ავღანეთში მსხვერპლს გადავურჩით...
ბაგრამის საჰაერო ბაზაზე თალიბების მორიგი თავდასხმისას ხუთი ქართველი სამხედრო, საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა
11 დეკემბერს ავღანეთში, ბაგრამის საჰაერო ბაზასთან, თალიბებმა უკვე მერამდენე ტერორისტული აქტი განახორციელეს ჩვეული ხელწერით - ადგილობრივი დროით დილის 6 სთ-ზე ბაზის შესასვლელთან, იქვე მშენებარე "კორეულ კლინიკასთან", დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგ "თალიბანის" რამდენიმე მებრძოლმა სროლით სცადა ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა.
ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 80-მდე დაიჭრა; ასევე დაშავდნენ კოალიციის სამხედროები, მათ შორის - ხუთი ქართველიც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრამის სამხედრო ბაზის სწრაფი რეაგირების ქართული ჯგუფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალები გოჩა მურადაშვილი, სოსო კვინიკაძე, რომან გიუნაშვილი, უფროსი სერჟანტი დავით ბახურაული და რიგითი ილია თაყაძე, საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ, არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და განაგრძეს ბაზის დაცვა. ამჯერად გაგვიმართლა, რადგან ავღანეთში ანალოგიური სქემით განხორციელებული ტერაქტებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთი სამხედრო დაგვეღუპა, ასობით კი დაიჭრა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ 2015 წლის ივნისში თავდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას საქართველოს შეიარაღებული ძალების 29 სამხედრო დაიღუპა, 274 კი დაიჭრა. ყველაზე მძიმე ქართული არმიისთვის 2013 წელი იყო, როცა ავღანეთში ტერაქტების შედეგად 10 მებრძოლი დაგვეღუპა, 137 კი დაიჭრა.
ამ მონაცემების გამოთხოვნიდან 4,5 წლის შემდეგ ავღანეთში ქართველი სამხედროების დანაკარგი, სამწუხაროდ, კვლავ გაიზარდა - დაიღუპა კიდევ სამი ჩვენი სამხედრო, დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.
საინტერესო ის გახლავთ, რომ 28 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი Dდონალდ ტრამპი მოულოდნელად ავღანეთში, სწორედ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდა ამერიკელი სამხედროებისთვის მადლიერების დღის მისალოცად. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და 13-ათასიანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ორი ათასი კაცით შემცირებაც გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს, თალიბები მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ მათი სამშობლოს ტერიტორიაზე იარაღით ხელში ერთი უცხოელი სამხედრო მაინც დარჩება.