"როგორ დავკარგეთ ლუკმაპური სახელმწიფოს "დახმარებით"
"როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტექნიკით გვეწვია, მაშინვე მივხვდით, რომ ხეირი არ დაგვადგებოდა - უზარმაზარი "კოვშიანი" ტრაქტორი გამოგვიგზავნეს და გვითხრეს, - რა ჯებირი, რის ჯებირი, ჩვენ მდინარის კალაპოტის გასაწმენდად მოვედითო. მათ ნაპირები მიანგრ-მოანგრიეს, უზარმაზარი რაოდენობის ქვიშა ამოიღეს და ამოთხრილი ქვიშით მდინარის შუაგულში უშველებელი კუნძული აღმართეს"
ეს ამბავი იმაზეა, როგორ დააკარგვინა გლეხებს ოზურგეთის სოფელ ლიხაურში სახელმწიფოს "ზრუნვამ" ლუკმაპური. ამის შესახებ ლიხაურიდან ილია დონაძემ და მისმა მეზობლებმა მოგვწერეს - სულ 22-მა კაცმა.
- ლიხაური მდიდარი სოფელია, ოღონდაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს ნაშრომს სახელმწიფო არ გაუნადგურებს. მოკლედ, აქ მდინარე აჭისწყლიდან სოფელს უძველესი დროიდან ჰქონდა 3 შენაკადი გადმოყვანილი. მათ ხალხი წისქვილების ასამუშავებლად, საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად, ბოლო დროს კი თევზის მოსაშენებელი აუზების მოსაწყობადაც იყენებდა. ერთი რუ ჩვენს უბანშიც მოდიოდა და 22 ოჯახი ბაღ-ბოსტნებს ვრწყავდით, გარდა ამისა, რუზე 7 წყლის წისქვილი და 6 თევზის აუზი გვქონდა გამართული. ამ დრომდე პრობლემა არ გვქონია, რომ არა მდინარე აჭისწყლის ბოლოდროინდელი ადიდება, რის გამოც ჯებირის აშენება გახდა საჭირო. ჩვენც არაერთხელ მივმართეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თუმცა, პასუხს ვერ ვეღირსეთ, სამაგიეროდ, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტექნიკით გვეწვია, მაშინვე მივხვდით, რომ ხეირი არ დაგვადგებოდა - უზარმაზარი "კოვშიანი" ტრაქტორი გამოგვიგზავნეს და გვითხრეს, - რა ჯებირი, რის ჯებირი. ჩვენ მდინარის კალაპოტის გასაწმენდად მოვედითო. არადა, თუნდაც ამ შემთხვევაში ამ ადგილას შედარებით მცირე ზომის ტექნიკას უნდა ემუშავა, რასაც ინჟინერიაში ელემენტარულად გათვითცნობიერებული ადამიანიც მიხვდებოდა. მათ ნაპირები მიანგრ-მოანგრიეს, უზარმაზარი რაოდენობის ქვიშა ამოიღეს და ამოთხრილი ქვიშით მდინარის შუაგულში უშველებელი კუნძული აღმართეს. მოკლედ, მათ შესაჩერებლად ოზურგეთის მერიის ჩარევა დაგვჭირდა, თორემ შეცვლილი კალაპოტის გამო "აშვებულ" მდინარეს დღეს ყველანი წაღებულები ვეყოლებოდით, კომპანიამ კი ქუდი დაიხურა და წავიდა.
- კუნძული რაში დასჭირდათ? - ვერ გეტყვით, ალბათ, წყლის დარტყმის ძალის ასაშორებლად. იმას კი არ დაუფიქრდნენ, რომ ხელოვნურად შეცვლილი კალაპოტი უარესს დაგვმართებდა. ერთი სიტყვით, კუნძულის აღმართვასა და სანაპიროს გადათხრას ჩვენი უბნის რუსა და მასთან ერთად თევზის აუზების დაშრობა მოჰყვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ დახოცილი თევზების ცქერა გაუხეთქავდა გულს ადამიანს. წისქვილებიც გაჩერდა. ასე დავკარგეთ ლუკმაპური სახელმწიფოს "დახმარებით". ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მდინარის კალაპოტის ხელოვნური შეცვლით აჭისწყლის ადიდება უფრო მეტად არის მოსალოდნელი. აბა, რა იქნება, მდინარეს ჯებირი სჭირდებოდა, კომპანიამ კი ვითომ გაწმენდით მდინარე ძველი კალაპოტიდან ამოაგდო.
- სამინისტროს არ მიმართეთ? - ბევრჯერ, მაგრამ ვინ გვპასუხობს! თუმცა, რა უნდა გვიკვირდეს, როცა სახელმწიფო მოხელეების უმეტესობისთვის საკუთარი კეთილდღეობაა მთავარი და არა ხალხისა, - გვითხრა ბატონმა ილია დონაძემ და დახმარებაც გვთხოვა.
ჩვენ დავუკავშირდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ პერიოდში მდინარე აჭისწყალზე მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების გამო რუს დაშრობა და მოსახლეობისთვის საარსებო მცირე ბიზნესის განადგურება შეუძლებელი იყო. თუმცაღა, როდესაც საქმის არსი მათ კიდევ უფრო დეტალურად გავაცანით, გვითხრეს, რომ ვერ შემოგვედავებიან და მართლაც ყველაფერი შესაძლებელია მომხდარიყო, პრობლემის მოსაგვარებლად კი ლიხაურელებმა ისევ უნდა მიმართონ სამინისტროს, სადაც საკითხზე დეტალურად იმსჯელებენ და შესაბამისად, დახმარების გზასაც გამონახავენ.