს ცხოვრებაში.