WADA-ში გადატეხილი რუსული სპორტი - კვირის პალიტრა

WADA-ში გადატეხილი რუსული სპორტი

უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთი ოლიმპიური აღარ იქნება. მხოლოდ იური დარჩებათ...

ათწლეულებია, რუსი სპორტსმენები ლამის ვარჯიშზე მეტ ყურადღებას უთმობენ WADA-სთან (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) "დამალობანას" თამაშს. არაერთხელ დაემალნენ, ბევრი "დაასტუკეს" კიდეც, ხმაურიანი და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც ბევრი გვინახავს, მაგრამ ამჯერად საქმე გაცილებით სერიოზულად არის.

ამჯერად, რუსული სპორტისა და სპორტული მედიცინის მესვეურებს "ხმალი" და "შპრიცი" ერთდროულად გადაუტყდათ "ვადაში":

რუს სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალათ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთი ვერ უმასპინძლებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს და მათზე ვერც განაცხადს გააკეთებს.

რაც შეეხება რუს სპორტსმენებს, სპეციალური შემოწმების შემდეგ მათ ტურნირებში მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით შეეძლებათ, დროშისა და ჰიმნის გარეშე!

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში სპორტსმენების მონაცემებს მალავდნენ და აყალბებდნენ!

დასასრულის დასაწყისი

2016 წელს გამოქვეყნდა WADA-ს კომისიის ხელმძღვანელის რიჩარდ მაკლარენის ანგარიში რუსულ სპორტში დოპინგთან დაკავშირებული მაქინაციების შესახებ. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მოსკოვის დოპინგსაწინააღმდეგო ლაბორატორიის ყოფილი თავკაცის, გრიგორი როდჩენკოვის ჩვენება. როდჩენკოვის (რომელმაც თავი აშშ-ს შეაფარა) თქმით, რუსეთში არსებობს დოპინგის მიმღები სპორტსმენების შარდის ნიმუშების განადგურებისა და შეცვლის სახელმწიფო პროგრამა! მაკლარენის ანგარიშში ნათქვამია, რომ გაყალბების საქმეში ფიგურირებდა ათასზე მეტი რუსი სპორტსმენი, მათ შორის "სოჭი-2014"-ის 12 მედალოსანი, სინჯების შეცვლასა და დაფარვას კი ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრო ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) აქტიური მონაწილეობით.

მაკლარენის ანგარიშის შედეგად რუსმა სპორტსმენებმა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშით შეძლეს. გარდა ამისა, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის 13 მედალოსანს ჯილდოები ჩამოართვეს, არაერთი სპორტსმენი კი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მათ შორის, ზოგიერთი სამუდამოდაც.

გაგრძელება

2019 წლის იანვარში რუსეთმა WADA-ს გადასცა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა, რომელიც სპორტსმენთა სინჯების შედეგებს ასახავდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა რუსი სპორტსმენებისთვის ბრალდება მოეხსნათ და აღედგინათ მათთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება. "აღდგენას" ვინ ჩივის, რუსეთი უარეს დღეში ჩავარდა - მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტების დასკვნით, მონაცემთა ბაზაში შესულია არასანქცირებული ცვლილებები, ბაზაში წაშლილია ათასობით ჩანაწერი, თანაც ეს გრძელდებოდა 2019 წლის დამდეგამდე, ანუ იმ მომენტამდე, როცა მონაცემთა ბაზა WADA-ს გადაეცა...

სანქციები

მთავარ სასჯელზე უკვე ვთქვით: რუს სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა. ამავე პერიოდში რუსეთი ვერ უმასპინძლებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს და მათზე ვერც განაცხადს გააკეთებს, ჯარიმად კი 5 მილიონი დოლარის გადახდაც მოუწევს.

რუსეთის სპორტის ჩინოვნიკებს (მათ შორის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს) ეკრძალებათ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრება, რუსეთის წარმომადგენლები გარიცხული იქნებიან საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელობიდან, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო კი აკრედიტაციის გარეშე დატოვეს, რაც ნიშნავს, რომ სააგენტო ვეღარ შეძლებს სპორტსმენების დოპინგზე შემოწმებას. სწორედ ამის გამო ხდება შეუძლებელი რუსეთში საერთაშორისო ღონისძიებების გამართვა.

სად ვერ წავლენ რუსები

უპირველესად, ზაფხულის "ტოკიო 2020"-ისა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, რუსი ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ (თუ გავიდნენ) კატარში გასამართ 2022 წლის მუნდიალზე. რუსეთი ვეღარ უმასპინძლებს 2023 წლის უნივერსიადას, რომელიც ეკატერინბურგში უნდა გამართულიყო, ასევე, 2022 წლის ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. სამაგიეროდ, აკრძალვა არ შეეხო ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომლის რამდენიმე მატჩიც სანქტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს.

სად წავლენ და ვინ?

მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც არ ფიგურირებენ დოპინგსკანდალში და ვისთანაც კითხვები არა აქვთ; მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური დროშით, მათ საასპარეზო ფორმაში კი რუსეთის დროშის ფერების გამოყენებაც აკრძალულია; დაჯილდოების ცერემონიალისას არ აჟღერდება რუსეთის ჰიმნი; გარდა ამისა, 2018 წლის ოლიმპიადისგან განსხვავებით, ამჯერად აიკრძალება სიტყვათშეთანხმების "ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან" გამოყენებაც. ეს დაშვებები არ შეეხება საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს, რადგან ფიფას წესებით, მუნდიალზე აკრძალულია"ნეიტრალური" გუნდებისა და სპორტსმენების მონაწილეობა.

რუსი სპორტსმენებისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ალტერნატიული გზაა მოქალაქეობის შეცვლა და სხვა ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობა.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი მსოფლიო ანტიდოპინგური ასოციაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს (21-დღიანი ვადაა WADA-ს სასჯელის გასაჩივრებისთვის), თუმცა აღიარებენ, რომ დისკვალიფიკაციის გაუქმება/შეცვლის ალბათობა მიზერულია...

მოკლედ, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთი "ოლიმპიური" აღარ იქნება, მხოლოდ იური დარჩება...

P.S. რუსებს სინჯარა, კონტეინერი და კისერი უტეხიათ, ჩვენ ჩვენი გაჭირვებისა (სპორტისაც!) ვიკითხოთო?! მართალია, მაგრამ გასულ კვირას მომხდარი იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი ამბავია, გვერდს ვერაფრით ავუვლიდით.

დისკვალიფიკაციების ისტორია

რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია პირველი არ ყოფილა (არც ამ ქვეყნის და არც მსოფლიო სპორტის ისტორიაში), ამიტომაც გავიხსენოთ ეროვნული ნაკრებების ყველაზე გამორჩეული დასჯის ამბები:

ყველაზე ძველი

ოლიმპიური თამაშებიდან ნაკრების სრული შემადგენლობით მოკვეთა იშვიათი ამბავია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასეთი ვეტო მხოლოდ რამდენჯერმე იქნა დადებული. პირველი შემთხვევა კი, რაც ისტორიამ შემოგვინახა, 90-ე ოლიმპიადაზე მოხდა, ძვ. წ. 420 წელს: მაშინ ოლიმპიადას სპარტელები ჩამოაშორეს- მათ დაარღვიეს კანონი, რომელიც ოლიმპიური თამაშების დროს საომარ მანევრებს კრძალავდა.

თავდაპირველად სპარტა მხოლოდ დააჯარიმეს, დისკვალიფიკაცია კი მხოლოდ მას შემდეგ იქნა გამოყენებული, რაც დამნაშავეებმა უარი განაცხადეს ჯარიმის გადახდაზე. ისტორიამ დამნაშავის სახელიც შემოგვინახა: სპარტელმა ლიხასმა არად ჩააგდო აკრძალვა და გაიმარჯვა კიდეც ეტლების რბოლაში, თუმცა, როცა მისი წარმომავლობა გაირკვა, შედეგი გააუქმეს.

ყველაზე ხანგრძლივი

ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის გადატანა ორ აფრიკულ ქვეყანას მოუხდა: სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეს. სოკ-მა (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) სამხრეთი აფრიკა 1962 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთა აპარტეიდთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუციის შემდეგ. ოლიმპიურ ასპარეზს ქვეყანა მხოლოდ 28-წლიანი ლოდინის შემდეგ, 1992 წელს დაუბრუნდა. რაც შეეხება ზიმბაბვეს (მაშინდელი როდეზია), ის ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მცდელობისთვის დაისაჯა. ზიმბაბველებისთვის ოლიმპიადის კარი 1972 წელს, ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ დაიხურა. სასჯელი გაგრძელდა 1980 წლამდე, როცა ლონდონმა ზიმბაბვეს დამოუკიდებლობა აღიარა.

ყველაზე წარმომადგენლობითი

ინდოეთს წილად ხვდა "პატივი", გამხდარიყო ყველაზე დიდი სახელმწიფო, ვინც კი ოდესმე მოუკვეთიათ ოლიმპიური თამაშებიდან. სოკ-მა ინდოეთის ოლიმპიურ კომიტეტს წევრობა შეუჩერა 2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც კომიტეტის საარჩევნო პროცესში სახელმწიფოს ჩარევა დადასტურდა. თუმცა ინდოელმა სპორტსმენებმა მაინც შეძლეს ოლიმპიადაზე ასპარეზობა დამოუკიდებელი ათლეტების სტატუსით.

ოლიმპიური ქვეყნის სტატუსი მილიარდიანმა ინდოეთმა 2014 წლის თებერვალში, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს დაიბრუნა.